ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალში ჟურნალისტს სცემეს


ცხინვალში ჟურნალისტს სცემეს
ცხინვალში ჟურნალისტს სცემეს

11–16 ივლისს ჰოლანდიაში, ქალაქ ლეიდენში ქართულ–ოსური შეხვედრა გაიმართა, სადაც ცხინვალში მცხოვრები 10 ადამიანი მათ შორის, თემურ ცხოვრებოვი მონაწილეობდა.

ცხინვალში მცხოვრები ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი სასტიკადაა ნაცემი. მას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. ინციდენტი ცხინვალის ცენტრში 24 ივლისს მოხდა. გაზეთ „ოცდამეერთე საუკუნის“ დამფუძნებელსა და რედაქტორს თემურ ცხოვრებოვს ფიზიკურად დე–ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრები გაუწორდნენ. მათგან ორი, კაზიმირ პლიევი და დიმიტრი ვანიევი „სახალხო პარტიის“ წევრები არიან. ხასიევი კი კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. თავად დაზარალებული აცხადებს, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს და განზრახული აქვს ოფიციალური პირების კრიმინალი გამოააშკარაოს.

11–16 ივლისს ჰოლანდიაში, ქალაქ ლეიდენში ქართულ–ოსური შეხვედრა გაიმართა, სადაც 10 ცხინვალში მცხოვრები ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, თემურ ცხოვრებოვი. მეგი ბიბილური საზოგადოებრივი კავშირის „მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, რომლის დახმარებითაც ჰოლანდიაში ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის შეხვედრა შედგა. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი ტექსტი შეიმუშავეს, რითაც ჟენევის დისკუსიაში ჩართულ მხარეებს მიმართეს. მეგი ბიბილური აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა დგას. იგი 2006 წლიდან ამ საქმიანობაშია ჩაბმული. ომამდე მათი ოფისი სოფელ ფხვენისში იყო განთავსებული, ომის შემდეგ კი გორში გადმოვიდნენ. „ქართლოსის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად შეძლო ნდობის მოპოვება კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა თვალში. სწორედ ამ ნდობის ხარჯზე მოხერხდა ცხინვალში მცხოვრები ადამიანების წაყვანა ჰოლანდიაში. შეხვედრიდან დაბრუნებულ ადამიანებს დე–ფაქტო რესპუბლიკის რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითებში ბორის ჩოჩიევმა მოღალატეები უწოდა და განაცხადა: „ჩემთვის ცნობილია, რომ ჰოლანდიაში მიმდინარე ფორუმის ერთ–ერთი მონაწილე თემურ ცხოვრებოვი სამხრეთ ოსეთში აგროვებდა ხელმოწერებს იმის თაობაზე, რომ საქართველო სამხრეთ–ოსეთის საზღვარი ადმინისტრაციულია და უნდა გაიხსნასო. ვიცნობ თემურს და ამის არ მჯეროდა, მაგრამ ვკითხულობდი ტექსტს და ეს არცთუ ისე შეუძლებლად მომეჩვენა. ეს უბრალოდ სირცხვილია... როგორ მოხვდნენ ისინი იქ, ამ საკითხით შესაბამისი ორგანოები უნდა დაკავდნენ. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება იქ წავიდეს, სადაც სურს, მაგრამ არ არის საჭირო მოღალატეობრივი განცხადებების გაკეთება. მიმაჩნია, რომ ეს არის სილა, რომელიც ყველა ოსს გააწნეს,“– განაცხადა ბორის ჩოჩიევმა პრესკონფერენციაზე.

მეგი ბიბილური აცხადებს, რომ შეხვედრის მონაწილეები ოსური მხრიდან, ყველა, როგორც ერთი, სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის იდეას იზიარებდა, ამდენად, მისთვის გაურკვეველია, როგორ შეიძლება ამ ადამიანებისთვის მოღალატეობა დაებრალებინათ. მისი თქმითვე, თემურ ცხოვრებოვი დე–ფაქტო რესპუბლიკიდან ჰოლანდიაში მყოფ მოქალაქეებს შორის ყველაზე აქტიური იყო.

გოგა აფციაური, რადიო თავისუფლების კორესპონტდენტი გორიდან, რომელიც პირადად კარგად იცნობს თემურ ცხოვრებოვს, აცხადებს, რომ იგი, ამავდროულად, ცხინვალში ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელიცაა, რაც დე–ფაქტო ადმინისტრაციის გაღიზიანებისთვის დამატებით ფაქტორს წარმოადგენს. მისი თქმით, რთულ მდგომარეობაში იმყოფება მარია პლიევაც, კიდევ ერთი ჟურნალისტი ცხინვალიდან, რომელიც ასევე იღებდა მონაწილეობას ჰოლანდიაში გამართულ შეხვედრაზე. „მარია პლიევას ახლა სახლიდან გამოსვლის ეშინია“,– ამბობს გოგა აფციაური.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი გორში საბა წიწიკაშვილი ამბობს, რომ დე–ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებულ ნაბიჯებს მხოლოდ პოლიტკური ანგარიშსწორება შეიძლება ეწოდოს.

XS
SM
MD
LG