ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამი მილის კუნძულიდან ფუკუშიმამდე


სამი მილის კუნძულიდან ფუკუშიმამდე
სამი მილის კუნძულიდან ფუკუშიმამდე

ორი კატასტროფის მსგავსება და განსხვავება

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ წარმოქმნილმა ბირთვული კატასტროფის საფრთხემ მსოფლიოს 31 წლის წინ შეერთებულ შტატებში სამი მილის კუნძულზე მომხდარი ავარია გაახსენა. მეცნიერები და მედიასაშუალებები ფუკუშიმას და სამი მილის კუნძულის ტრაგედიების მსგავსებებზე და განსხვავებაზე ალაპარაკდნენ. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი გარი ტომასი არკვევდა.

1979 წლის 28 მარტს პენსილვანიაში სამი მილის კუნძულზე მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე ორი ბირთვული რეაქტორის სარქველი დაზიანდა. ეს მსოფლიოში კომერციული დანიშნულების ატომური ელექტროსადგურის ავარიის პირველი შემთხვევა იყო. შეერთებული შტატების ბირთვული რეგულირების კომისიამ მომხდარში ტექნიკური გაუმართაობა და მომსახურე პერსონალი დადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ ავარიის შედეგად არც სადგურში და არც ახლომდებარე დასახლებებში არავინ დაღუპულა.

მიუხედავად ამისა, ეს შეერთებული შტატებისთვის უაღრესად რთული პერიოდი იყო, რადგანაც ქვეყანა ასეთი რისკის წინაშე მანამდე არასდროს დამდგარა. ავარიის შესახებ ცნობები ექვსი დღის მანძილზე ვრცელდებოდა. საზოგადოებაში მღელვარება მატულობდა. რიჩარდ ტორნბარი იმ დროს პენსილვანიის გუბერნატორი იყო. მან ავარიის დროს დახმარებისთვის ვაშინგტონს მიმართა, რის შედეგადაც მის საშველად ბირთვული რეგულირების კომისიის ინჟინერთა ჯგუფი გაიგზავნა.

„ეს ძალიან რთული და დაძაბული დრო იყო, რომელიც 1979 წლის 30 მარტამდე გაგრძელდა. ამ დღეს პრეზიდენტმა კარტერმა ჩვენს დასახმარებლად ინჟინერი ჰაროლდ დენტონი გამოგზავნა. ის ჩვენთვის იმედის უმთავრესი წყარო გახდა, რამაც ვითარება შეცვალა,“ - იხსენებს პენსილვანიის ყოფილი გუბერნატორი.

საზოგადოების აღშფოთების მიზეზი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელება გახდა. დენტონი კი მშვიდად და დამაჯერებლად გადმოსცემდა ზუსტ ინფორმაციას. ის ამჟამად 79 წლისაა და კომისიაში უკვე აღარ მუშაობს.

დენტონი აცხადებს, რომ მას ხელისუფლებისგან ქონდა რწმუნება საზოგადოების წინაშე მომხდარი კატასტროფის შესახებ გულწრფელად ესაუბრა.

„მე მართლაც უნიკალური როლი დამეკისრა. ამაში მხარს მიჭერდნენ პრეზიდენტი კარტერი და გუბერნატორი ტორნბარი. მე მქონდა მათგან რწმუნება, რომ მომხდარის შესახებ ყოველდღე მომეხსენებინა საზოგადოებისთვის. მეც ინფორმაციას გადავცემდი ისე, როგორც იყო სინამდვილეში. მე იქ დროულად ჩავედი, რადგან სადგურის მმართველ კომპანიას საზოგადოებაში ნდობა დაკარგული ქონდა,“ - აცხადებს დენტონი.

ფუკუშიმას სადგრისგან განსხვავებით, სამი მილის კუნძულიზე ავარია არც მიწისძვრას გამოუწვევია და არც ცუნამს. დენტონი ამბობს, რომ ფუკუშიმას რეაქტორები მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და რადიაციის დონეც უფრო მეტია, ვიდრე ეს სამი მილის კუძულზე იყო. დენტონის თქმით, სამი მილის კუნძულის რეაქტორებზე ფუკუშიმასგან განსხვაებით, ენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა.

ყოფილი გუბერანტორის ტორნბარის განცხადებით კი, სამი მილის კუნძულის და ფუკუშიმას რეაქტორების წინაშე მდგარი ტექნიკური პრობლემები, თითქმის ერთნაირია.

დენტონის თქმით, ფუკუშიმას ტრაგედია გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ამერიკაში იყო, თუმცა ჩერნობილის კატასტროფის მასშტაბებზე ნაკლებია. საერთო კი ის, არის რომ ორივე შემთხვევაში საზოგადოების ნდობა უსაფრთხო ბირთვული ენერგიისადმი უკვე დაკარგულია.

XS
SM
MD
LG