ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსმა ახლახანს პირობა დადო, რომ ყველა ზომებს იხმარს, რათა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში არეულობის მორიგი ტალღა თავიდან აიცილოს.
თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ეს რთული იქნება, რადგან თავად ქვეყნის მთავრობის სტაბილურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პოლ ქუინ ჯუდი, კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის წარმომადგენელი ქალაქ ოშში, ამბობს, რომ პოლიცია ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს:
“არსებობს ინფორმაცია, რომ ქვეყნის იმ უბნებში, რომლებიც უზბეკებით არის დასახლებული, მდგომარეობა ძალიან დაძაბულია, პოლიცია უზბეკების სახლებში რეიდებს აწყობს, ხალხი მიყავს, ხშირად უმიზეზოდ აპატიმრებს და ოჯახებს მათ გასათავისუფლებლად გამოსასყიდს თხოვს.”
ქუინ ჯუდის თქმით, მღელვარებას არ ფარავს თავად ყირგიზი ხალხი, რადგან მათ ძალადობის მორიგი ტალღის შიში აქვთ.
მთავრობის განცხადებით, გასულ თვეს ყირგიზ და უზბეკ ხალს შორის დაპირისპირების შედეგად 300 მდე ადამიანი დაიღუპა. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 2000-მდე იყოს. კონფლიქტის შედეგად სამხრეთის ქალაქები ოში და ჯალალაბადი 400.000-მა უზბეკმა დატოვა. მოგვიანებით, მათი უმრავლესობა უკან დაბრუნდა.
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპარლამენტი ძალადობის დამოუკიდებელ, გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რობერტ ბლეიკის თქმით, საერთაშორისო გუნდს შესაძლოა ამგვარი საქმეების გამოძიების მეტი გამოცდილება და ავტორიტეტი ჰქონდეს, ვიდრე ყირგიზეთის საგამოძიებო სტრუქტურებს.
“ეს ფაქტი თავად უზბეკ მოსახლეობას მეტ ნდობას მიანიჭებს, როგორც თქვენ იცით, ხალხი ახლა ძალიან აღელვებულია და უსამართლო დაპატიმრებების შემდეგ მთავრობის მხრიდან შერიგების მცდელობას სკეპტიკურად უყურებს.”
მიუხედავად ამ შეშფოთებებისა, ბლეიკს ჯერა, რომ ყირგიზეთის დროებითი პრეზიდნეტი როზა ოტუმბაევა ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნების სურვილით მოქმედებს.
“კვლავ არის მცდელობები, რომ ქვეყანამ ეროვნული კომისია შექმნას, რომელიც საერთაშორისო კომისიასთან ითანამშრომლებს. თუმცა ამის შესახებ მზადყოფნა მათ თავად უნდა დააფიქსირონ.”
ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, ყირგიზეთის მთავრობამ ევროპის უმაღლეს უშიშროების სტრუქტურას საერთაშორისო კომისიის შექმნაში დახმარების თხოვნით მიმართა.
ქუინ-ჯუდი, კრიზისის საერთაშორისო ჯგუფიდან, ამბობს, რომ გამოძიება, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რათა საჭირო სამხილები შეგროვდეს.
“შესაძლებლობების ფანჯარა შესაძლოა მალე დაიხუროს. ხალხი შესაძლოა დაფრთხეს. ისინი ტრავმირებულები არიან. ხალხის მახსოვრობაში ფაქტები დავიწყებას მიეცემა და ეს ბუნებრივი მოვლენაა. აუცილებელია, რომ სერიოზულმა ხალხმა ამ საკითხს სწრაფად მიხედოს.”
მაგრამ მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოძიება ჩატარდება, სანამ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არეულობაში იქნებიან ჩართულები, ყირგიზეთის სამხრეთში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება მაინც რთული იქნება.