ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების მთავრობა ავღანეთის ჩიხიდან გამოსავალს ეძებს


შეერთებული შტატების მთავრობა ავღანეთის ჩიხიდან გამოსავალს ეძებს

პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთში მთავარსარდალი გენერალ სტენლი მაკრისტალი თანამდებობიდან გადააყენა.

პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთში მთავარსარდლის თანამდებობაზე გენერალ სტენლი მაკრისტალის ნაცვლად გენერალი დევიდ პეტრეუსი დანიშნა.

მაკრისტალმა ავღანეთში მხოლოდ ერთი წელი გაძლო. ბარაქ ობამამ ავღანეთში საერთაშორისო ძალების ხელმძღვანელობა სწორედ მის ყოფილ უფროსს გადააბარა.

მაშინ როდესაც ავღანეთში ომის მეცხრე წელი იწურება, მოელიან, რომ სენატი სწრაფად დაამტკიცებს პრეზიდენტის ამ ახალ კანდიდატურას.

უკანასკნელი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც ომის დროს მთავარსარდალი შეცვალა - ჰარი ტრუმენი იყო. 1951 წელს მან გენერალი დუგლას მაკარტური კორეის ომის ხელმძღვანელობას ჩამოაშორა, თუმცა მაშინ ეს ცვლილება მათ შორის არსებულმა პოლიტიკურმა უთანხმოებამ გამოიწვია.

გენერალმა მაკრისტალმა თანამდებობა ჟურნალ "როლინგ სტოუნზის" კორესპონედნტის თანადასწრებით გამოჩენილი გულახდილობისათვის დაკარგა. გენერალი და მისი შტაბის წევრები უპატივცემულოდ მოიხსენებდნენ ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს. ამის გამო მაკრისტალი სასწრაფოდ დაიბარეს თეთრ სახლში ახსნა განმარტებების მისაცემად.

ბარაქ ობამას განცხადებით:

“ მე მივესალმები დებატებს ჩვენს გუნდში, მაგრამ არ დავუშვებ განხეთქილებას.“

პრეზიდენტმა ობამამ ამავე დროს სინანული გამოხატა ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო ჯარისკაცის გადადგომის გამო, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ვალდებული იყო ამგვარი ნაბიჯი გადაედგა.

მისი თქმით:

“ სტატიაში გამოთქმული აზრები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც ამერიკელ გენერალს შეეფერება. ეს ძირს უთხრის დემოკრატიის სისტემის საფუძვლებს, რომელიც სამოქალაქო ხელისუფლების მიერ სამხედროების კონტროლს ითვალისწინებს.“

პრეზიდენტის თქმით, ეს გადაადგილება არ გამოიწვევს შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილებას ავღანეთში. ბარაქ ობამას განცხადებით, გენერალი პეტრეუსი იზიარებს ამ სტრატეგიას, რადგან მისი ერთ-ერთი შემოქმედი თავად გახლავთ.

გენერალი დევიდ პეტრეუსი ცნობილია, როგორც ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. სამხედრო ექსპერტები დადებითად აფასებენ მის ანტიპარტიზანულ სტრატეგიას ერაყში, რომელმაც წარმატებით იმუშავა 2007-2008 წლების განმავლობაში.

ავღანეთში ამერიკის პოლიტიკა დასახლებული პუნქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს და ხშირად, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის მაქსიმალურ გაფრთხილებასთან ერთად, თავად კოალიციური ჯარიკაცების რისკის ფასადაც კი.

გასულ თვეს გენერალმა პეტრეუსმა ასე შეაფასა მდგომარეობა:

“ ერაყის მსგავსად ავღანეთშიც სავალალო მდგომარეობაა. სიტუაცია მძიმეა და შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს ვიდრე მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება.“

გენერალი მაკრისტალი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ამერიკელ მაღალჩინოსანთა შორის, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან. მაგრამ მან ვერაფრით გამონახა საერთო ენა ავღანეთში ამერიკის ელჩთან კარლ აიკენბერისთან, რომელიც ელჩად დანიშვნამდე ავღანეთში მებრძოლი გენერალი იყო.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით:

“ ჩვენ უნდა შევაჩეროთ თალიბანის წინსვლა. უნდა გავაძლიეროთ თავად ავღანელთა შესაძლებლობები და ალ-ყაიდას ხელმძღვანელობას არ მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება.“

შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელის ადმირალ მაიკ მალენის განცხადებით, ვაშინგტონს ამ წლის ბოლომდე ეცოდინება, თუ როგორ მუშაობს ავღანეთში მისი ახალი სტრატეგია.

მისი თქმით ,თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მაშინ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პირველი ეტაპი მომავალი წლის ივლისში დაიწყება, მაგრამ პარტიზანების მიერ გახშირებული თავდასხმები ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ამერიკამ დამატებით 30 000 ჯარისკაცი გააგზავნა ავღანეთში, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა მაინც ვერ მოიპოვა, ივნისი კი ინტერნაციონალური ძალებისთვის ყველაზე დიდი მსხვერპლით გამოირჩეოდა.

ავღანეთში ჯერ კიდევ უამრავი გადაუჭრელი პრობლემა არსებობს ,დაწყებული ამერიკის მოკავშირე ჰამიდ კარზაის მთავრობაში გამეფებული კორუფციით ,დამთავრებული თავად ავღანელთა შეიარაღებული ძალების სისუსტით, რომლებსაც ჯერ ჯერობით ვერაფერს შველიან უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორები.

XS
SM
MD
LG