ინდოეთში მატარებლის ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-ს მიუახლოვდა და ინდოეთის მთავრობამ ავარია მაოისტ მემაბოხეებს დააბრალა.
დღეს ინდოეთის სამაშველო სამსახურებმა ლიანდაგიდან გადასულ სამგზავრო მატარებლში რამდენიმე დაღუპული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. პარასკევს მომხდარი ავარიის დროს სამგზავრო მატარებელს სატვირთო მატარებელი დაეჯახა და ის ლიანდაგიდან გადავიდა.
ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა.
როგორც ცნობილია, ექსპრეს მატარებელი პარასკევს დილით ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე, ქალაქ კოლკატიდან დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ მუმბაის მიმართულებით მიდიოდა, როცა ის ლიანდაგიდან გადავიდა დასავლეთ ბენგალის შტატის შორეულ პროვინციაში.
ინდოეთის ოფიციალურმა პირებმა საბოტაჟის ორგანიზებაში მაოისტი მეამბოხეები დაადანაშაულეს. უნდა აღინიშნოს, რომ მაოისტი მეამბოხეები გამაგრებულები არიან დასავლეთ ბენგალის შტატის ტერიტორიაზე.
ინდოეთის სარკინიგზო სამსახურის ოფიციალურმა პირებმა გააუქმეს ღამის მატარებლები ყველა იმ რეგიონში სადაც მაოისტი მეამბოხეები მოქმედებენ.