ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელები საერთაშორისო მხარდაჭერას ელიან


სირიელები საერთაშორისო მხარდაჭერას ელიან

ქვეყანაში ძალადობის და სისხლისღვრის ესკალაცია ხდება

იმის მიუხედავად რომ სირიაში ასადის რეჟიმმა არაბული ლიგის პროტოკოლს მოაწერა ხელი, რომელიც სამხედრო ძალების სამოქალაქო რეგიონებიდან გამოყვანას, ძალადობის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს, ქვეყანაში ძალადობის და სისხლისღვრის ესკალაცია ხდება და სიტუაცია ზოგადად უარესობისკენ მიდის.

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მიერ ძალაუფლების ეროვნული ერთობის მთავრობაზე გადაცემის შესახებ არაბული ლიგის მიერ წაყენებული მოთხოვნის უბულვებელყოფის შემდეგ ლიგა იძულებული გახდა დამკვირვებელთა მისია ქვეყნიდან გამოეწვია.

შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის გაეროში, სიუზან რაისის განცხადებაში, რომელიც მან უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, ნათქვამია:

„ასადის რეჟიმი არაბული ლიგის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმის იგნორირებას ახდენს. სირიაში მსხვერპლის რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ათასობით პოლიტპატიმარი ციხეში რჩება და მათი ნაწილი წამების საშიშროების წინაშე დგას. არაბული ლიგის გეგმის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო რეგიონიდან უფრო და უფრო ხშირად ისმის მოთხოვნა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ჩარევის შესახებ.

შეერთებული შტატები სირიელი ხალხის სამართლიან მოთხოვნას დემოკრატიული და წარმომადგენლობითი მთავრობის შესახებ ბოლომდე მხარს უჭერს. იმ მთავრობის, რომელიც ადამიანის უფლებებს სათანადო პატივს სცემს და ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სარწმუნოების, ეთნიკური წარმოშობის და სქესის მიუხედავად კანონის ფარგლებში თანაბარ დაცვას სთავაზობს “.

წერილობით მიმართვაში, რომელიც სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გააკეთა, ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები სირიული რეჟიმის მხრიდან საკუთარ მოსახლეობაზე განხორციელებული სასტიკი ძალადობის ესკალაციას უმკაცრესად გმობს.

„უსაფრთხოების საბჭომ უნდა იმოქმედოს და სირიულ რეჟიმს გარკვევით განუცხადოს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა მის ქმედებებს მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების საფრთხედ განიხილავს. ძალადობა უნდა შეწყდეს, რათა მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყოს.

საერთაშორისო საზოგადოებრიობამ სირიელ ხალხსაც გარკვევით უნდა გააგებინოს, რომ მასთან ერთად დგას. არაბული ლიგა მსოფლიოს ხალხებს სამშვიდობო რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რათა ყველა როგორც ერთი ლიგის მიერ განხორციელებულ ქმედებებს დაუდგეს გვერდში. სხვანაირად სტატუს კვო არ შენარჩუნდება. რაც უფრო დიდ ხანს გააგრძელებს ასადის რეჟიმი სირიელი ხალხის ტერორიზირებას და წინ აღუდგება მშვიდობიან გარდაქმნებს, მით უფრო დიდია რისკი, რომ დესტაბილიზაციის ესკალაცია მოხდება და ის მთელ რეგიონზე გავრცელდება“- აღნიშნავს ქალბატონი კლინტონი.

XS
SM
MD
LG