დღეს ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალურ ვახშამს გამართავს ისრაელის, პალესტინელთა, ეგვიპტისა და იორდანიის ლიდერთა საპატივცემულოდ. ხვალ სახ-დეპში ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერები ორი წლის განმავლობაში პირისპირ გამართავენ მოლაპარაკებებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა თანხმობა განაცხადეს პირისპირ შეხვედრაზე, რასაც წინ უძღოდა მათზე ობამას ადმინისტრაციის ზეწოლა . პალესტინელები ითხოვენ დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ისრაელმა დაიკავა 1967 წლის ომის დროს. პალესტინელები ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქად იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს ასახელებენ. ნეტანიაჰუ ეთანხმება დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნის იდეას, თუმც განსაზღვრულ წინაპირობებს აყენებს და გამორიცხავს ამ სახელმწიფოსთვის აღმოსავლეთ იერუსალიმს, როგორც დედაქალაქს. მერილენდის უნივერსიტეტის თანამშრომელმა შიბლი ტელჰამიმ შემდეგი მოსაზღება გამოთქვა ამ საკითხზე:
-„შეიძლება ითქვას, რომ დრო თითქმის ამოიწურა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს გეგმის ირგვლივ. დრო არ ითმენს. ეს გეგმა ან უნდა განხორციელდეს, ან არა. თუ დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფო ამ ადმინისტრაციის დროს არ შეიქმნა, ვშიშობ, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვლება.“
სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგებს წინ დიდი გამოცდა ელის. 26 სექტემბერს ამოიწურება მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების მშენებლობაზე დაწესებული ათთვიანი მორატორიუმი. აბასი იმუქრება მოლაპარაკებების ჩაშლით, თუ ისრაელი ამ მორატორიუმს არ გააგრძელებს. თავის მხრივ ნეტანიაჰუს მმართველი კოალიცია ნეტანიაჰუს მთავრობის დამხობით იმუქრება, თუ ნეტანიაჰუ ამ მორატორიუმს გააგრძელებს. ახლოაღმოსავლეთის პოლიტიკის პროექტის ვაშინგტონის ინსტიტუტის თანამშრომელს დეივიდ მაკოვსკის მიაჩნია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების წარმატება უშუალოდ არის დამოკიდებული ებრაული დასახლებების საკითხთან.
-„უახლოეს პერსპექტივაში ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც ჯერ პირი არ უჩანს. აშშ-მ ჯერ-ჯერობით ვერ შესძლო ამ საკითხზე აზრთა სხვაობის განელება.“
ახლოაღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ს რწმუნებულმა ჯორჯ მიტჩელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მოლაპარაკების შემდეგ ეს პროცესი ახლოაღმოსავლეთში გაგრძელდება. მისივე თქმით მხარეები მიმოიხილავენ ყველა საკითხს იერუსალიმისა , პალესტინელ ლტოლვილთა საკითხების ჩათვლით. მისვე თქმით აშშ მზადაა მხარეებს კომპრომისული იდეები შესთავაზოს.
მას შემდეგ, რაც 1993 წელს ოსლოს ხელშეკრულებით ოფიციალურად მიეცა ბიძგი სამშვიდობო პროცესს არაერთი უმაღლესი დონის შეხვედრა მოეწყო პალესტინელთა და ისრაელის წარმომადგენელთა შორის. ვერც ერთმა შეხვედრამ ვერ გამოიღო შედეგად საბოლოო ხელშეკრულება. ახალ მოლაპარაკებებში არ ჩართავენ რადიკალურ ჯგუფ ჰამასს. ჰამასი ამჟამად აკონტროლებს ღაზას სექტორს და მას აშშ და სხვა ქვეყნები, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას ისე აღიქვავენ. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აღიარებს იმას, რომ ახლოაღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პროცესში წინ კიდევ ბევრი პრობლემებია.
-„ეჭვი არ მეპარება, რომ ამ პროცესში ბევრი წინაღობა იქნება. რეგიონში მშვიდობის დამყარების მტრები შეეცდებიან ჩვენს ძალისხმევაში დაგვამარცხონ და ჩაშალონ მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, მხარეებს მოვუწოდებ არ შედრკენ და არ შეაჩერონ მოძრაობა წინ რთულ მომენტებში და კვლავაც მუხლჩაუხრელად იღვაწონ, რათა საბოლოო ანგარიშში მტკიცე მშვიდობის დამყარებას მიაღწიონ რეგიონში“- აღნიშნა ქალბატონმა კლინტონმა.
როგორც მან განაცხადა მოლაპარაკებების მიზანია ერთი წლის განმავლობაში შეთანხმების მიღწევა.