ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთი და საერთაშორისო აქტორები


ავღანეთი და საერთაშორისო აქტორები
ავღანეთი და საერთაშორისო აქტორები

ერთი ქვეყანა, ბევრი მოთამაშე და ადმინისტრაციის ახალი სტრატეგია

ცენტრალურ აზიაში სტრატეგიული გეოპoლიტიკური მდებარობით, ავღანეთი უმნიშვნელოვანეს როლს ინარჩუნებს. ავღანეთის და მის გარშემო ჩართული საერთაშორისო მოთამაშეების გეგმებზე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა გარი ტომასმა იმუშავა.

შეერთებული შტატების არმიის კოლეჯის პროფესორი ლარი გოდსონი თვლის, რომ ამერიკის მიერ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის განზრახვა, ბევრ სახელმწიფოს იქ საკუთარი გავლენის გაზრდას აფიქრებინებს.

„21-ე საუკუნეში ავღანეთის გარშემო დაწყებულ დიდ თამაშში ბევრი რეგიონალური აქტორი აღმოჩნდა ჩართული - ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, არაბული ქვეყნები და ასევე არარეგიონალური სუბიექტები - შეერთებული შტატები და ნატო, - და ყველა ესენი არიან ჩართული ავღანეთის საკითხებში და მხარს უჭერენ სხვადასხვა ძალებს, რომლებმაც თავის მხრივ მათი ინტერესები უნდა გაატარონ,“ - ამბობს ლარი გოდსონი.

ზოგი ამერიკის ძალისხმევას და ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის უჭერს მხარს, ზოგი თალიბანს. თუმცა, ავღანეთის უახლოესი მეზობლები კი ორივეზე აკეთებენ ფსონს. ჯონ დობინსი საერთაშორისო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორია.

„ცხადია, რომ პაკისტანში ძალზედ რთული პოლიტიკური წყობილებაა და ასევე თვითაღქმული ინტერესები, რომელიც მოთამაშეების ორმაგ თამაშში ჩართვას უწყობს ხელს. ისინი ერთის მხრივ შეერთებული შტატების მცდელობას უჭერენ მხარს და მეორეს მხრივ, ეხმარებიან თალიბანის ხელმძღვანელობას, რომელიც ფაქტობრივად პაკისტანის ტერიტორიიდან იბრძვის,“ - ამბობს დობინსი.

თუმცა, ოფიციალური ისლამაბადი პაკისტანის თალიბანთან და სხვა სამხედრო დაჯგუფებებთან კავშირს უარყოფს და შეერთებული შტატების მოკავშირეობაზე დებს თავს. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ავღანეთში იზრდება ინდოეთის გავლენა. შესაბამისად, ლარი გოდსონი დარწმუნებულია, რომ პაკისტანი ინდოეთის დასასუსტებლად სამხედრო დაჯგუფებების ტაქტიკას იყენებს ქაშმირში, რათა ინდოეთი ამ პრობლემით დაკავდეს და ავღანეთისთვის ვერ მოიცალოს.

ჯონ დობინსი ვეტერანი დიპლომატია, რომელიც ავღანეთის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებში იყო ჩართული. მისი თქმით, ავღანეთში თავისი ინტერესების გატარებას ირანიც ცდილობს. თეირანის მიზანს ავღანეთში შეერთებული შტატების და ნატოს ძალებისთვის პრობლემების შექმნა წარმოადგენს. თუმცა ირანს ასევე იქ სტაბილურობა აწყობს და შესაბამისად პრეზიდენტ კარზაისაც უჭერს მხარს.

„ამდენად ისინი ძალიან დაბალი დონის კონტაქტებს ინარჩუნებენ და ძალიან შეზღუდულ მხარდაჭერას უწევენ მეამბოხეთა დაჯგუფებებს, თუმცა ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა მათგან აქვს პრეზიდენტ კარზაის. ისინი მის უმსხვილეს დონორს წარმოადგენენ,“ - ამბობს დობინსი.

ამასთანავე აღსანიშნავია ჩინეთის ფაქტორიც. ოფიციალური პეკინი შეშფოთებულია ავღანეთიდან ისლამის გავრცელებით, რომელიც მის მუსულმანურ რეგიონებზეც ახდენს გავლენას. და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთიც, რომელიც დაინტერესებულია, როგორც ისლამური ფაქტორის შემცირებით, ასევე ცენტრალურ აზიაში შეერთებული შტატების გავლენის შესუსტებით.

ამ ყველაფერთან ერთად ობამას ადმინისტრაცია იწყებს პოლიტიკის გადახვევას ავღანეთის მიმართულებით, რასაც ექნება ძალიან ძლიერი გავლენა რეგიონზე. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ობამას გეგმის მიხედვით ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა მომავალი წლის ივლისიდან დაიწყება.

XS
SM
MD
LG