ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში 14 მილიონი ამერიკელი კვლავ უმუშევარია


აშშ-ში 14 მილიონი ამერიკელი კვლავ უმუშევარია

დეკემბრის შემდეგ უმუშევრობა პროცენტის რვა მეათედით შემცირდა, რაც ამ მონაცემის ყველაზე მკვეთრი ვარდნაა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში.

იანვრის მონაცემებით შეერთებულ შტატებში უმუშევრობა მკვეთრად შემცირდა. მისი კოეფიციენტი წლის დასაწყისში 9 პროცენტზე ჩამოვიდა, რაც ბოლო ორი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაოდენობრივად იმაზე ბევრად ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე ექსპერტები ელოდნენ. შრომის დეპარტამენტის ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, გასულ თვეში ქვეყნის ეკონომიკას მხოლოდ 36,000 ახალი სამუშაო ადგილი შეემატა.

ექსპერტების ვარაუდით, ეს არც თუ ისე სახარბიელო მონაცემი, შესაძლოა წლევანდელი ზამთრის უმკაცრესმა კლიმატმა განაპირობა. სამშენებლო სექტორმა 30,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა. სატრანსპორტო და საბითუმო სისტემებმა - კიდევ დამატებითი 40,000. ეკონომისტების მიერ ნაწინასწარმეტყველევი 160,000 სამუშაო ადგილის ნაცვლად, ქვეყანაში მხოლოდ მისი მეოთხედი შეიქმნა.

"ABC News"-ის ანალიტიკოსის დენ არნალის თქმით, მხოლოდ ერთი თვის მონაცემი, თანაც ასეთი დაბალი, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ზოგადად წარმატება ვიზეიმოთ. ისე კი, შრომის დეპარტამენტის ანგარიშში გარკვეული ნათელი წერტილებიც აღინიშნება. ასე მაგალითად, საწარმოო სექტორმა 50,000 ახალი სამსახური აღრიცხა, ვაჭრობის სისტემამ კი - 30,000. გასული წლის ბოლო ორი თვის მონაცემებით სამუშაო ადგილების მატების ზედიზედ 11 თვე დაფიქსირდა.

თეთრი სახლი მიესალმა საერთო ეროვნულ მაჩვენებელს, მაგრამ პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის, ოსთინ გულსბის, განცხადებით, უმუშევრობის კოეფიციენტი ქვეყანაში ჯერ კიდევ დაუშვებლად მაღალია:

„ზოგადად თანმიმდევრული პროგრესი სახეზეა, მაგრამ იგი არ არის საკმარისად სწრაფი დინამიკაში. ეს პრეზიდენტმაც აღნიშნა. ჩვენ ვალდებულნი ვართ დასაქმების კოეფიციენტი კიდევ უფრო მაღალი ტემპით გავზარდოთ, რათა რაც შეიძლება მეტი უმუშევარი დავაბრუნოთ სამსახურში.“

დეკემბრის შემდეგ უმუშევრობა პროცენტის რვა მეათედით შემცირდა, რაც ამ მონაცემის ყველაზე მკვეთრი ვარდნაა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. როგორც ეკონომისტები ამბობენ, ეს ნიშნავს ორიდან ერთს: ან დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ამერიკელმა იშოვა სამსახური, ან კიდევ მათ უბრალოდ დაანებეს თავი სამუშაოს ძებნას.

ამერიკის ეკონომიკის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, ფედერალური სარეზერვო ფონდის თავმჯდომარე ბენ ბერნანკი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება, სანამ უმუშევრობის კოეფიციენტი თავის ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდება:

„ვიდრე სამუშაო ადგილთა შექმნის უწყვეტ პროცესს არ ვიხილავთ, არ შეგვიძლია დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ სტაბილურ, მყარ გაუმჯობესებას მივაღწიეთ“.

მართალია, გასულ წელს შტატებში დაახლოებით მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, შრომის დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ 14 მილიონი ამერიკელი ეძებს სამსახურს.

XS
SM
MD
LG