ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი და თანამედროვე ტექნოლოგიები


თალიბანი და თანამედროვე ტექნოლოგიები
თალიბანი და თანამედროვე ტექნოლოგიები

თალიბები მობილურ სატელეფონო ქსელს ჟურნალისტთა დაშინებისთვის იყენებენ

მას შემდეგ, რაც ავღანეთში 10 წლის წინ საერთაშორისო სამხედრო კამპანია დაიწყო, თალიბანმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გააფართოვა, რასაც საკუთარი გზავნილების გასავრცელებლად იყენებს. ამასთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი შონ მარონი ვაშინგტონში ანალიტიკოსებს ესაუბრა. მათი თქმით, თალიბი მეამბოხეები იდეოლოგიური თვალსაზრისით ავღანეთის მთავრობაზე უფრო ეფექტურად მოქმედებენ.

თალიბებს საკუთარი ვებ-გვერდი გააჩნიათ, რომელიც პაშტოს, დარის, არაბულ, ურდუს და ინგლისურ ენებზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თალიბების ვებ-გვერდს ავღანეთის ხელისუფლება ბლოკავს, საიტის ადმინისტრატორები, რომლებიც ავღანეთის გარეთ მუშაობენ, ამ პრობლემას მალევე აგვარებენ ხოლმე. ვებ-გვერდი ავღანეთის მთავრობასაც აქვს. თუმცა, თალიბებისგან განსხვავებით, ეს ვებ-გვერდი ხელახლა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც გარკევული ხნით დახურული იყო. მთავრობაც და თალიბანიც ჟურნალისტებს ელექტრონულ ფოსტას რეგულარულად უგზავნიან. თუმცა, სიდიყულა თავჰიდი, რომელიც ავღანეთში მედია-მონიტორინგს ახორციელებს, ამბობს, რომ ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, მათ შორის დიდი სხვაობაა.

„თალიბანის პრესწარმომადგენლები ახალი ტექნოლოგიებით და მობილური ტელეფონებით ეფექტურად სარგებლობენ. ისინი ჟურნალისტებთან მუდმივ კავშირში არიან, მათ აწვდიან ინფორმაციებს და შემდეგ ახორციელებენ მონიტორინგს თუ რამდენად გამოიყენეს ჟურნალისტებმა მათი ინფორმაციები. ეს კი იმ დროს, როდესაც ავღანეთში მთავრობას მედიასთან კონტაქტის პრობლემები აქვს,“ - ამბობს თავჰიდი.

ავღანეთში მობილური ტელეფონების ქსელი, ჰამიდ კარზაის მთავრობის ერთერთ მიღწევად ითვლება. თუმცა, ამავე დროს ის თალიბანის პროპაგანდისთვის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. დანიშ კაროხელი ავღანეთის ახალ ამბებში მუშაობს. ის ამბობს, რომ თალიბანი მობილური ქსელს დაშინებითვის იყენებს.

„ჩვენს ჟურნალისტებს არა მხოლოდ ელ-ფოსტის და ტელეფონების საშუალებით ემუქრებიან, არამედ მათ ხშირად ფიზიკურად უსწორდებიან. გასულ წელს ჩვენმა სააგენტომ სამი ჟურნალისტი დაკარგა,“ - ამბობს კაროხელი.

1990-იან წლებში როდესაც თალიბანი ხელისუფლებაში მოვიდა, ავღანეთში ტელევიზია, მუსიკა და კინოფილმები აიკრძალა. თუმცა, ომის დაწყებიდან ათი წლის შემდეგ, თალიბები 21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ მიღწევებს, სოციალური ქსელების ჩათვლით უკვე საკმაოდ ეფექტურად იყენებენ.

XS
SM
MD
LG