ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდა და თალიბანი


ალ ყაიდა და თალიბანი

თალიბანი არ წარმოადგენს ერთიან მონოლითურ ორგანიზაციას, ეს უფრო რამდენიმე მსაგვსი იდეოლოგიის მქონე დაჯგუფებების გაერთიანებაა.

ახალი გამოკვლევის მიხედვით, თალიბების ზოგიერთი დაჯგუფება გაცილებით უფრო ახლოს დგას ალ-ყაიდასთან, ვიდრე დასავლეთში ეგონათ.

აქამდე ტერორიზმის პრობლემაზე მომუშავე ექსპერტები თვლიდნენ, რომ თალიბებს და ალ-ყაიდას საერთო რადიკალური იდეოლოგიის მიუხედავად, განსხვავებული პოლიტიკური მიზნები ჰქონდათ.

ამ თვალსაზრისის მიმდევრები მიიჩნევდნენ, რომ თალიბები მხოლოდ ეროვნული მიზნებისთვის იბრძოდნენ და ალ-ყაიდას გლობალურ ჯიჰადს დასავლეთის წინააღმდეგ ნაკლებად უჭერდნენ მხარს.

შეერთებული შტატების „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიაში არსებული ანტი-ტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევა ამტკიცებს, რომ თალიბთა სამხედრო ორგანიზაციაში შემავალი სულ ცოტა ერთი დაჯგუფება, რომელიც „ჰაქანის“ სახელით არის ცნობილი ალ-ყაიდას იდეოლოგიას იზიარებს.

გამოკვლევის ავტორის დონ რასლერის განცხადებით:

“ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ საყოველთაოდ აღიარებულ თვალსაზრისს, რომ ჰაქანის დაჯგუფება მხოლოდ ადგილობრივ დონეზე მოქმედებს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ორგანიზაცია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ავღანეთ-პაკისტანის მოსაზღვრე რაიონებში სამხედრო სტრატეგიას და ტაქტიკას განსაზღვრავს, მაგრამ ამავე დროს ისინი გლობალური ჯიჰადის მომხრეები არიან ალ-ყაიდას მსგავსად.“

თავისთავად თალიბანი არ წარმოადგენს ერთიან მონოლითურ ორგანიზაციას, ეს უფრო რამდენიმე მსაგვსი იდეოლოგიის მქონე დაჯგუფებების გაერთიანებაა. მათ შორის ყველაზე ძლიერია ჰაქანის დაჯგუფება, რომელმაც ავღანეთში ყველაზე უფრო სახელგანთქმული და სისხლიანი ტერაქტები განახორციელა.

ეს დაჯგუფება გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა ადგლობრივი ტომის ერთ-ერთი ბელადის ჯალალუდდინ ჰაქანის მიერ, რომელიც საბჭოთა ოკუპანტებს ებრძოდა.

ახლა მამის საქმეს მისი ვაჟი სირაჯუდდინი აგრძელებს, რომელიც ორგანიზაციის სამხედრო-დივერსიულ ოპერაციებს ხელმძღვანელობს ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სამ პროვინციაში, რომლებიც ლოუა პაკტიას სახელით არის ცნობილი. ორგანიზაციას სამხედრო ბაზები აქვს პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარე ჩრდილოეთ ვაზირისტანში.

ბატონი რასლერის განცხადებით, ჰაქანის დაჯგუფებას ალ-ყაიდასთან 30 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, იმ დროიდან, როდესაც ავღანეთის სათავეში თალიბები მოვიდნენ. მაშინ ამ ორგანიზაციის წევრები თალიბებთან სიახლოვის მიუხედავად, გარკვეული ავტონომიით სარგებლობდნენ.

ჰაქანის დაჯგუფებასა და თალიბანის ლიდერებს შორის წინააღმდეგობა ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ უცხოელ მეომრებთან დამოკიდებულებაში გამოიხატა. თუ თალიბთა ლიდერების უმრავლესობა, რომლებიც „ქუეტას შურაში“ იყვნენ გაერთიანებულნი ეჭვის თვალით უყურებდნენ უცხოელებს, ჰაქანის დაჯგუფება გაცილებით უფრო მეგობრულად იყო განწყობილი ოსამა ბინ ლადენისა და მისი მომხრეებისადმი.

დონ რასლერის განცხადებით:

“ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ თალიბებს ალ-ყაიდასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ოსამა ბინ ლადენი და მისი მომხრეები სწორედ ჰაქანის დაჯგუფების საშუალებით ცდილობდნენ იმ შეზღუდვებისგან თავის დაღწევას, რაც მათ თალიბანის ხელმძღვანელობამ დაუწესა თავის დროზე.“

ჰაქანის დაჯგუფებას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული ომის დროს, დიდ დახმარებას უწევდნენ პაკისტანელები, რომლებიც მათ ფულით და იარაღით ამარაგებდნენ. ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიის ექსპერტის აზრით, პაკისტანი დღესაც იყენებს აღნიშნულ ორგანიზაციას ავღანეთში ინდოეთის გავლენის გაძლიერების წინააღმდეგ.

ბატონი რასლერის თქმით:“ ჰაქანის ორგანიზაციას ისტორიულად ყოველთვის მჭიდრო კავშირები ჰქონდა პაკისტანის სპეცსამსახურებთან და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს თანამშრომლობა დღესაც გრძელდება.“

ეს ამბავი ამერიკელი ექსპერტის შეშფოთებას იწვევს, რომელიც მიიჩნევს, რომ პაკისტანის პოტენციური კავშირები ალ-ყაიდასთან შესაძლოა მომავალში თავისებურად განვითარდეს კიდეც.

როგორც ცნობილია, ოსამა ბინ ლადენი ისლამაბადის მახლობლად მდებარე პაკისტანის გასამხედროებულ ქალაქ აბოთაბადში მოკლეს ამერიკელმა კომანდოსებმა. როგორ მოხვდა საერთაშორისო ტერორიზმის ლიდერი ამ ქალაქში და ვინ უზრუნველყოფდა მის დაცვას მთელი ამ ხნის განმავლობაში. დღემდე უცნობია ფართო საზოგადოებისათვის.

დონ რასლერი მიიჩნევს, რომ თალიბთა ლიდერთან მულა ომართან მოლაპარაკების დაწყება ნაკლებ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე იმგვარ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, როგორიც ჰაქანის დაჯგუფებაა ავღანეთში.

XS
SM
MD
LG