გასულ კვირას ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო თურქეთს ეწვია. ეს ვიზიტი მისი ევროპული ტურნეს შემადგენელი ნაწილი იყო. აღსანიშნავია, რომ თურქეთიც და ჩინეთიც მსოფლიოს მზარდ ქვეყნებს წარმოადგენენ ეკონომიკური თვალსაზრისით. ვენ ძიაბაოს ვიზიტის დროს ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებებიც გაფორმდა ტრანსპორტის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტრის სფეროების ერთობლივი განვითარების მიზნით. თურქეთის პრემიერმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა მაღალი შეფასება მისცა მისი ჩინელი კოლეგის ანკარაში სტუმრობას და ორი ქვეყნის განვითარების გზაზე ამ ვიზიტს უმნიშვნელოვანესი უწოდა. ორი ლიდერის შეხვედრა მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტის შემცველი სიტყვებით არ შემოიფარგლება. უფრო შთამბეჭადვია ის კონკრეტული ციფრები და პროექტები რაც ჩინეთის და თურქეთის მესვეურებმა გაახმოვანეს.
„ჩვენ ვთქვით, მოდით 2015 წლისთვის ვაჭრობის მოცულობა გავზარდოთ 50 მილიარდ დოლარამდე, და მეორე ეტაპზე 2010 წლისთვის ეს ციფრი 100 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს. ამაზე ჩემს კოლეგასთან ერთად შევთანხმდით,“ - განაცხადა ერდოგანმა.
გაფორმებულ შეთანხმებებს შორის ყველაზე თვალშისაცემი თურქეთში 4500 კილომეტრიანი რკინგზის მშენებლობის პროექტია. მშენებლობაში მონაწილეობისთვის ჩინური სამშენებლო კომპანიები უკვე მზად არიან. გარდა ამისა, თურქეთიც და ჩინეთიც ჩაერთვებიან ირანიდან ნავთობსადენის მშენებლობაში. და რაც ყველაზე მთავარია, ორივე ქვეყანა მზადაა მათ შორის სავაჭრო ბრუნვა ეროვნულ ფულად ერთეულებში წარმართონ.
„მოდით ჩვენს შორის ბიზნეს-საქმიანობა თურქულ ლირებსა და იუანებში განვახორციელოთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, და იმის მსგავსი რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ რუსეთთან და ირანთან,“ - განაცხადა ერდოგანმა.
პოლიტიკური მიმომხილველი მურატ იეტკინის აზრით, ის ფაქტი რომ ორ ქვეყანს შორის ურთიერთობის გაღრმავება სავაჭრო კუთხით ხორციელდება, ეს აშკარად დიპლომატიის მუშაობის შედეგია.
„ამ ვიზიტამდე თუქრეთში ორმხრივი სამხედრო წვრთნები განხორციელდა, სადაც ჩინური რეაქტიული თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ. და ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ ჩინეთმა ნატოს წევრ ქვეყანასთან ერთად სამხედრო სწავლებაში მიიღო მონაწილეობა. ამდენად, თურქულ-ჩინური ურთიერთობა უფრო და უფრო პირდაპირი ხდება,“ - აცხადებს იეტკინი.
თურქეთის ბიზნეს კონფედერაციის - „მუსიადის“ ყოფილი ხელმძღვანელი და ბიზნესმენი ომერ ბოლატი ამბობს, რომ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება იმ ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ევროპაზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.
„თურქეთის ეკონომიკა ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ევრაზიის, რუსეთის, კავკასიის და ბალკანეთის ბაზრებზე გადის. ასევე თურქეთის ეკონომიკა მისი პროდუქციის და სერვისების დივერსიფიცირებას ახდენს და ის აღარ არის დამოკიდებული ევროკავშირის ბაზარზე,“ - აცხადებს ბოლატი.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იმ მიზნების გათვალისწინებით, რაც თურქეთის და ჩინეთის ლიდერებმა უახლოეს მომავალში დასახეს, საერთაშორისო პოლიტეკონომიურ რეალობას შესამჩნევი ცვლილებები ელოდება.