რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო რუსული არმიისთვის “მისტრალის“ ტიპის ვერტმფრენმზიდის შესაძენად საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას აპირებს.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტენდერის გარეშე “მისტრალის“ შეძენა ფაქტობრივად უკანონო იქნება.
ჩვენ გავესაუბრეთ რუს სამხედრო ექსპერტებს, თუ რას ფიქრობენ სამხედრო ხომალდთან დაკავშირებულ სიტუაციაზე.
პოლიტოლოგ ანდრეი პიონტკოვსკის აზრით, კრემლს ვერტმფრენმზიდი საქართველოზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის სჭირდება.
“იცით, მე აბსურდულს ვუწოდებ რუსეთში “მისტრალის“ მშენებლობას. ვფიქრობ, თანამედროვე შეტევითი კომპლექსების შეძენა რუსეთს საშუალებას მისცემს განახორციელოს ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ. თუკი რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტი განახლდება, კრემლი თბილისს “მისტრალის“ გარეშეც მოერევა. საქმე იმაშია, რომ სამხედრო ხომალდი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს. თუ “მისტრალის“ ტიპის ხომალდს მოსკოვი შავ ზღვაში შეიყვანს, კრემლი დაამძიმებს საქართველოს მდგომარეობას და სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მშვიდობას რეგიონში. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი ფსიქოლოგიური იარაღია საქართველოსკენ მიშვერილი“.
სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე გოლცი თვლის, რომ “მისტრალი“ უფრო კომერციული პროექტია.
“იცით, ვერ დავეთანხმები იმ ექსპერტებს, რომელთაც “მისტრალი“ სერიოზულ საფრთხედ მიაჩნიათ. კრემლისთვის ეს უფრო პროპაგანდისტური იარაღია. ამ ფორმით პუტინის უწყება ზემძლავრი სახელმწიფოს იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს. ვთვლი, რომ ფრანგებთან მოლაპარაკების შეჩერება კრემლის მიერაა გათამაშებული. ამ ფორმით მოსკოვი ცდილობს სამხედრო ხომალდი უფრო მომგებიანი პირობებით შეიძინოს“.
დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტის პაველ ფილგენგაუერის აზრით, “მისტრალის“ შეძენა ყირიმს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
“სამხედრო თვალსაზრისით, “მისტრალი“ საქართველოს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. თან ხომალდი მხოლოდ 2015 წლისთვის იქნება მზად. რაც შეეხება იმ საკითხს, გამოიყენებს თუ არა კრემლი აღნიშნულ გემს საქართველოს წინააღმდეგ, ვთვლი, რომ ეს ნაკლებად შესაძლებელია. თბილისამდე უფრო ტანკებით მივლენ, ვიდრე საზღვაო სანაპიროთი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “მისტრალი“ საქართველოსთვის დიდად არაფერს ცვლის. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, აქ გაცილებით რთული სიტუაციაა. პარიზმა თავის ქმედებებით გაამართლა კრემლის განცხადება იმის შესახებ, რომ ის “რუსეთის ინტერესებს იცავდა“. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ “მისტრალი“ საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სულ სხვა საკითხია ყირიმი. ვფიქრობ, თუ მოსკოვმა გადაწყვიტა შავ ზღვაში განათავსოს აღნიშნული ხომალდები, მაშინ ყირიმი სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება“.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებული ტენდერი ფრანგებზე ერთგვარი ზეწოლის ინსტრუმენტია. მათი აზრით, კრემლი ამ ფორმით ცდილობს მისტრალის მშენებლობის ფრანგული ტექნოლოგიების რუსულ რეალობაში გადმოტანას.