ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გოგონა ფილმიდან "ოზის ჯადოქარი"


გოგონა ფილმიდან "ოზის ჯადოქარი"

ჯუდი გარლანდი მრავალმხრივი ნიჭით შემკული ამერიკელი მსახიობი გახლდათ.

ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის ჯუდი გარლანდის შემოქმედებას შეერთებულ შტატებში დღემდე ეთაყვანებიან. ჯუდი გარლანდი 1969 წელს გარდაიცვალა. მის ქალიშვილს ლორნა ლაფტს წლების დასჭირდა იმისთვის, რომ უდიდესს დანაკლისს შეგუებოდა. თუმცა გავიდა დრო და ლორნამ დედის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის გაცოცხლება გადაწყვიტა.

ჯუდი გარლანდი მრავალმხრივი ნიჭით შემკული მსახიობი გახლდათ. პირველად ამერიკელმა მაყურებელმა გარლანდი მხატვრულ ფილმში „ოზის ჯადოქარში“ იხილა. საბოლოო წარმატება კი ფილმმა “ვარსკვლავის დაბადება“ და სატელევიზიო და თეატრალურმა დადგმამ "ჩიკაგომ“ მოუტანა.

ჯუდი გარლანდს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა. სამივე შვილმა დედის პროფესია აირჩია და გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება შოუ ბიზნესისთვის დაეკავშირებინა. მათგან ყველაზე წარმატებული უფროსი ქალიშვილი ლაიზა მინელი აღმოჩნდა.

ლაიზა მინელი ჯუდი გარლანდს მეორე მეუღლისგან რეჟისორი ვინსენტ მინელისგან შეეძინა. ლაიზას დედის ნიჭი მემკვიდრეობით ერგო და წარმატებული სასცენო და კინო კარიერის შედეგად , 1972 წელს ფილმისთვის „კაბარე“ ოსკარის პრიზით დაჯილდოვდა.

ახლახანს გარლანდის მეორე ქალიშვილმა ლორნა ლაფტმა,რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებული მომღერალია - ჯუდი გარლანდის მიერ წლების მანძილზე ბრწყინვალედ შესრულებული სიმღერები საკუთარი ინტერპრეტაციით ჩაწერა და მუსიკალური ალბომი გამოსცა.

ჯუდი გარლანდს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. ალკოჰოლისადმი ლტოლვამ და ანტიდეპრესანტების გადამეტებულმა დოზებმა მსახიობს ფიზიკური მდგომარეობა საბოლოოდ შეურყია . როცა ლორნა ჯერ კიდევ მოზარდი იყო, 47 წლის ჯუდი გარლანდი საძილე აბების გადაჭარბებული დოზების შედეგად გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ ლორნას უდიდესი ტრამვა მიაყენა:

„ახლა, როცა 40 წლის ვარ, ჩემს თავს ხშირად ვეკითხები: რატომ ვარიდებდი თავს ამ ხნის მანძილზე დედის სიმღერები შემესრულებინა ? ალბათ იმიტომ, რომ მისი სიკვდილი ჩემთვის უდიდესი დანაკლისი იყო და არ შემეძლო ეს მის გარეშე გამეკეთებინა“

ლარნა ლაფტი ახლა 57წლისაა. ახალ მუსიკალურ ალბომში იგი ცდილობს შვილებს ბებიის სიმღერების გარდა, საკუთარ მოგონებებზეც მოუყვეს:

„დარწმუნებული ვარ, თქვენ იგი ძალიან გეყვარებოდათ. დედა მხიარული ადამიანი იყო. მუდმივად ისეთ რამეებს აკეთებდა, რაც სხვას არ შეეძლო. უყვარდა ფულის ხარჯვა და უზადოდ კეთილი ადამიანი გახლდათ“

ჯუდი გარლანდს ბობოქარ ცხოვრებაში მუდმივი თავგადასავლების გარდა ხუთი მეუღლე ჰყავდა. თუმცა ლორნას მიაჩნია, რომ დედის უზადო ნიჭიერება ცხოვრების შეცდომებს აფერმკრთალებდა და მის დიდებულებას ვერანაირ ჩრდილს ვერ აყენებდა.

„დედა საკუთარი შემოქმედებით ბრწყინავდა. უდიდესი ენერგიითა და ნიჭიერებით აღსავსე, მიუხედავად ცხოვრებისული ვნებებისა, მუსიკალურ და კინო კარიერაში ყველაზე წარმატებული ქალი იყო. მისი ფილმები და მუსიკა დღემდე ყველას ხიბლავს, მის ტელეშოუებსა და წარმოდგენებს ახლაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს“

ჯუდი გარლანდის ქალიშვილი ლორნა ლაფტი მუსიკალურ ალბომში ახალგაზრდა თაობასაც მიმართავს. იგი ურჩევს ბრიტნი სპირსისა და მერაია ქერის თაყვანისმცემლებს მოუსმინონ ჯუდი გარლანდს - მომღერალს, ვინც თავის დროზე ეს სტანდარტი შექმნა და ამერიკულ მუსიკაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

XS
SM
MD
LG