ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთის პრესა ყირგიზეთის კრიზისზე საუბრობს


უცხოური პრესის დღევანდელი მიმოხილვა ძირითადად ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას დაეთმობა. მიმოხილვას ვიწყებთ მაიკლ შვირცისა და ელენ ბარის სტატიით სათაურით „ათასობით უზბეკი ყირგიზეთში ძალადობას თავს აღწევს,“ რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ 14 ივნისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„მოულოდნელი და სასტიკი ძალადობით აღსავსე ოთხი დღის შემდეგ ამ შუა აზიური ქვეყნის ეთნიკური ლანდშაფტი თანდათან იცვლება. გავრცელებული ცნობების მიხედვით 70,000 უზბეკი ყირგიზეთიდან უზბეკეთში გადავიდა და ათასობით უზბეკი ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვარს მიადგა.

ყირგიზეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშის გარეუბნებში, სადაც ქვეყნის ყირგიზული უმრავლესობისგან შემდგარი დაჯგუფებები დათარეშობდნენ სამი დღის მანძილზე, უზბეკები ქვების, დამწვარი მანქანებისა და სამშენებლო მასალებისგან შექმნილი ბარიკადების მიღმა იმალებოდნენ. გარეთ ხელკეტებითა და რკინის ჯოხებით შეიარაღებული ყირგიზი მამაკაცები იდგნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ უზბეკეთი რეგიონის მითვისებას აპირებდა და ამდენად საჭირო იყო ყირგიზული მიწა-წყლის დაცვა.

‘სიკვდილი უზბეკებს’ - ეს წარწერა დამწვარ შენობებზე ჩანდა, ხოლო მათ გვერდით მდგარ ხელუხლებელ სახლებზე გარკვევით ეწერა - ‘ყირგიზული საკუთრება.’

ყირგიზული მხარე აცხადებს, რომ უზბეკები კარგად იყვნენ შეიარაღებულნი, მაგრამ გუშინ სამი უზბეკური უბნის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა მხოლოდ ერთი იარაღი. იქ მომხდარი ძალადობის მასშტაბები თანდათან გამოაშკარავდება, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი კვლავინდებურად სადავოა.

ყირგიზეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სულ 125 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი პიერ-ემანუელ დუკრუე, რომელიც ოშში გუშინ ჩავიდა, აცხადებს, რომ ქალაქის მორგების დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ მხოლოდ ქალაქ ოშში 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობებისგან ‘არანაკლებ 3,000 ადამიანი’ დაშავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ უზბეკები ყირგიზეთის მოსახლეობის 15 პროცენტს შეადგენენ. მაგრამ ქვეყნის მეორე ქალაქ ოშში, სადაც 225,000 ცხოვრობს, უზბეკების კონცენტრაცია მაღალია.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ რიჩარდ ვაიცის სტატიით სათაურით „რატომ არ ჩანს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყირგიზეთის კრიზისში დროს?“ რომელიც ანალიტიკურ გამოცემა „სენტრალ ეიჟა კაუკასუს ანალისტში“ 9 ივნისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„დღემდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ყირგიზეთის კრიზისში საკმაოდ უმნიშვნელო როლი შეასრულა მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი წევრია. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ყირგიზეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი განცხადებები გაავრცელა და იქ მიმდინარე ძალაუფლებისთვის ბრძოლაში შუამავლის როლი ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას გადააბარა. ყირგიზეთში არსებული გარემოებები არ აძლევს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ახლად შექმნილი კოლექტიური ოპერაციული სარეაქციო ძალის გამოყენების უფლებას, მაგრამ მცდარი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ხსენებული ორგანიზაცია არ აიღებს თავის თავზე უფრო მუდმივ ფუნქციას, იმ შემთხვევაში თუ სხვა წევრ-სახელმწიფოში კრიზისული მდგომარეობა შეიქმნა.

ოფიციალური მიზეზი იმისა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ესოდენ უმნიშვნელო როლი შეასრულა ყირგიზეთის კრიზისში იყო ის, რომ იქ შექმნილი მდგომარეობა შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას წარმოადგენდა და არა უცხოურ აგრესიას წევრ სახელმწიფოზე, რასაც უთუოდ კოლექტიური პასუხი უნდა მოჰყოლოდა. ორგანიზაციის გენერალური მდივნის ნიკოლაი ბორდიუჟას თქმით, ‘ჩვენ დამოკიდებულება იმაში მდგომარეობს, რომ იქ ამჟამად შექმნილი მდგომარეობა ყირგიზეთის შიდა საქმეს წარმოადგენს.’ [ციტატის დასასრული] მაგრამ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ორგანიზაცია არ მიიღებს უფრო აქტიურ ზომებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მეზობელ სახელმწიფოში ახლო მომავალში შიდა არეულობა დაიწყო. ყირგიზეთის შემთხვევაში მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ არ გაიმეორა ვარშავის პაქტის ქმედება და არ გააგზავნა რუსული ტანკები ბიშკეკში, როგორც ეს მოხდა, როცა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციამ გაამართლა საბჭოთა კავშირის სამხედრო ინტერვენცია ჯერ 1956 წელს უნგრეთში და შემდეგ 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში. მაგრამ არ იქნებოდა ძალიან რთული იმის წარმოდგენა, რომ მომავალში, თუ ამას გარემოებები მოითხოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია მსგავს მოქმედებას მხარს დაუჭერს.“

უცხოური პრესის მიმოხილვის დასასრულს შევეხებით 6 ინვისს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის ვიზიტს აზერბაიჯანში. სწორედ ამ თემას ეხება ფარიზ ისმაილზადეს სტატია „ვაშინგტონი აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს,“ რომელიც ანალიტიკურ გამოცემა „სენტრალ ეიჟა კაუკასუს ანალისტში“ 9 ივნისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„შეერთებული შტატების ბოლო ინიციატივები მიმართულია ვაშინტონსა და ბაქოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. თავდაცვის მინისტრ გეიტსის ვიზიტის ფსიქოლოგიური და სიმბოლური დატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში ნეგატიურობის ელემენტის მოშორებას ითვალისწინებდა. შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კავკასია და კასპიის ზღვის აუზი კვლავინდებურად მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის. ხოლო ყირგიზეთში არეულობის ფონზე იქ განლაგებული შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის ბედი გაურკვეველია და ამერიკელი სამხედროები სამხრეთ კავკასიას ავღანეთში მასალების მიწოდების თვალსაზრისით სანდო ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტად აღიქვამენ. ამდენად ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაუმჯობესებამ შესაძლოა გაზარდოს შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან.

ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაცია სარგებელს არა მხოლოდ ამ ორ სახელმწიფოს მოუტანს არამედ მთელს რეგიონს. შემთხვევითი არ არის ის, რომ იმავე კვირას როცა თავდაცვის მინისტრი გეიტსი ბაქოში იმყოფებოდა, პრეზიდენტი ალიევი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ხელი მოეწერა ბუნებრივი აირის ექსპორტის ორმხირვ ხელშეკრულებებს თურქეთთან რითაც გაძლიერდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგომატარებლების კორიდორი, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებენ ამერიკელი ოფიციალური პირები და რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში.“

XS
SM
MD
LG