ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიმბოლური მხრდაჭერიდან პრაქტიკულ ნაბიჯებამდე


სიმბოლური მხრდაჭერიდან პრაქტიკულ ნაბიჯებამდე
სიმბოლური მხრდაჭერიდან პრაქტიკულ ნაბიჯებამდე

ლიბიელი ამბოხებულები საერთაშორისო დახმარებას ითხოვენ

ლიბიაში ამბოხების დაწყებიდან დღემდე ოპოზიცია საერთაშორისო დახმარების იმედზეა. მათი თქმით, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მუამარ კადაფის რეჟიმის დასასრული. საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ამბოხებას დასაწყისშივე დაუჭირეს მხარი. თურქეთმა ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. სხვა ქვეყნები კი დუმილს ამჯობინებენ. აღნიშნულ საკითხს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი იკვლევდა.

ბენღაზიში ლიბიელი ამბოხებულების შტაბ-ბინას კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ ბერდი ეწვია.

„მე ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით, რათა გამოვხატო ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა თქვენი და თქვენი თანამებრძოლების მიმართ, რომლებიც ამ რევოლუციისთვის იბრძვით. კანადა ის ქვეყანა იყო, რომელმაც რევოლუციის ადრეულ ეტაპზევე სთხოვა გაეროს ლიბიაზე სანქციების დაწესება,“ - განაცხადა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჯონ ბერდი საერთაშორისო თანამეგობრობის ერთერთი ბოლო წარმომადგენელია, რომელმაც ლიბიელი ამბოხებულების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ჯალალ ელ-ღალალი ლიბიის გარდამავლი ეროვნული საბჭოს პრესსპიკერია. მან კანადის მიმართ თავის მადლიერება გამოხატა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც კანადელი გენერალი შარლ ბოშარი გაეროს მისიით მოქმედ ნატოს სამხედრო ძალებს ჩაუდგა სათავეში ლიბიელი მოქალაქეების დასაცავად.

„სიმბოლურად ეს ყველაფერი ძალიან კარგია. მაგრამ რაც ახლა ჩვენ გვჭირდება ეს პრაქტიკული მხრადაჭერაა. კადაფი დროის ფაქტორზე თამაშობს. კერძოდ იმაზე, რომ მისგან განთავისუფლებულ ტერიტორიაზე ხალხის უკმაყოფილება მოიმატებს. ეს მოხდება, თუკი ჩვენი ფინანსები შემცირდება,“ - ამბობს ლიბიელი ამბოხებულების წარმომადგენელი.

გარდამავალ ეროვნულ საბჭოს კი ფინანსები ხელფასების დასარიგებლად და ამბოხებულთა სამხედრო ნაწილების გაწვრთნისთვის ესაჭიროება. აჰმედ ელ დარათი ამბოხებულთა საბჭოს მიერ დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრია.

დარათი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ამბოხებულთა პოლიციის დასახმარებლად წრვთნის და აღჭურვის პირობა დადეს. თუმცა, ამ დრომდე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. დარათი იმედოვნებს, რომ საფრანგეთი მალე დაიწყებს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით. ელ-ღალალის კი მაგალითად ყატარი მოყავს, რომელიც პირველი არაბული ქვეყანა იყო, ვინც ლიბიელ ამბოხებულებს მხარი დაუჭირა და მათთვის 100 მილიონი დოლარიც გამოყო.

თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობაში არიან ისეთი ქვეყნებიც, ვინც ლიბიაში ინტერვენციას ეწინააღმდეგება. ასეთი პოზიცას რუსეთი და ჩინეთი ინარჩუნებენ. აზრი გაყოფილია თავად ნატოშიც, სადაც გერმანიამ მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას ნატოს ძალების ინტერვენციის შესახებ. ასეთ პოზიციას ამბოხებულთა ძალების პოლკოვნიკმა აჰმედ ომარ ბანმა სირცხვილი უწოდა. მისი თქმით, კადაფის რეჟიმისგან გათავისუფლების შემდეგ, ლიბიაში სამოთხე იქნება, სადაც მოხვედრის უფლება არ ექნებათ მათ, ვინც ლიბიის გათავისუფლებას დღეს მხარს არ უჭერს.

XS
SM
MD
LG