ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორია ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა 2010 წელს?


როგორია ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა 2010 წელს?
როგორია ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა 2010 წელს?

წელს ჩინეთის ეკონომიკამ იაპონიას გაუსწრო და მსოფლიოში, შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა.

გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად, წელს ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობა არ შეჩერებულა. უფრო მეტიც, წელს ჩინეთის ეკონომიკამ იაპონიას გაუსწრო და მსოფლიოში, შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა.

ჩინეთის ლიდერები ახლა შიდა მოხმარებისა და მოთხოვნის გაზრდას ცდილობენ, რაც ჩინეთის ბაზარს გლობალურ ასპარეზზე ახალ ეკონომიკურ ძალას გახდის, იუწყება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი სტეფანი ჰო პეკინიდან.

ნოემბერში იაპონიაში გამართულ რეგიონალურ ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ გლობალური ეკონომიკური განვითარება ამერიკელ მომხმარებლებზე აღარ არის დამოკიდებული:

„ახლო მომავალში იმ ქვეყნებმა, რომლებშიც მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ნამატი შეინიშნება, ექსპორტზე არაჯანსაღი დამოკიდებულება შიდა მოთხოვნის გაზრდისკენ მიმართული ზომებით უნდა შეცვალონ. ვფიქრობ, არცერთმა სახელმწიფომ არ უნდა იფიქროს, რომ ის აყვავებას ამერიკაში საექსპორტო პროდუქციის გაგზავნით მიაღწევს “ - განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

იმავე ფორუმზე გამოსვლისას, ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ჟინტაომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთის მოსახლეობა მსოფლიოში გლობალური წარმოების ლომის წილს იტვირთავს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ჩინეთის მოსახლეობა 1.3 მილიარდს აღწევს.

ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ეკონომიკური რეფორმების გატარებას დააჩქარებს და ყურადღებას შიდა მოხმარების გაზრდაზე გაამახვილებს. კერძოდ, მოსახლეობის საშემოსავლო დონის გაზრდის მეოხებით, პეკინი სამომხმარებლო მოთხოვნის გაზრდას აპირებს. ამას გარდა ჰუ ჟინტაომ აღნიშნა, რომ ჩინეთის მთავრობა სასოფლო-სამეურნეო და რეგიონალურ ეკონომიკურ განვითარებას პრიორიტეტს გახდის.

ჩინეთში ავტომანქანების გაყიდვამ 2010 წელს ამერიკის მაჩვენებელს გაუსწრო და შედეგად ჩინეთის საავტომობილო ბაზარი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გახდა.

2009 წელს ჩინეთში 13.6 მილიონი ავტომანქანა გაიყიდა. პეკინის უმსხვილეს საავტომობილო სალონში ჟაო შუჟენი და მისი ოჯახის წევრები პირველი ავტომანქანის შეძენას აპირებენ.

ჟაო აღნიშნავს, რომ მისთვის ავტომანქანის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ვინაიდან პეკინში საგზაო მოძრაობა გადატვირთულია. უსაფრთხოების გარდა, ახალ ავტომანქანაში მას საწვავის ეფექტურად გამოყენება აინტერესებს, რადგან იგი გარემოს დაცვაზე ზრუნავს.

ჩინეთის მზარდი ეკონომიკური გავლენა, უწინარეს ყოვლისა საზღვარგარეთ ბევრი ჩინური ინვესტიციების დაბანდებაში გამოისახება. ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობის ფონზე, ქვეყანაში სულ უფრო მეტი იმიგრანტი შეღწევას ცდილობს. მაგალითად, ჩინეთის სამხრეთის რეგიონის კომერციული ცენტრი ქალაქი გუანგჟოუ მოულოდნელად აფრიკის ქვეყნებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული იმიგრანტების თავშეყრის ადგილი გახდა.

ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ორგანიზაცია ბრუკინგსის ინსტიტუტის თანამშრომელი ჩენგ ლი აღნიშნავს, რომ ჩინელი ხალხი ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას ნამდვილად გრძნობს:

„ისინი ხედავენ, რომ ჩინეთი საკუთარ ადგილს იმკვიდრებს არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩინეთმა გლობალური ფინანსური კრიზისი პირველმა დასძლია, არამედ იმის გამოც, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძალად ჩამოყალიბდა და მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ახლა ჩინეთს სახსრები გააჩნია, რაც ჩინელების აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია “- აღნიშნავს ჩენგ ლი.

მართალია, ჩინელი ეკონომისტები ქვეყნის მიღწევებს აღიარებენ, ისინი აგრეთვე აღნიშნავენ, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი დარჩა.

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეკონომისტის ჰუ შინგდოუს აზრით, უცხოელების უმრავლესობა ჩინეთის ნაკლებად განვითარებულ დასავლეთ რეგიონებში არ მოგზაურობს. მისი თქმით, ჩინელი მკვლევარების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჩინეთის ქალაქები ევროპას წააგავს, მაშინ როცა ქალაქგარე სოფლები კი აფრიკას.

ესოდენ მნიშვნელოვანი განსხვავება ერთ სულ მოსახლეზე საშემოსავლო დონეშიც აისახება. ჩინეთის ქალაქებში 2009 წელს წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 2,600 დოლარს აღწევდა, მაშინ როცა სოფლის მოსახლეობისთვის ეს მაჩვენებლი 800 დოლარზე ნაკლები იყო.

ეკონომიკური განვითარება ჩინელი ლიდერების ნომერ პირველ ამოცანად რჩება. თუმცა წარმატებული ეკონომიკური განვითარების მისაღწევად, ქვეყანას პოლიტიკური და სოციალური რეფორმების გატარებაც მოუხდება.

XS
SM
MD
LG