ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალიანსის სიძლიერის შენარჩუნებას „რეალური მცდელობა და რეალური სიმტკიცე“ სჭირდება

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ცდილობს დაარწმუნოს ალიანსის წევრები, რომ საბიუჯეტო შეკვეცების მიუხედავად უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინირებამ პრიორიტეტულობა არ დაკარგოს. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს სიძლიერის შენარჩუნებას „რეალური მცდელობა და რეალური სიმტკიცე“ სჭირდება.

„ამას სჭირდება რეალური სურვილი, რომ მოკავშირეებთან გაიმართოს კონსულტაციები ჩვენს თავდაცვის პროგრამებში და ბიუჯეტებში შესაძლო ცვლილებების შესახებ, ვიდრე საბოლოო გაადაწყვეტილება იქნება მიღებული,“ - განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, მომავალ თვეს ჩიკაგოს სამიტზე მიღებული იქნება ახალი ინიციატივები, რაც ალიანსის სამხედრო ძალებს შორის ოპერატიულობის დონეს გააუმჯობესებს.

ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორი შონ კეი თვლის, რომ ავღანეთის და ლიბიის სამხედრო ოპერაციებმა ნატოს შესაძლებლობებში მრავალი ნაკლი გამოავლინა.

„ყოველთვის არის იმის თქმის ცდუნება, რომ ეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე წარმატებული ალიანსი მსოფლიოს ისტორიაში. და ეს მართლაც ასეა. თუმც, ასევე არსებობს სერიოზული და ფუნდამენტური პრობლემები, რამაც თავი იჩინა ავღანეთის ომის დროს და გამწვავდა ლიბიის ოპერაციის პერიოდში,“ - ამბობს კეი.

ნატოს შიდა მოხსენებაში ჩამოთვლილია ის პრობლემები, რომლებიც ლიბიის ოპერაციის დროს გამოვლინდა. ეს ეხება მაღალტექნოლოგიური იარაღის და სამეთვალყურეო შესაძლებლობების სიმწირეს, რისი შესაძლებლობაც მხოლოდ შეერთებულ შტატებს გააჩნია.

„ნატო რეალურად დგას გადამწყვეტ გზაჯვარედინზე, რადგან ლიბიის კონფლიქტმა ფუნდამენტური ნაკლოვანებები გამოავლინა ალიანსის საოპერაციო შესაძლებლობებში,“ - ამბობს პროფესორი კეი.

ამჟამად, ალიანსი ავღანეთში ადგილობრივი ძალებისთვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარებას განაგრძობს. ქაბულში თალიბანის ბოლო შეტევებმა დაადასტურა, რომ პროგრესის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორი გზაა დარჩენილი. თუმცა, ალიანსი დარწმუნებულია, რომ თალიბანის შესაძლებლობები ბოლო წლებში შესუსტებულია.

რასმუსენის განცხადებით, ალიანსი განაგრძობს ადგილობრივი ძალებისთვის ტრანზიციის პროცესს, რაც 2014 წლის ბოლოსთვის უნდა დასრუდლეს. ამით კი ნატოს ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი სამხედრო ოპერაცია დასრულდება.

XS
SM
MD
LG