ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონიდან პეკინამდე და უკან


აშშ-ჩინეთის დიალოგის შესაძლო შედეგები

რამდენიმე თვის წინ, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობა ყველასათვის კარგად იყო ცნობილი. ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა, დალაი ლამას ვიზიტი შეერთებულ შტატებში და ინტერნეტის თავისუფლების საკითხზე ჰილარი კლინტონის საჯარო გამოსვლა, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობის დაძაბვისათვის საკმარისი აღმოჩნდა. „ჰერითიჯის (მემკვიდრეობა, ლ.ღ.) ფონდის“ აზიური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი დინ ჩენგი ამბობს, რომ ამ დაძაბული ურთიერთობის განმუხტვას, პეკინში შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტმა აშკარად შეუწყო ხელი.

„დიალოგით ურთიერთობების განტვირთვა მოხდა და ყველას მიეცა გულახდილი დისკუსიის დაწყების საშუალება იმ თემებზე, რაც აწუხებთ,“ - განაცხადა ჩენგმა.

მისი თქმით, ამ მოლაპარაკებებმა ჩინეთის, როგორც მსოფლიოს მზარდი ზესახელმწიფოს დემონსტრირებაც მოახდინა.

„ჩინეთმა კიდევ ერთხელ შეახსენა მთელ მსოფლიოს, რომ მზარდი ზესახელმწიფოა და შეერთებული შტატებიც დამოკიდებული იქნება იმ შედეგზე, თუ რას მოიტანს ჩინეთთან თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის და ირანის საკითხში. ჯერჯერობით ვითარება გულგასატეხი არ არის,“ დასძინა ჩენგმა.

კორეის ნახევარკუნძულის გარშემო შექმნილი დაძაბული მდგომარეობა დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მოლაპარაკების დროულობაზე საუბრობს ბრუკინგსის ინსტიტუტის აზიის საკითხების კვლევების ცენტრის დირექტორი რიჩარდ ბუში.

„ეს მოლაპარაკებები სტრატეგიული და ეკონომიკური დიალოგის ჩარჩოში უნდა განვიხილოთ. საკმაოდ დროული იყო სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის და მისი ჩინელი კოლეგის დიალოგი სამხრეთ კორეის მთავრობის საგამოძიებო დოკუმენტის თაობაზე,“ აცხადებს რიჩარდ ბუში.

იმ დროს, როდესაც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა დენთის კასრს წააგავს, ბუში აცხადებს, რომ ამ დიალოგმა ჩრდილოეთ კორეის ღია პროვოკაციებს უნდა გასცეს პასუხი.

მისი თქმით, ჩინეთი სამხრეთ კორეის საგამოძიებო დოკუმენტის მხარდაჭერას არ ჩქარობდა. თუმცა, ჩნდება იმედი, რომ ამ დიალოგის შემდეგ პეკინი შეერთებული შტატებსა და სამხრეთ კორეასთან ერთად, ფხენიანზე ზეწოლაში მიიღებს მონაწილეობას.

თუმცა, დინ ჩენგი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სტრატეგიული დიალოგის შედეგებისადმი, არც თუ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, მართალია 200 კაციანი დელეგაციის სტუმრობამ გარკვეული წანამძღვრები შექმნა, თუმცა აუცილებელია ნათელი გახდეს, თუ რა დონეზე იქნება ეს თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის.

ჩენგი არც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფაქტორს ივიწყებს. მისი თქმით, ამ კრიზისმა ჩინეთის ექსპორტს საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა. ჩენგი აცხადებს, რომ ეს ჩინეთის შიდასტაბილურობაზე იქონიებს გავლენას. ამდენად ჩინეთის მთავრობა ცდილობს, რომ ეკონომიკური ვითარება ამერიკული მოთხოვნებით დააბალანსოს.

რიჩარდ ბუშის თქმით, მოლაპარაკებების ერთერთი მთავარი საკითხი ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკაც იყო, რომელიც პროტექციონისტულად ფასდება. მისი აზრით, ჩინეთის ეკონომიკური დამოკიდებულება უცხოეთში მოქმედ კომპანიებზე, ამ პოლიტიკის თანდათანობით შეცვლას გამოიწვევს.

XS
SM
MD
LG