ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე: მთავარი როლი უკვე არმიას ეკუთვნის


ეგვიპტე: მთავარი როლი უკვე არმიას ეკუთვნის

ანალიტიკოსები მოვლენათა განვითარების გზებზე მსჯელობენ

ეგვიპტეში მშვიდობიანი დემონსტრაციები ძალადობაში გადაიზარდა. მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტები მოჰამედ ელშინავი და ლორელ ბოუმანი იკვლევდნენ.

ეგვიპტის დედაქალაქი პრეზიდენტ მუბარაქის გამოსვლიდან მოკლე ხანში ქაოსმა მოიცვა. „მე ვალდებული ვარ ჩემი ვადა დავასრულო ქვეყნის საკეთილდღეოდ,“ - ეს განცხადება მუბარაქმა სამშაბათს ღამე გააკეთა. პრეზიდენტ ბარაკ ობამას კი უფრო მეტი სურს: „მოწესრიგებული ტრანზიცია ღირებული უნდა იყოს. ის უნდა განხორციელდეს მშვიდობიანად და დაუყოვნებლივ.“

თუმცა, ქაიროს ქუჩებს მშვიდობიანი ტრანზიციის ნიშნები არ ეტყობათ. მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაციები ძალადობაში გადაიზარდა. ოთხშაბათს დილით ქაიროს ქუჩებში აქლემებზე ამხედრებული მუბარაქის მხარდამჭერები გამოჩნდნენ. მათ ოპოზიციის მიტინგზე მიიტანეს იერიში. პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის ხელჩართული ბრძოლები გაიმართა.

ეგვიპტელი წარმოშობის ამერიკელმა იურისტმა ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში წარმოადგინა ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც ინტერნეტში მოხვდა. დოკუმენტში აღწერილია ის ინსტრუქციები, თუ როგორ აპირებს მთავრობა საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას.

„უშიშროების სამსახურების აგენტები ჯოხებით, დანებით და რკინის ხელკეტებით შეაიარაღეს და დემონსტრანტების წინააღმდეგ გაუშვეს. ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი და რთული მისახვედრი იყო, რომ ისინი სინამდვილეში პოლიციელები იყვნენ. უნდა ვიცოდეთ, რომ მუბარაქის მომხრეები ხშირად მიმართავენ ამ ხერხს. ჩვენ ქაიროს ქუჩებში სწორედ ამას ვხედავთ,“ - განაცხადა დინა გუირგუისმა.

თუმცა, ეს ბრალდება დამტკიცებული არ არის. ქაიროს ქუჩებში უკვე ისმის მოთხოვნები რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მუბარაქის მიმართ უფრო მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს. ოსამა ელ რაზალ ჰარბი პოლიტიკური ქოლგა ორგანიზაციის - „ცვლილებების კოალიციის“ წევრია. ის ფიქრობს, რომ ეგვიპტელი ხალხი შექმნილ ვითარებაში შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტ ობამას ადანაშაულებს. მისი თქმით, ეგვიპტელი ხალხი სთხოვს ობამას და ვაშინგტონს, რომ უფრო მეტი სიმკაცრე და პრინციპულობა გამოამჟღავნონ.

ვაშინგტონის ინსტიტუის თანამშრომელი სკოტ კარპენტერი მიიჩევს, რომ პრეზიდენტმა ობამამ უკვე გადადგა ნაბიჯი და უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.

„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ობამა კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეს. თუკი ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა პრეზიდენტების პოზიციის ჩამოყალიბებას დიდი დრო დასჭირდა, იგივე ეხება პრეზიდენტ ობამასაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები ამ პოზიციაზე იქნება და ეს არ შეიცვლება,“ - აცხადებს კარპენტერი.

თუმცა, ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსი ენტონი კორდესმანი ფიქრბს რომ არჩევანის გაკეთება ძალზედ რთულია, რადგან ერთია მუბარაქის გადადგომის მოთხოვნა და მეორეა თუ ვინ შეცვლის მას. ანალიტიკოსების თქმით, მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი არსებობს, ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი როლი არმიას აკისრია. არმია ან მხარს დაუჭერს ოპოზიციის მოთხოვნებს და პრეზიდენტს გადადგომას აიძულებს, ანდა ის დაემორჩილება მუბარაქის ბრძანებას და დაიწყებს პროტესტის ჩახშობას. მეორე სცენარის შემთხვევაში, მოვლენების შემდგომი განვითარების პროგნოზირება უკვე შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG