ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ამერიკის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა


დღეს ამერიკის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა
დღეს ამერიკის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

ვაშინგტონში, მაუნთ ვერნონზე კოსტიუმირებული სანახაობა გაიმართა

ამერიკა ჯორჯ ვაშინგტონის 280 წლის იუბილეს აღნიშნავს. მაუნთ ვერნონზე შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ზეიმს ვიზიტორები და ტურისტები მთელი ქვეყნიდან ესწრებიან. უცნაური რამ ხდება აქ, თითქოს 21-ე საუკუნე მე-18 საუკუნეს ხვდება.

ჯორჯ ვაშინგტონი კითხულობს, თუ რატომ შეიკრიბა ამდენი ხალხი მასთან, ნუთუ ეს ყველაფერი მისი დაბადების დღისთვის ხდება? მაუნთ ვერნონზე მას სიურპრიზი მოუწყვეს და იმპროვიზირებულ დაბადების დღეს უხდიან.

ეს ყოველივე სახელდახელო შოუს ნაწილია, რომელშიც მონაწილეობას მე-18 საუკუნის კოსტიუმებში გამოწყობილი რამდენიმე ათეული ადამიანი იღებს.

მირთმეულ საჩუქრებს შორის ჯორჯ ვაშინგტონის უსაყვარლესი ღვინო - მადერაცაა. ამერიკის პირველ პრეზიდენტს უკვე რამდენიმე წელია ფილადელფიელი დენ მალისა განასახიერებს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ დაბადების დღე ძალიან უყვარს, მითუმეტეს როცა პატივისცემა საკუთარი თანამოქალაქეებისგან მოდის.

მაყურებლებს და ვოლუნტიერებს შორისაა კარენ რობინსონი, რომელიც დაბადების დღის საყურებლად შვილიშვილთან ერთად მოვიდა.

“ყოველთვის მიყვარდა გენერალი ვაშინგტონი და ეს ადგილიც“ - ამბობს ის.

დღესასწაულზე საჭმელების დამზადების დემონსტრირებაც ხდება. სტუმრების ყურადღებას ტრადიციული ამერიკული სიმინდის ორცხობილების მომზადება იქცევს. უფრო იმიტომ, რომ ის ჯორჯ ვაშინგტონის საყვარელი დესერტის შემადგენელი ნაწილია. თაფლის და კარაქის წვენში ჩაწყობილი სიმინდის ნამცხვარი გენერალი ვაშინგტონის რჩეული ტკბილეულობა იყო. მისი გასინჯვა მაუნთ ვერნონზე დღეს ყველას შეუძლია.

“რეცეპტი რომ მქონდეს, აუცილებლად გამოვაცხობდი, განსაკუთრებით მის დაბადების დღეზე“ - ამბობს ტურისტი ჯოდი გედესი.

ადგილობრივი რესტორნების შეფები სტუმრებს ვაშინგტონის საყვარელი საუზმის საკუთარ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ.

კატალ არმსტრონგი, ვაშინგტონელი შეფი ამბობს, რომ კერძს ვაშლი, ალუბალი და ნიგოზიც უხდება. სიმინდის არომატის გასაძლიერებლად კი სიმინდის პიურეს ამატებს.

შეფ არმსტრონგის ორცხობილა ყველას ძალიან მოსწონს. თავად ვაშინგტონსაც კი.

ჯორჯ ვაშინგტონის სახლმუზეუმში ტევა არ არის. დაბადების დღეზე ამერიკის პირველი პრეზიდენტის საყვარელი მუსიკა უკრავს და კედელზეც უამრავი ისტორიული ფოტოა გამოფენილი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ დამაარსებლის და მისი მეუღლის, მარტა ვაშინგტონის ცხოვრებას ასახავს.

XS
SM
MD
LG