ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში რუსი ჯაშუშების დაკავების ფაქტი უსაფუძვლოა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკაში რუსი ჯაშუშების დაკავების ფაქტი უსაფუძვლო და გაუმართლებელია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 ჯაშუშის დაკავება სამწუხარო ფაქტია და ის პრეზიდენტი ობამას მიერ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობას დაემთხვა.

ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 10 ადამიანი დააკავა, რომლებიც ბოლო 10 წლის მანძილზე რუსეთის ჯაშუშობში არიან ეჭვმიტანილი. მეთერთმეტე ეჭვმიტანილი ძებნაშია. სავარაუდოდ ის ჯასუშებს ფულით ამარაგებდა და კრემლთან მათი შუამავალი იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ის იმედოვნებს, რომ დაკავებების შესახებ ოფიციალური განმარტების წერილი მალე მიუვა. ლავროვმა ისიც აღნიშნა, რომ:

„ამ მოქმედებების დრო ზედმიწევნით ფრთხილად იყო გათვლილი.“

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გრძელვადიანი გამოძიების შედეგები ვაშინგტონში სტუმრად მყოფი პრეზიდენტი მედვედევის გამგზავრებიდან ერთი დღის შემდეგ გამოაქვეყნა.

ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტობაში. მათი დავალება ამერიკის მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წრეებში გარევა და მოსკოვისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ანდრეი ნასტერნკოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ამ სახის მოქმედების ჩადენა „ცივი ომის ოპერაციას“ ჰგავს. მან ასევე მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ინცინდენტი ორ ქვეყანას შორის ახლახან დაწყებული „გადატვირთვის“ ფონზე ხდება.

მოსკოვში დაფუძნებული სტრატეგიული ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი ბატონი ალექსანდერ კონოვალოვი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბევრი რამ ჯერ ისევ დასაზუსტებელია:

რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებული პირები, ამერიკის თუ რუსეთის? ასევე საინტრესოა მათი ლეგალური სტატუსი, ჰქონდათ თუ არა მათ ამერიკული მწვანე ბარათები, ან მოქალაქეობა? თუ მათ ამერიკული მოქალქეობა აქვთ, მაშინ ისინი ამერიკელი ჯაშუშები გამოდიან და არა რუსი.

კონოვალოვმა ისიც აღნიშნა, რომ არავის უნდა უკვირდეს ის, რომ ქვეყნებს სხვა ქვეყნებში ჯაშუშები ჰყავთ:

„სადაზვერვო სამსახურები იმდენი ხანი იარსებებს, რამდენი ხანიც სახელმწიფოები. ეს ყველამ კარგად ვიცით და ამიტომ მიამიტობას თავი უნდა დავანებოთ.“

ამ ფონზე რუსეთის პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინს, რომელიც საბჭოთა კავშირის სადაზვერვო სამსახურის აგენტი იყო, მოსკოვში ვიზიტით მყოფ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ, ბილ კლინტონს შეხვედრა აქვს დანიშნული. პრემიერ მინისტრის წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრაზე ჯაშუშების დაკავების საქმე განხილული არ იქნება.

XS
SM
MD
LG