ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Human Rights Watch საქართველოს მთავრობის კრიტიკას ამძაფრებს


2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევა Human Rights Watch-ის ანგარიშში მოხვდა

გავლენიანმა ადამიანის უფლებათა დამცვის ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ (HRW) 2011 წლის ამსახველ 690 გვერდიან ანგარიშში, საქართველოს ექვსი გვერდი დაუთმო.

საქართველოს ხელისუფლება მკაცრად არის გაკრიტიკებული 2011 წლის 26 მაისის მიტინგის სასტიკი დარბევის გამო. შარშან, პარლამენტის წინ, მარგინალური ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციის დარბევას სამი მანიფესტანტის: ნოდარ ცხადაძის, ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის სიცოცხლე შეეწირა. ასევე დაიღუპა პოლიციის ლეიტენანტი ვლადიმერ მანსურაშვილი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოფიციალურმა თბილისმა ისევე არ გამოიძია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, როგორც ეს 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციების დარბევისას მოხდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიცია აკავებდა და სცემდა გაქცეულ დემონტრანტებს, მათ შორის ვინც წინააღმდეგობას აღარ უწევდა. უხეშად ჩაერია ჟურნალისტების საქმიანობაში, ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა რეპორტიორებს, დააზიანა და ჩამოართვა აპარატურა. ”ჰიუმან რაითს ვოჩის” წარმომადგენელი ევროპასა და შუა აზიაში გიორგი გოგია ამერიკის ხმასთან ამბობს

„26 მაისის აქციასთან დაკავშირებით საუბარია პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე. ასევე საუბარია, იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი სახის ძალის გამოყენებაზე ადეკვატური რეაგირება არ ხდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიციის მხრიდან 16 პოლიციელი იქნა დასჯილი და ოთხი - თანამდებობიდან განთავისუფლებული. ეს არ არის საკმარისი. იქედან გამომდინარე რომ ეს იყო შს სამინისტროს შიდა გამოძიება და ის საჯარო არ არის, საზოგადოებისთვის დღემდე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია თუ ვინ აგო პასუხი და რის გამო აგო პასუხი?!

სავარაუდოდ, გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის იქნა პასუხისგება, თუმცა არ იქნა პასუხისგება ცემის, ფიზიკური შეურაცყოფის და სხვა ფაქტებისათვის.“

„ჰიუმან რაითს ვოჩი“ საქართველოს ხელისუფლებას ასევე, სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან დევნილთა ძალის გამოყენებით გამოძევების გამო აკრიტიკებს; ანგარიშში წერია, რომ თბილისმა დევნილთა გამოსახლების დროს საერთაშორისო სტანდარტები დაარღვია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ციხეების გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩება. ოფიციალური თბილისი პირველად გააკრიტიკეს შრომის უფლების დარღვევის გამო. ამის მიზეზი გახდა შარშან სექტემბერში, ქუთაისში მეტალურგთა პროფკავშირების მიერ ორგანიზებული პროტესტი, რომელიც პოლიციამ ასევე ძალის გადამეტებით დაშალა.

როგორც წინა ანგარიშებში, „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ ახლაც მოუწოდა თბილისს 2008 წლის აგვისტოს დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ფაქტები გამოიძიოს.

უფლებადაცვითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საქართველოსთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები გააღრმავეს, მაგრამ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი წარმატებების მისაღწევად თავიანთი გავლენის ბერკეტები ვერ გამოიყენეს.

საკმარისზე მწვავე ანგარიშის კომენტირებისას, პრეზიდენტ სააკაშვილის პრეს-მდივანმა მანანა მანჯგალაძემ კერძოდ განაცხადა:

„ძალიან ყურადღებით ვეცნობით ყველა ინფორმაციას, რომელიც ადამიანის უფლებებს და მათ დაცვას ეხება. ეს ეხება როგორც ამ თემატიკაზე მომუშავე ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს. უნდა ითქვას, რომ ეს ჩვენთვის ყოველთვის საკმაოდ ღირებული და საინტერესო ინფორმაციის წყაროა და მნიშვნელოვანი თემაა.

შეიძლება ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ ყველა ინფორმაციასა და შეფასებას, რომელიც ასეთი სახის დოკუმენტებში არის მოცემული, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს.“

„ჰიუმან რაითს ვოჩი“ მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არაერთგავროვან მდგომარეობასთან ერთად, გასულ წელს საქართველოში მედიაგარემო შერეული იყო. ანგარიშში მოხვდა „ჯაშუში“ ფოტოგრაფების სკანდალური საქმე, , რომელსაც დღემდე გრიფით საიდუმლო ადევს.

„ადგილობრივმა და საერთაშორისო ჯგუფებმა ფოტოგრაფების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს. მათი აზრით, ფოტოგრაფები 26 მაისის აქციის დარბევის ფოტოების გავრცელების გამო დააკავეს.“ - აღნიშნულია ანგარიშში. ჰიუმან რაითს ვოჩი ასკვნის რომ საქართველოში შეზღუდული სატელევიზიო მაუწყებლობაა.

ნიშანდობლივია, რომ ამ ანგარიშის საქართველოსადმი მიძღვნილი ნაწილი ნაციონალური არხების ეთერში საერთოდ ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, ყველა ნაციონალურმა ტელეკომპანიამ, მათ შორის "იმედმა" და რუსთავი 2"-მა გუშინ მოამზადეს სიუჟეტი, სათაურით - „ჰიუმან რაითს ვოჩი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს“.

XS
SM
MD
LG