ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი - საკუთარი თავის ძიებაში ქვეყანა


რუსეთი - საკუთარი თავის ძიებაში ქვეყანა

ექსკლუზიური ინტერვიუ გენერალ ბრენტ სკოუკროფტთან

დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წელი სრულდება. „ამერიკის ხმა“ ამ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობაზე შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტების ჯერალდ ფორდის და ჯორჯ ბუში უფროსის ყოფილ მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, გენერალ ბრენტ სკოუკროფტს ესაუბრა.

შეკითხვაზე, თუ რამდენად იყო იმის ნიშნები, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი რეფორმატორი აღმოჩნდებოდა, გადამდგარმა გენერალმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საბჭოთა კავშირის სათავეში იყვნენ ლიდერები რომელთაც მუდმივად ქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები და ახალგაზრდა გორბაჩოვის მოსვლა უკვე ნიშნავდა, რომ სისტემის სტიმულირება უნდა მომხდარიყო.

„ის დაფიქრდა, თუ როგორ უნდა გაეგრძელებინა საბჭოთა კავშირს ცხოვრება. ვფიქრობ მან გადაწყვიტა, რომ გაეუმჯობესებინა შრომის პროდუქტიულობა. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი. მან დაიწყო კამპანია ლოთობის და კორუფციის წინააღმდეგ. ამასთანავე, მან დაიწყო კომუნისტური პარტიის სტიმულირება, რათა მომხდარიყო გარდაქმნა. ის არ იყო დემოკრატი, თუმცა მან დაიწყო ზრუნვა სისტემის გაუმჯობესება და ცდილობდა შეემცირებინა რეპრესიული მანქანა. ამით კი მოხდა სისტემისთვის ძირის გამოთხრა“ - განაცხადა სკოუკროფტმა.

მისი თქმით, გორბაჩოვმა მართალია ვერ შეძლო კომუნისტური პარტიის რეფორმირება, თუმცა, ხელი შეუწყო კომუნისტურ ქვეყნებში ე.წ. პატარა გორბაჩოვების გაჩენას. ამით კი პროცესი დაჩქარდა.

„ჩვენ ვცდილობდით რომ ამ პერიდოში გონივრულად გვემოქმედა, რადგან ერთი-მეორის მიყოლებით დაიწყო პროცესები, ბერლინში, უნგრეთში, პრაღაში. ჩვენ მოგვიწია, რომ ხელი შეგვეწყო სახალხო გამოსვლებისთვის, რომელსაც საბჭოთა კავშირი ეწინააღმდეგებოდა,“ - ამბობს სკოუკროფტი.

მისი თქმით, შეერთებული შტატები აკვირდებოდა მოვლენებს და ცხადი იყო, რომ თუკი გორბაჩოვი არ შეეწინააღმდეგებოდა ევროპაში დაწყებულ პროცესს, მაშინ მის წინააღმდეგ მოხდებოდა „მკაცრი კურსის“ მომხრეების გამოსვლა, ამიტომ საჭირო იყო მოვლენებზე დაკვირვება და ყოველი ფაზის ანალიზი.

შეკითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გზავნილი იყო დასავლეთისთვის გორბაჩოვის გადაწყვეტილება ავღანეთის დატოვების თაობაზე, გენერალმა სკოუკროფტმა აღნიშნა:

„ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩვენ ვფიქრობდით რომ ამის უმთავრესი მიზეზი იყო თავად რეჟიმის გამოფიტვა. არსებულ სისტემას სერიოზული პრობლემები ქონდა შექმნილი არა მხოლოდ იმიტომ, რომ გორბაჩოვი ცდილობდა ამის გარდაქმნას, არამედ თავად სისტემა იყო გამოფიტული,“ - დასძინა გენერალმა.

1991 წლის აგვისტოში რუსეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობის შეფასებისას, სკოუკროფტმა აღნიშნა, რომ მან ვერ გაამართლა, რადგან ეს იყო ცვლილების მოახლოებით შეშინებული ხალხი, ძირითადად კაგებეს და სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები. გენერლის თქმით, ეს იყო სასწრაფოდ დაგეგმილი აქცია, ყოველგვარი მომზადების გარეშე, რაც აღმოჩნდა მისი წარუმატებლობის მიზეზი. გენერალ სკოუკროფტის აზრით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ელცინის გამოჩენამ რომელიც ტანკზე ავიდა და იქიდან მიმართა ხალხს დემოკრატიის დასაცავად.

გენერალი სკოუკროფტი ამბობს, რომ ჩინეთისგან განსხვავებით, სადაც გლეხებს მისცეს მიწები საკუთრებაში და ამით შეინარჩუნეს კომუნისტური წყობა, გორბაჩოვი შეეცადა საბჭოთა მენტალიტეტის შეცვლას და ამას თან დაერთო გაძლიერებული ნაციონალიზმიც. სწორედ ეს ფაქტორები გახდა გადამწყვეტი საბჭოთა კავშირის დაშლისთვის.

შეკითხვაზე, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგ, გენერალმა აღნიშნა:

„ეს არის ქვეყანა რომელიც კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია. რუსეთში კვლავ კამათობენ იმაზე, თუ რომელი კულტურის ნაწილი არიან - ევროპულის თუ აზიურის. ვფიქრობ, ეს არის საკითხი რაზეც დებატები გრძელდება. რუსეთს ბოლო ოცი წლის მანძილზე ყავდა სამი ლიდერი - გორბაჩოვი, ელცინი და პუტინი. სამივე ერთმანეთისგან განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებდა. ვფიქრობ, რუსეთს კიდევ მრავალი წელი დასჭირდება, ვიდრე გაარკვევენ თუ ვინ არიან ისინი. ვფიქრობ ეს დასრულდება იმით, რომ იტყვიან: დიახ ჩვენ ევროპელები ვართ,“ - განაცხადა გენერალმა სკოუკროფტმა ინტერვიუს დასასრულს.

XS
SM
MD
LG