ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში მარიხუანას სპეციალური კლინიკები ყიდიან


კალიფორნიაში მარიხუანას სპეციალური კლინიკები ყიდიან
კალიფორნიაში მარიხუანას სპეციალური კლინიკები ყიდიან

კალიფორნიის ქალაქი ოკლენდი მარიხუანას წარმოებითაა სახელგანთქმული.

1996 წელს კალიფორნი ამერიკის პირველი შტატი გახდა, სადაც ოფიციალურად დაუშვეს სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას მოხმარება. ამერიკის კიდევ 13 შტატი და ქალაქი ვაშინგტონი ამავე მიზნისკენ მიისწრაფის.

ნოემბერში კალიფორნიამ მხარი არ დაუჭირა შტატის კონსტიტუციის მე-19 დამატებას, რომელიც მცირე დოზებით მარიხუანას გამოყენების ნებართვას იძლეოდა. ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, ეს ნარკოტიკი დღემდე არ არის ლეგალიზებული.

კალიფორნიაში მარიხუანა თავისუფლად შეიძლება შეიძინოთ სპეციალურ კლინიკებსა და დაწესებულებებში, თუ თქვენ აღრიცხული ხართ, როგორც პაციენტი და ექიმის შესაბამისი დანიშნულება გაგაჩნიათ.

ნოემბერში კალიფორნიელ კანონმდებლებს უნდა გადაწყვიტათ, დართავდნენ თუ არა ზრდასრულ მოქალაქეს ექიმის რეცეპტის გარეშე ერთი უნცია, ანუ 28 გრამი მარიხუანას გამოყენების უფლებას.

როგორც აღნიშნული კამპანიის მხარდამჭერთა წარმომადგენელი ქალბატონი ჯონსი აცხადებდა:

“ მცირე რაოდენობის მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კონტროლთან ერთად გადასახადების რეგულირებაც მოვახდინოთ.“

კალიფორნიის ქალაქი ოკლენდი მარიხუანასთან დაკავშირებული წარმოებითაა სახელგანთქმული. ერთერთი კერძო კლუბი გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ, თავის წევრებს ამ ნარკოტიკის მოხმარებისთვის აუცილებელი ნივთებით ამარაგებს. როგორც ამ ბიზნესის მფლობელი ჩად გილმორი ამბობს:

“ ჩვენ კანაფის პლანტაციებიდან მოყვანილი ნებისმიერი პროდუქტის რეალიზაციას ვახდენთ. მოსაწევი ჩიბუხებიდან დაწყებული, კანაფის ზეთიდან მიღებული თმის შამპუნებით დამთავრებული.“

ოკლენდში ძალზე პოპულარულია ოკსტერდამის უნივერსიტეტი, რომელსაც ეს სახელი მარიხუანას მექად წოდებული ამსტერდამის საპატივცემულოდ შეარქვეს. ამ სასწავლო დაწესებულებაში სტუდენტები მარიხუანას კულტივაციას სწავლობენ სპეციალურ კლინიკებში მუშაობასთან ერთად.

როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენელი სალვა იბრაჰიმი აცხადებს, სტუდენტები აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან:

“აქ არიან ირანელები, იაპონელები. გვატემალადან, კოსტა რიკადან, რუსეთიდან ჩამოსული სტუდენტები.“

18 წლის ხესუს ჰერნანდესი კალიფორნიის ქალაქ ალამედადან არის ჩამოსული. მარიხუანას მოშენებას იგი პერსპექტიულ ბიზნესად მიიჩნევს:

“მე აღნიშნულ წარმოებაში სერიოზულად ვაპირებ ჩართვას და იმდენი ფულის შოვნას, რამდენის შესაძლებლობაც მექნება.“

ქალაქ ოკლენდის მესვეურებს აღნიშნული ინდუსტრიის გაფართოების იმედი აქვთ. ივლისში ქალაქის საბჭომ მხარი დაუჭირა მარიხუანას კულტივაციისთვის საწარმოო საწყობების გამოყენების იდეას. როგორც საბჭოს წევრი ჯინ ქუანი მიიჩნევს, ეს ღონისძიება ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს. მისი თქმით:

“სამედიცინო მარიხუანა მხოლოდ აქ დასავლეთ სანაპიროზე იქნება, თუ მისი ლეგალიზების შემთხვევაში თამბაქოს წარმოების მსგავსად, ვირჯინიაშიც გავრცელდება, არავინ იცის, თუმცა ამ საქმით უკვე უამრავი ადამიანია დაინტერესებული, მათ შორის დიდი ფარმაცევტული კომპანიებიც.“

ოკლენდში მარიხუანას ლეგალიზაციას თითქმის არა ჰყავს მოწინააღმდგენი. თუმცა მთლიანად კალიფორნიის მასშტაბით, ბევრს არ მოსწონს ამგვარი ტენდენცია. როგორც ოკლენდის პოლიციის ყოფილი უფროსი და ამჟამად ქალაქ ფლეზენთ ჰილის სამართალდამცავთა თავკაცი პიტ დუნბარი აცხადებს,რომ მარიხუანა ფედერალური კანონმდებლობით აკრძალულია შეერთებულ შტატებში და მის ქალაქში არასოდეს მისცემენ მარიხუანას კლინიკებს მუშაობის საშუალებას. მისი თქმით:

“ამ გზით ოკლენდს ბიუჯეტის დეფიციტის შევსება სურს, თუმცა რამდენად მისაღებია ასეთი მეთოდებით საბიუჯეტო დეფიციტთან ბრძოლა ეს სხვა საკითხია.“

აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მარიხუანით ვაჭრობა კალიფორნიაშიც კი არ არის ნებადართული. უბრალოდ პაცინტებს კანაფის მოშენება შინაურ პირობებშიც შეუძლიათ.

XS
SM
MD
LG