ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ოპოზიციის წარმატებები და ახალი ტაქტიკა


რუსული ოპოზიციის წარმატებები და ახალი ტაქტიკა
რუსული ოპოზიციის წარმატებები და ახალი ტაქტიკა

ბორის ნემცოვი - შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატი

ვაშინგტონის ინსტიტუტმა სახელწოდებით „საგარეო პოლიტიკის ინიციატივამ“ გამართა კონფერენცია სახელწოდებით „ამერიკის ლიდერობის აღდგენა დემოკრატიულ სამყაროში“. კონფერენციას ინტერესი რუსი პოლიტიკოსების მონაწილეობამ შემატა. კერძოდ, კი ბორის ნემცოვის გამოსვლამ. ეს შეხვედრა „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციის კორესპონდენტმა ალექსეი პიმენოვმა გააშუქა.

ბორის ნემცოვი კონფერენციის მონაწილეებს რუსული დემოკრატიული ძალების მიღწევებზე ესაუბრა. ერთერთ ასეთ წარმატებად, მან მოსკოვის მერობიდან იური ლუჟკოვის გაშვება დაასახელა. მეორე მიღწევა კი ნემცოვის მტკიცებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ კრიტიკის გაძლიერებაა, რომელიც მის ეკონომიკურ პოლიტიკას შეეხება. ასევე ნემცოვის აზრით, მთავარი მიღწევა არის ის, რომ რუსეთში ოპოზიციურმა ძალებმა შეცვალეს მიდგომა არჩევნების მიმართ.

„ხოდორკოვსკის დაპატიმრების შემდეგ, ჩვენ უარი ვთქვით არჩევნებში მონაწილეობაზე. ტელევიზიებზე ასპროცენტიანი ცენზურის პირობებში ეს გადაწყვეტილება გამართლებული იყო. თუმცა ახლა ჩვენი პოზიცია შეიცვალა. ჩვენ გადავწყვიტეთ მივიღოთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ოპოზიციიდან ერთიანი კანდიდატი წამოვაყენოთ,“ - განაცხადა ნემცოვმა.

მან ოპოზიციის პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალი პრესის და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნა. ის დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ვითარების შეცვლა, იმ დროს, როდესაც რუსეთი კორუფციის დონის მიხედვით ცენტრალური აფრიკის ქვეყნების ვითარებას უახლოვდება.

მან სკეპტიკურად შეაფასა მთავრობის მიერ ინიცირებული მოდერნიზაციის ახალი პროექტები.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლკოვო ევროპაში ერთერთი უძვირესი ადგილია. საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრი იქ 50 ათასი დოლარი ღირს. არ არის შემთხვევითი, რომ ისეთმა ოლიგარქებმა როგორებიც არიან პოტანინი და პროხოროვი, იქ ფართების შეძენა არ დააყოვნეს. ვშიშობ, რომ პროექტი „სკოლკოვო“ მორიგი პოტიომკინის სოფელია,“ - დასძინა ნემცოვმა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთში არსებულ ვითარებაზე რეაგირების მოხდენა, ნემცოვმა აღნიშნა, რომ რუსეთში მიმდინარეობს დემოკრატიის ჩახშობა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. ამდენად, ნემცოვის აზრით, აუცილებელია სანქციების დაწესება არა ქვეყნის, არამედ ცალკეული პირების წინააღმდეგ, ვინც ანტიდემოკრატიულ ქმედებებშია მხილებული. მან ერთერთ ასეთ პიროვნებად დაასახელა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვლადისლავ სურკოვი. ნემცოვი დარწმუნებულია, რომ სწორედ სურკოვი არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის და ცენზურის მამამთავარი, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. ნემცოვის თქმით, არჩევნებს ქვეყანაში ფარსის სახე აქვს მიღებული. ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ამჟამინდელ პრემიე-მინისტრზეც ისაუბრა.

„აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ პუტინი სტალინისგან შორს დგას. ის უფრო სტალინის და აბრამოვიჩის კომბინაციაა, “ - განაცხადა ნემცოვმა.

მან რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების მიდგომაზეც გაამახვილა ყურადღება. ყოფილმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ კარგად ესმის, თუ რა არის რეალპოლიტიკა და ვაშინგტონს რუსეთის ტერიტორია ესაჭიროება ტრანზიტად, რათა მოამარაგოს ავღანური კამპანია.

„თუკი ტაქტიკური თვალსაზრისიით ეს პოზიცია გასაგებია, მაშინ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსითში დემოკრატიის ჩახშობაზე თვალის დახუჭვა ეს უკვე სტრატეგიული შეცდომა იქნება,“ - დასძინა ბორის ნემცოვმა. რაც შეეხება, თუ ვის იქნება ოპოზიციის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბორის ნემცოვმა აღნიშნა, რომ პირადად მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა უახლოეს ხანში განაცხადებს დაუპირისპირდეს თუ არა ხელისუფლების კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG