ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერძო საკუთრება- პრეზიდენტ ობამას პრიორიტეტი


„ჩვენ დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე რთული რეცესია გადავიტანეთ“

ჩატარებული კვლევების თანახმად, შეერთებულ შტატებში ეკონომიკური რეცესია გასული წლის ივნისში დასრულდა. თუმცა, პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ამერიკის მოსახლეობა კვლავ განიცდის კრიზისის შედეგებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გუშინ სატელევიზო ეთერში ისაუბრა და ამერიკელთა შეკითხვებსაც უპასუხა. უნდა ითქვას, რომ ამერიკელები ვინც პრეზიდენტს კითხვებს უსვამდა ძირითადად ქვეყნის ლიდერის მიმართ თბილ განწყობას გამოხატავდნენ. მოსახლეობას და პრეზიდენტს შორის საუბარი ბიზნესამბების არხმა „სიენბისიმ“ გადასცა.

ერთერთი ქალბატონი ვინც შეკითხვა დასვა ვეტერანების მომსახურე ჯგუფის ფინანსური საკითხების ოფიცერია. მან აღნიშნა, რომ საშუალო კლასის ამერიკელია და უკვე დაიღალა პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის დაცვით, და მისი კითხვა კი ასე ჟღერდა: „ეს არის ჩემი ახალი რეალობა?“

ეს კი 30 წლის ახალგაზრდა კაცია, რომელმაც სამართლის სკოლა დაამათავრა და უმუშევარია.

„ჩემი თაობის მრავალი წარმომადგენლის მსგავსად, მე მართლა ვამყარებდი თქვენზე დიდ იმედს და ეს იმედი უკვე კვდება და მე მინდა გკითხოთ, ჩემთვის ამერიკული ოცნება უკვე მკვდარია?“

ამაზე პრეზიდენტმა ობამამ ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა:

„რა თქმა უნდა არა. ჩვენ ისევ გაგვაჩნია მსოფლიოში შესანიშნავი უნივერსიტეტები. ჩვენ კვლავ გვაქვს ყველაზე დინამიური ეკონომიკა მთელ მსოფლიოში. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ჩვენთან ვაჭრობა არ ქონდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ის ხალხის ტკივილს ძალიან კარგად გრძნობს. თუმცა, მან დაიცვა საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა, განსაკუთრებით მთავრობის მიერ ფინანსური ინსტიტუტებისთვის შემუშავებული მასტიმულირებელი პაკეტი.

„ჩვენ დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე რთული რეცესია გადავიტანეთ. ფინანსური ბაზრები გაქრობის პირას იდგნენ და ეკონომიკა სულ უფრო იკუმშებოდა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა მიგვეღო ზომები, რათა ფინანსური სისტემა დანგრევისგან გადაგვერჩინა,“ - გაიხენა ობამამ კრიზისის ყველაზე რთული პერიოდი.

მას იმის აღნიშვნაც არ დავიწყებია, რომ მისმა ადმინისტრაციამ ჯორჯ ბუშის ხელისუფლებისგან მემკვიდრეობად მიიღო დიდი დეფიციტი ფედერალურ ბიუჯეტში და ომები ავღანეთსა და ერაყში. თუმცა, რესპუბლიკელები კი პირიქით - ქვეყნის ბიუჯეტში დეფიციტს ზრდასა და არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორედ პრეზიდენტ ობამას ადანაშაულებენ.

გადასახადების შემცირების პირობას კი პრეზიდენტი ვერ იძლევა. მისი თქმით, ამ გადასახადების 86 პროცენტი იმ ხალხზე მოდის, ვინც წელიწადში ერთ მილიონს გამოიმუშავებს. კრიტიკოსები კი პრეზიდენტ ობამას მსხვილი ბიზნესის მოქმედებაში ადანაშაულებენ. ობამა კი ამბობს, რომ „უოლ სტრიტმა“ და „მეინ სტრიტმა“ ანუ ბიზნესმა და რიგითმა ამერიკელებმა ერთად უნდა იმუშავონ ქვეყნის აყვავების მიზნით. პრეზიდენტ ობამას განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარებაა.

XS
SM
MD
LG