ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი უფლებადამცველი - ბარნი როსეტი


გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი უფლებადამცველი - ბარნი როსეტი

ამერიკა მას მე-20 საუკუნეში სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დამცველად მიიჩნევს

ბარნი როსეტი 1922 წელს ქალაქ ჩიკაგოში დაიბადა. ილინოისის შტატის ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახში იმ დროისთვის მოწინავე პროგრესული ტრადიციებით იზრდებოდა და დოგმების წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხე ხასიათის ადამიანად ჩამოყალიბდა.

ოთხი სხვადასხვა კოლეჯიდან ბოლოს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჯარში მოხვდა. სამხედრო სამსახურის შემდეგ კინოხელოვნებამ გაიტაცა და 1949 წელს პირველი ფილმიც გამოუშვა, სახელწოდებით „უცნაური გამარჯვება“. პირველი დოკუმენტური ნამუშევარი ფერადკანიან ამერიკელ ჯარისკაცებზე გადაიღო, რომელთაც ომის სისასტიკის შემდეგ შინ არანაკლებ ბოროტი და დაუნდობელი რასიზმი ელოდათ.

„ასე მოხდა ამ ფაქტების დოკუმენტირება. ამ ყველაფერში კარგი ის იყო, რომ ფილმის გაკეთება შეიძლებოდა. თანაც დოკუმენტური მასალის უმეტესი ნაწილი თავად ამერიკის მთავრობამ მოგვაწოდა. ხელისუფლებამ ნება დაგვრთო გამოგვეყენებინა კადრები, რომლებიც ისევ მათი ქმედების მაკომპრომეტირებელი იყო. ამან აღმაფრთოვანა“ - იგონებს ბარნი.

ერთხანს ნიუ იორკის გრინვიჩ ვილიჯის ბოჰემურ უბანში ცხოვრობდა. 50-იანების მუსიკაში, ფერწერაში თუ ლიტერატურაში ახალ-ახალი იდეები და მიმდინარეობები ერთმანეთს უსწრაფესად ცვლიდა. 1951 წელს ბარნი როსეტმა პატარა გაზეთი, „გროუვ-პრესი“ იყიდა და მალე ის ალტერნატიულ გამომცემლობად აქცია, რომელშიც არატრადიციული და ხშირად დინების საწინააღმდეგო ლიტერატურული მიმდინარეობის ავტორები აფარებდნენ თავს.

მისი გამომცემლობა ხშირად ხვდებოდა ჯერ სასამართლოს და შემდეგ მედიის საყოველთაო ყურადღების ცენტრში. 1959 წელს ბარნი როსეტთან გამოიცა ბრიტანეთში აკრძალული გახმაურებული წიგნის, „ლედი ჩატერლის საყვარლის“ სრული ვერსია, რომელიც ძალზე გულახდილი სექსუალური შინაარსის ეპიზოდებს შეიცავდა. წიგნის გამო ამერიკაში რამდენიმეწლიანი ხანგრძლივი სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის პრინციპულ ბრძოლაში გადაიზარდა. საქმე ბარნი როსეტმა ათი წლის შემდეგ, 1961 წელს მოიგო.

რამდენიმე წელიწადში ბარნის ჩვენებების მიცემა და თავის დაცვა კიდევ უფრო გახმაურებულ პროცესში მოუწია. საქმე შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს გადაეცა. ამერიკელი მწერლის ჰენრი მილერის ევროპაში გამოცემული წიგნი „კიბოს ტროპიკი“ სამშობლოში ბარნი როსეტის გამომცემლობაში დაბეჭდვამდე აკრძალული იყო. ბარნიმ შეძლო დაერწმუნებინა მოსამართლეები, რომ წიგნში არსებული უხამსობები მეორეხარისხოვანი იყო და უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამომცემლობის სასარგებლოდ გამოიტანა. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ნაწარმოებს იმ მასშტაბის „მაკომპენსირებელი სოციალური ღირებულება“ გააჩნია, რომ ის უბრალოდ არ შეიძლება უხამსობად ჩაითვალოს.

„თუკი ადამიანს საკუთარი თავის გამოხატვის უფლებას ავუკრძალავთ, ისინი ჯერ ერთი ბედნიერები ვერ იქნებიან. მეორეც: ვერ შეძლებენ შემოქმედებით განვითარებას იმის მიუხედავად, თუ რა დარგში მოღვაწეობენ, გნებავთ მეცნიერებაში, საბანკო საქმეში, ან ნებისმიერ სხვა სფეროში“ - ასე მიაჩნდა ბარნის.

ნეილ ორტენბერგი, ერთ-ერთი რეჟისორი ბარნი როსეტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „უხამსობა“, ამბობს, რომ ტალანტის აღმოჩენის ექსტრაორდინალურ უნართან ერთად სწორედ სიჯიუტემ და შეუპოვრობამ გახადა ბარნი როსეტი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ღირებული გამომცემელი.

გამომცემლის პროფესია ამერიკაში ყოველთვის ინტელიგენტურ საქმედ ითვლებოდა. ოღონდ არა ბარნისთვის. ის უფრო ქუჩის მოჩხუბარს გავდა, ვიდრე ჯენტლმენს. მას არასოდეს უფიქრია, რომ ქვეყნის გარდაქმნისთვის იბრძოლებდა. უბრალოდ მწყობრიდან ყველაზე უფრო 50-იანი წლების ამერიკის ფარისევლობას გამოჰყავდა და შემდეგ სპონტანურად, ნებისმიერი რისკის ფასად იბრძოდა იმისთვის, რაც უფრო სამართლიანად მიაჩნდა“ - აღნიშნავს რეჟისორი.

თავად ბარნი როსეტი ამ თვისებას ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში სპორტულ შეჯიბრებებზე გამომუშავებულ ნებისყოფას მიაწერდა. „ამტანობაზე მუშაობა მომიხდა, იოლად აღარ ვიღლებოდი. შემდეგ ეს თვისება პროფესიაშიც გამომადგა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე სიტყვის თავისუფლებას შეეხებოდა. ბედს არასოდეს დავნებებულვარ“ - ამბობს ბარნი.

ამერიკა ბარნი როსეტს საამაყო გამომცემლად და ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლების, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელოვან დამცველად თვლის. ის არაერთი პრესიტიჟული ჯილდოს და პრემიის მფლობელია. მათ შორის 2008 წელს ცენზურის საწინააღმდეგო ეროვნული კოალიციის და წიგნის ეროვნული ფონდის მიერ „ღირსეული სამსახურის გაწევისთვის“ გადაცემული ჯილდოცაა.

XS
SM
MD
LG