ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედიის თავისუფლება არაბული გაზაფხულის ქვეყნებში


მედიის თავისუფლება არაბული გაზაფხულის ქვეყნებში

ეგვიპტელი ჟურნალისტები გარდამავალ საბჭოს მედიის კონტროლში ადანაშაულებენ.

როდესაც ჰოსნი მუბარაქი გადადგა, ეგვიპტელები ხელისუფლების შეცვლასთან ერთად მედიაში ცენზურის გაუქმებასაც ზეიმობდნენ და ქვეყანაში პრესის თავისუფლების აყვავებას ელოდნენ.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ სიტყვის თავისუფლებას ეგვიპტეში ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევები ელის. დემონსტრანტთა ახალი დარბევა ქაიროში და ის, თუ როგორ გააშუქა მოვლენები სახელმწოფოს მიერ კონტროლირებადმა მედიამ, ამის საუკეთესო ნიმუშია.

სახელმწიფო მედიამ მოიმიზეზა, რომ აქციაზე მათი ოპონენტები შეიარაღებულნი მოვიდნენ და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გვესაუბრება მედიის სპეციალისტი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან ანალიტიკოსი ადელ ისკანდერი:

„ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ სამთავრობო სამაუწყებლო კომპანიებს, მათ დიქტორებს და ზოგადად, სახელმწიფო მედიას, რეფორმა არ შეხებია. პირიქით, მათი დამოკიდებულება ახალი ამბების მიმართ ზოგიერთი პარამეტრით გაუარესდა კიდეც. სამხედროების ხელი პოლიტიკური სიტუაციის და მედიის კონტროლის საქმეს კიდევ უფრო დაეტყო“ - აცხადებს ექსპერტი.

დამოუკიდებელმა წყაროებმა მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულიად განსხვავებული ფაქტები დაუპირისპირა. ძალოვნებმა თავის მხრივ სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყვეს, რომელზეც ხელისუფლებას დაქვემდებარებულ მედიას დაუჭირეს მხარი და მათ პოზიციას სწორი და მართებული უწოდეს.

ეგვიპტელი ჟურნალისტები გარდამავალ საბჭოს მედიის კონტროლში ადანაშაულებენ. დაიხურა იოსრი ფაუდას პოპულარული გადაცემა „ბოლო სიტყვა“. როგორც ამბობენ, მთავრობის მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუზის“ წარმომადგენელი, კარინ კარლეკარი, აღნიშნავს, რომ რეფორმა ეგვიპტის ძალოვან სტრუქტურებს არ შეხებია. მიტინგების დარბევას რამდენიმე ინტერნეტ-ბლოგერის დაპატიმრებაც მოჰყვა, რომლებიც სამხედრო ძალებს აკრიტიკებდნენ. სიტუაცია, ექსპერტის თქმით, შედარებით უკეთესია ტუნისში, ქვეყანაში, რომელმაც რეგიონში არაბული გაზაფხული მოიყვანა:

ტუნისმა ახლახან პრესის თავისუფლების შესახებ კანონი მიიღო. ეს ნამდვილად სწორი ნაბიჯი იყო. გაიმართა კამათი რეფორმის ლეგალურ მხარეზე და რეგულირების საკითხებზე. ბევრი საზოგადობრივი ჯგუფი, პროფესიული კავშირები და სხვა მრავალი ორგანიზაცია იყო ჩართული განხილვებში“ - აღნიშნავს ბატონი კარლეკარი.

რეგიონში ყველაზე ცუდი მდგომარეობა სიტყვის თავისუფლების მხრივ სირიაშია. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სამაუწყებლო მედია იქ იმდენად შეზღუდულია, რომ ინტერნეტი პრაქტიკულად ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩება.

თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს სირიიდან სარწმუნო, გადამოწმებული ინფორმაცია აღარ მიუღია. ახლახან გავრცელებული ვიდეო, რომელიც სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ჰომსში მომიტინგეების მიმართ გამოჩენილ სისასტიკეს ასახავს, ინტერნეტის შეუცვლელ როლს ადასტურებს. ამ პირობების გათვალისწინებით, ექსპერტებს ისიც უკვირთ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობა სირიაში დღესაც გრძელდება.

XS
SM
MD
LG