ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებს ბრალი ეგვიპტური არეულობის ხელშეწყობაში ედებათ


ამერიკელებს ბრალი ეგვიპტური არეულობის ხელშეწყობაში ედებათ

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა თანდათან იძაბება

ეგვიპტის ოფიციალურ პირთა განცხადებით ამერიკული ორგანიზაციები კრიმინალურ დანაშაულებებში ამხილეს. ეგვიპტის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად შეერთებული შტატების 19 მოქალაქეს ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილი პროდემოკრატიული მიტინგების წაქეზებაში ედებათ ბრალი.

ბრალდება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მან ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობაში დაძაბულობა შეიტანა. საუბარია ამერიკაში ბაზირებულ პროდემოკრატიულ ორგანიზაციებზე, რომლებიც ეგვიპტის მხარის განცხადებით უცხოური წარმოშობის ინვესტიციებს ეგვიპტეში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ინსპირირებისთვის იყენებს.

სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ეგვიპტის მინისტრთა კაბინეტის წევრმა ვაშინგტონი ქაოსის გამიზნულ შექმნაში და ქვეყნის აყვავების მიზანდასახულ ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ამერიკული არა-მომგებიანი ორგანიზაციები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ ეგვიპტის კანონმდებლობა არ დაურღვევიათ, რადგან ისინი მხარს არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერდნენ.

დეკემბერში ეგვიპტის უსაფრთხოებამ 17 ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკა მოაწყო. მათ შორის 4 ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციაში დოკუმენტები და კომპიუტერები შემოწმდა. აქციამ ობამას ადმინისტრაციის დიდი აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური ქაირო გააფრთხილა, რომ თუკი საკითხი სასწრაფოდ არ მოგვარდება, ეგვიპტეს ამერიკული დახმარება ერთ მილიარდზე მეტი თანხით შეუმცირდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენელი, მაიკლ პოზნერი აცხადებს, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა არ უნდა შეზღუდოს.

სიტუაციას 4 ამერიკულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით მე უფრო ფართო მასშტაბით განვიხილავ. ეს არის დისკუსია არასამთავრობოების როლზე ამა თუ იმ საზოგადოებაში. არსებობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ისეთი როგორიც ეგვიპტეში მოქმედი ეს 4 ჯგუფია და კიდევ არიან ადგილობრივი, ეგვიპტური არასამთავრობო ორგანიზაციები. ყოველ მათგანს აქვს უფლება ღიად და თავისუფლად იმოქმედოს. ისე, რომ არც მათი ბაზა, არც შინაარსი და არც სამუშაო პროცესი მთავრობის მხრიდან არ შევიწროვდეს“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ოთხივე ორგანიზაცია, რომელიც ეგვიპტესა და ამერიკას შორის გამწვავებული ურთიერთობის ეპიცენტრში იმყოფება, ვაშინგტონშია დაარსებული და თანხების გარკვეულ ნაწილს შეერთებული შტატების სამთავრობო ფონდიდან იღებს. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტი“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ არამარტო ეგვიპტეში, არამედ ათობით სხვა ქვეყანაში მუშაობენ. ჯგუფები ძირითადად პოლიტიკური პარტიების განათლებით არიან დაკავებული და მათ პლატფორმის განვითარებაში ეხმარებიან. ამას გარდა სამოქალაქო ჯგუფებს ასწავლიან, თუ როგორ შეუწყონ ხელი საკუთარი იდეების დამკვიდრებას და თრეინინგებს უტარებენ მონიტორებს, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლების როლში გამოდიან.

მიშელ დუნი ვაშინგტონის კვლევითი ინსტიტუტის, ატლანტიკური საბჭოს ექსპერტია. ისიც თვლის, რომ ეგვიპტური არასამთავრობოების მოქმედება მხოლოდ საერთაშორისო კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.

„აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ჯანსაღი და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება ისევე მნიშვნელოვანია დემოკრატიზაციის პროცესისთვის, როგორც თავისუფალი არჩევნები. მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები ეგვიპტეში ისევე მუშაობენ, როგორც მთელ დანარჩენ მსოფლიოში. არაფერია უჩვეულო ან საეჭვო არც ამერიკული და არც ეგვიპტური არასამთავრობოების ქმედებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებს და ეგვიპტეს შორის ახალი გაგება უნდა ჩამოყალიბდეს“ - აღნიშნავს ექსპერტი ეგვიპტის საკითხებში.

უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ამერიკა პროდემოკრატიულ ჯგუფებს ისეთ ქვეყნებში აფინანსებდა, როგორიცაა რუსეთი, ზიმბაბვე და ვენესუელა. ამ ქვეყნებში ყოფილა მომენტები, როცა მათი საქმიანობა შევიწროვდა და უცხო ქვეყნის ინტერესების სამსახურის ბრალდებით ეჭვქვეშ დადგა.

ერიკ ტაგერი ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ეგვიპტურმა სახელმწიფო მედიამ პროდემოკრატიული ჯგუფების საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ფალსიფიცირებული კამპანია უნდა შეწყვიტოს:

„სახელმწიფო პრესა არასამთავრობოების საკითხთან დაკავშირებით ძალიან აგრესიული გახდა. მათ ძირითადად ამერიკის მარიონეტებად ხატავენ“ - ამბობს ბატონი ტაგერი.

ვაშინგტონს და ქაიროს შორის უთანხმოება ამ საკითხთან დაკავშირებით გრძელდება. ადამიანის უფლებათა დამცველები კი იმედოვნებენ, რომ ეგვიპტის სასამართლო იმ ბრალდებებს, რომელიც არასამთავრობოებს წაუყენეს, მტკიცებულებათა არარსებობის გამო მათ მალე მოუხსნის.

XS
SM
MD
LG