ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინფლაცია-ეგვიპტის კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი


ინფლაცია-ეგვიპტის კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი

მუბარაქის გადაყენებაში თავისი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ ეგვიპტელების ლტოლვამ თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი არამედ სურსათის ფასის ზრდამაც.

გასულ კვირას პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადაყენებაში თავისი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ ეგვიპტელების ლტოლვამ თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი არამედ სურსათის ფასის ზრდამაც. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბევრი სხვა განვითარებადი ქვეყანა სასურსათო პროდუქტებზე მზარდი ფასების წინაშე დგას. ისინი ეგვიპტეში მომხდარ მოვლენებს სწორედ ამ კუთხით ადევნებდნენ თვალ-ყურს და ახლა შესაბამის სცენარებს ავითარებენ, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტივ ბარაგონა.

რეპრესიებმა მთავრობის მხრიდან, ფართოდ გავრცელებულმა კორუფციამ, უმუშევრობის მაღალმა დონემ და სიღარიბემ დემონსტრანტები მუბარაქის რეჟიმის წინააღმდეგ გააერთიანა. მაგრამ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეგვიპტეში ისტორიული მნიშვნელობის სახალხო გამოსვლების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ სასურსათო პროდუქტებზე მზარდი ფასები გახლდათ.

გასულ წელს ხორბლის გლობალური ფასი 60 პროცენტით გაიზარდა. ეგვიპტე კი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა გახლავთ.

თუმცა, როგორც არსამთავრობო ორგანიზაცია ActionAid-ის ანალიტიკოსი მარი ბრილი აღნიშნავს, ეს ყოველთვის ასე არ იყო.

„ირონიულად მეჩვენება ის, რომ ბოლოდროინდელი პოლიტიკური არეულობა პურის რიგებმა გამოიწვია. გასული საუკუნის 60-იან წლებში ეგვიპტე ხომ ხორბლის მწარმოებელი ქვეყანა იყო და საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა,“ აღნიშნავს მარი ბრილი.

მაშ რა მოხდა? ბრილის თქმით, გასათვალისწინებელია ის რაც ეგვიპტეში 1980-იან და 1990-იან წლებში მოხდა. მაშინ შეერთებული შტატები, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი განვითარებად ქვეყნებს ხელს უწყობდნენ რათა მათ იაფი ხორბალი შეერთებული შტატებისგან და სხვა ქვეყნებისგან ეყიდათ, ხოლო საკუთარი სოფლის მეურნეობა მხოლოდ ექსპორტისთვის განკუთვნილ კულტურებს დაეთმოთ.

„სწორედ ამგვარ პოლიტიკას ახორციელებდნენ მაშინ არა მხოლოდ ეგვიპტესა თუ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ შედეგად ეგვიპტე ხორბლის იმპორტზე სულ უფრო და უფრო დამოკიდებული გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეგვიპტე ხორბლის ფასის ზრდისა და ცვალებადობისგან დაუცველი აღმოჩნდა,“ აღნიშნავს ანალიტიკოსი.

სხვები კი ხაზს უსვამენ იმას, რომ ეგვიპტის დაუცველობის ფესვები უფრო ღრმად არის გადგმული. დემოკრატიული რეფორმების მომხრე აქტივისტი მოჰამედ ელჯამი მთავარ გამომწვევ ფაქტორად 1950-იან წლებში ჩატარებულ მიწის რეფორმასა და ეგვიპტის მთავრობის არაეფექტურ მართვას ასახელებს და არა ვაშინგტონის ეკონომიკურ პოლიტიკას.

„არაბული რეჟიმები საკუთარ შეცდომებს სწორედ ამ გარემოებით ამართლებდნენ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კორუფცია მემკვიდრეობით გადადის. იგივე შეიძლება ითქვას ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე. ამდენად, წარუმატებლობა სინამდვილეში ეგვიპტის სამხედრო რეჟიმის ხასიათს უკავშირდება და არა საერთაშორისო სავალუტო ფონდს ან რაიმე სხვა ფაქტორს,“ აღნიშნა ელჯამიმ.

რაც არ უნდა იყოს წარუმატებელი პოლიტიკის მთავარი მიზეზი, ეგვიპტეში მოსახლეობის ზრდამ სურსათის წარმოებას გაუსწრო.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის ფონზე ეგვიპტის მთავრობას სუბსიდირებული პურის განაწილების პროგრამის შესანარჩუნებლად ხორბლის იმპორტისთვის ბევრის გადახდა მოუხდა. ქვეყანა ისედაც ღრმად არის ჩაფლული ვალებში, რამაც პეტერსონის სახელობის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მოჰსინ ხანის აზრით ეგვიპტის მთავრობას სახალხო დემონსტრაციების წინააღმდეგ სათანადო ზომების მიღება მნიშვნელოვნად გაურთულა.

„მათ არ შეეძლოთ იმის გაკეთება, რაც ალჟირის მსგავსად ნავთობის მწარმოებელ ქვეყანას შეეძლო. ამაში უწინარეს ყოვლისა ვგულისხმობ იმას, რომ სახალხო არეულობის შემთხვევაში მთავრობამ პრობლემების მოსაგვარებლად ფული გამოიყენა,“ აღნიშნა ეკონომისტმა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო გამოსვლების შემდეგ ალჟირის მთავრობამ ხორბლის მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიძინა და პურის ფასზე მკაცრი კონტროლი დააწესა. თუმცა ყველა ალჟირელი ამით არ დაკმაყოფილდა და ბევრი დემონსტრანტი ამ გასულ შაბათ-კვირას ქუჩებს დაუბრუნდა.

ნიშანდობლივია, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, 77 დაბალშემოსავლიანი ქვეყანა საკვები პროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული.

ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სახალხო დემონსტრაციების ალბათობა საკვების ფასების მომატების პარალელურად გაიზრდება.

XS
SM
MD
LG