ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია ქვეყნის გაერთიანების მეოცე წლისთავს ზეიმობს


გერმანია ქვეყნის გაერთიანების მეოცე წლისთავს ზეიმობს
გერმანია ქვეყნის გაერთიანების მეოცე წლისთავს ზეიმობს

რკინის ფარდის შედეგების აღქმა ალბათ ყველაზე კარგად იგრძნობა გერმანიის პატარა სოფელ მუდლაროიტში.

3 ოქტომბერს გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების მეოცე წლისთავს იზეიმებენ. ამერიკის ხმის კორესპონდენტმა ჯენიფერ გლასმა გერმანული სოფელი მოინახულა, რომელიც ოთხი ათწლეულის მანძილზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაყოფილი იყო. ეს სოფელი წარსულში გერმანიის გაყოფის სიმბოლო გახდა.

რკინის ფარდის შედეგების აღქმა ალბათ ყველაზე კარგად იგრძნობა გერმანიის პატარა სოფელ მუდლაროიტში. სოფელში მხოლოდ 50 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს დასახლება ოთხი ათწლეულის მანძილზე გაყოფილი იყო.

სოფელს მაღალი თეთრი კედელი ორ ნაწილად ყოფს, რომლის ზედა ნაწილი ეკლიანი მავთულით არის მორთული. ამას გარდა ორივე მხარეს სათვალთვალო კოშკები დგას. ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე სოფლის მოსახლეობას სწორედ ამ პირობებში უხდებოდა ცხოვრება.

1945 წელს გერმანიის უპირობო კაპიტულაციის შემდეგ გამარჯვებულმა მოკავშირეებმა ქვეყანა ოთხ სამხედრო ზონად გაყვეს. ფრანგებმა გერმანიის სამხრეთდასავლეთი რეგიონი ჩაიბარეს, ბრიტანელებმა ჩრდილოთდასავლეთი, შეერთებულმა შტატებმა სამხრეთი, ხოლო საბჭოთა კავშირმა კი აღმოსავლეთი ნაწილი.

შედეგად ორი ქვეყანა წარმოიქმნა - ნატოს წევრი და საპარლამენტო დემოკრატია დასავლეთ გერმანია, რომელიც შემდგომში ევროკავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი სახელმწიფო და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდა, და აღმოსავლეთ გერმანია, საბჭოთა კავშირთან დაახლოებული ტოტალიტარული სტალინისტური დიქტატურა.

გერმანიის გაყოფა ჯერ ღობით დაიწყო, რომელიც შემდგომში კედელში გადაიზრდა. სოფელი მუდლაროიტიც ორად გაიყო.

ქვეყანა 1990 წელს გაერთიანდა, როცა აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობა დაემხო და ბერლინის კედელი დაინგრა.

მუდლაროიტი ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმად გადაიქცა, რომელიც ყოველწლიურად 60,000 სტუმარს იზიდავს.

ტურისტებს მუზეუმში დოკუმენტურ ფილმს ანახებენ, რომელშიც ასახულია სოფლის გაყოფა. ექსკურსიამძღოლი ხეიკო ულტჩი აღნიშნავს, რომ დოკუმენტური ფილმი ტურისტებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მისი თქმით:

„მე შემხვედრია ხალხი, ვისაც ამ ფილმის ყურების შემდეგ ეტირება. ბევრი ამბობს, რომ ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ ის რაც მუდლაროიტსა და გერმანიაში მოხდა.“

ამერიკელ ტურისტს ემი ლედს უკვირს, რომ სულ რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებულ მეზობლებს იმ ხანებში ერთმანეთის ნახვა არ შეეძლო.

„მე ვერც წარმომიდგენია თუ როგორ ვიგრძნობდი თავს თუ ერთ მშვენიერ დღეს მე მეტყოდნენ, რომ მეორე მხარეს გადასვლა აღარ შეიძლებოდა,“ აღნიშნა მან.

გერმანელი ტურისტი ბერგ ოზმინსკი კი აღნიშნავს, რომ მის ბავშვებს გერმანიის გაყოფის ამბავი არ ესმით რადგან ქვეყნის გაერთიანება მათ დაბადებამდე დიდი ხნით ადრე მოხდა.

„ვფიქრობ ახლა ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის არავითარი სხვაობა არ შეინიშნება. ახალგაზრდები ერთნაირად იზრდებიან. ამდენად მე მიმაჩნია, რომ ქვეყნის გაერთიანება დასრულებულია,“ აღნიშნა ოზმინსკიმ.

მაგრამ გაერთიანება კვლავინდებურად უკმაყოფილებას იწვევს ორივე მხარეს. აღმოსავლეთ გერმანიაში უმუშევრობა უფრო მაღალია ვიდრე დასავლეთ გერმანიაში და ზოგიერთი დასავლეთ გერმანელი აღნიშნავს, რომ გაერთიანება მათ ძვირად დაუჯდათ. ამასთან დაკავშირებით გერმანელი ისტორიკოსი ჯულიან შატერლი დასძენს:

„საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად აღმოსავლეთ გერმანელთა 45 პროცენტი ფიქრობს, რომ გაერთიანებამ მათ დიდი მოგება ვერ მოუტანა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარზე მეტი ამ

გერმანიაში ბევრს მიაჩნია, რომ ქვეყნის გაერთიანების პროცესი თითქმის დასრულებულია. ისინი გამოთქვამენ იმედს, რომ მათ ცნობიერებაში ქვეყანა აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად აღარასოდეს იქნება დაყოფილი.

XS
SM
MD
LG