ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი 2012 წლის ოლიმპიადისთვის ემზადება


ლონდონი 2012 წლის ოლიმპიადისთვის ემზადება
ლონდონი 2012 წლის ოლიმპიადისთვის ემზადება

ლონდონის ოლიმპიური თამაშები 14,5 მილიარდი დოლარი დაჯდება.

გამოჩენილი სპორტსმენები და პოლიტიკოსები ლონდონში შეიკრიბნენ ოლიმპიური სოფელის მშენებლობის დასათვალიერებლად, სადაც ორი წლის შემდეგ 2012 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს რომ მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რასაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც ადასტურებს.

ლონდონის ცათამბჯენების გვერდით, ქალაქის ცენტრში მთელს ევროპაში უდიდესი მშენებლობაა გაჩაღებული. ათასობით მშენებელი მონაწილეობს ამ გრანდიოზულ პროექტში. ლონდონის ოლიმპიური სოფელი მშენებარე სტადიონების კარკასებითაა გადაჭედილი.

ორი წლის შემდეგ, როდესაც ოლიმპიური ცეცხლი ლონდონის მთავარ სტადიონზე აბრიალდება 30-ე ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიაში მსოფლიოს 205 ქვეყნის ათლეტები მიიღებენ მონაწილეობას.

ოლიმპიადის დაწყებამდე ორი წლით ადრე ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი სპრინტერი მაილკ ჯონსონი უკვე ვარჯიშობს მშენებარე სტადიონის სარბენ ბილიკებზე. აქვეა ბრიტანელი ველოსიპედისტი ქრის ჰოი, რომელსაც ველოდრომზე წარმატების იმედი აქვს. სულ მალე ჩადგება მწყობრში ოლიმპიური საწყალოსნო კომპლექსი და ახალთახალი კალათბურთის სტადიონი.

ოლიმპიური სოფლის მშენებლობა უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ საქმისთვის 14,5 მილიარდი დოლარია გამოყოფილი, იმაზე სამჯერ მეტი ვიდრე წინასწარ იყო დაგეგმილი. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის გამო ბრიტანეთის მთავრობა არ გამორიცხავს დაფინანსების შემცირებას, თუმცა ოლიმპიური თამაშების მთავარ პროექტებს სარფთხე არ ემუქრება.

ჟურნალ ეკონომისტის რეპორტიორი პატრიკ ლეინი მიიჩნევს რომ ბიუჯეტი ზედმეტად არის გაბერილი. მისი თქმით:“ ეს ღონისძიება არამარტო სპორტულ ფესტივალად, არამედ რეგენერაციის პროექტად იყო ჩაფიქრებული. ორივე შემთხვევაში ის ძალზე ძვირი ჯდება.“

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კეის მილსი არ იზიარებს ამ მოსაზრებას. ამასწინად ლონდონში ახალი რკინიგზის სადგური გაიხსნა, რომელიც ოლიმპიური სოფლის ერთი ბოლოდან მეორეში გადაიყვანს მგზავრებს და ლამანშის ქვეშ გაყვანილი გვირაბით ევროპასაც დაუკავშირდება. ამ სადგურის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ბატონმა მილსმა ასე განაცხადა:“ მაშინ როდესაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, სწორედ 2012 წლის ოლიმპიური თამაშები შეიძლება გახდეს ბირტანეთის ეკონომიკის სტიმულატორი, რაც ქვეყანას რეცესიის საფრთხისგან დაიცავს.“

აღსანიშნავია რომ ლონდონელთა სამი-მეოთხედი მხარს უჭერს დედაქალაქში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას. რაც შესაძლოა ქვეყნის ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი დაუჯდეს, მაგრამ როგორც ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები აცხადებენ ეს ლონდონის განახლებას გამოიწვევს, რომელმაც უნდა იამაყოს რომ მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ზეიმს უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG