ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ინდოეთის პიკასო“ გარდაიცვალა


„ინდოეთის პიკასო“ გარდაიცვალა

ჰასეინმა დათმო ინდოეთის მოქალაქეობა, რამაც ინდოეთში აღშფოთების ახალი ტალღა გამოიწვია.

ლონდონში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ინდოელი მხატვარი მაქბულ ფიდა ჰასეინი. მხატვარი 2006 წლიდან ნებაყოფლობით გადასახლებაში იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც ინდუისტმა ექსტრემისტებმა მისი ხელოვნება ჰინდუიზმის წინააღმდეგ მონათლეს.

კერძოდ კი მხატვრმა ინდუსიტი ღმერთები დედიშობილა დახატა, ხოლო თავად ინდოეთი შიშველი ქალის სახით წარმოადგინა. მხატვრის მიერ ქვეყნის დატოვებამ დებატები გამოიწვია იმის შესახებ, თუ რამდენად თავისუფალია ხელოვნება ინდოეთში.

მხატვარს ინდოეთში „ინდოეთის პიკასოს“ ეძახდნენ და მისი ნამუშევრები მილიონებად არის შეფასებული. ნეჰა კირპალი, რომელიც ინდოეთის ხელოვნების ცენტრის დამაარსებელია, ამბობს:

"ფიდა ჰასეინის ნამუშევრებმა ინდოეთის თანამედროვე ხელოვნება მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში მოახდინა."

მაგრამ მუსლიმი მხატვრის ნამუშევრებმა ინდუისტებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მას ანტი-ჰინდუიზმში დასდეს ბრალი. მათ ფულადი ჯილდოც კი დააწესეს მხატვრის მოკვლისთვის, გაანადგურეს მისი ნამუშევრები და სასამართლოში არაერთხელ უჩივლეს.

2006 წელს მხატვარმა დატოვა სამშობლო და დუბაიში გადავიდა. ოთხი წლის შემდეგ მაქბულ ფიდა ჰასეინი კატარის მოქალაქე გახდა. თუმცა მხატვარს არცერთხელ არ დასცდენია უკმაყოფილება და ამბობდა, რომ მისი ფესვები ინდოეთშია და ქვეყანა მხოლოდ მისი ხელოვნების გაფართოების მიზნით დატოვა.

მხატვარმა განაცხადა, რომ მისი ხელოვნება ჰინდუიზმის დაკნინებას არ ისახავდა მიზნად და ბოდიში მოიხადა, რომ მისმა ნამუშევრებმა უკმაყოფილება გამოიწვია.

"მე თანამედროვე ხელოვნების მიმდევარი ვარ, რაც ძალიან რთული გასაგებია. დავხატე ქალი რომელიც შიშველია, მაგრამ ქალის სხეული ნამუშევარზე აბსტრაქტულად და არარეალურად არის წარმოდგენილი. "

ჰასეინმა დათმო ინდოეთის მოქალაქეობა, რამაც ინდოეთში აღშფოთების ახალი ტალღა გამოიწვია. ამ შემთხვევაში უკვე ინდოეთის ხელოვანთა წრეებში. ინდოელი ხელოვანები მთავრობას ადანაშაულებენ, რომ ქვეყნის ყველაზე სახელგანთქმული მხატვრის უფლებები არ იქნა დაცული და იგი იძულებული შეიქნა ქვეყნიდან გახიზნულიყო.

თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ მაქბულ ფიდა ჰასეინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ თუ ეს უკანასკნელი ამის სურვილს გამოხატავდა. როგორც ნეჰა კირპალი ამბობს, მიმდინარე წლის დასაწყისში ახალ დელიში ხელოვნების საერთაშორისო ღონისძიებაზე მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, და ამ გამოფენის უსაფრთხოება სწორედ რომ მთავრობამ ითავა:

"გასული ორი წლის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ მისი ნამუშევრების გამოფენის ჩატარება, რადგანაც არაერთხელ იყო მცდელობა მისი ნამუშევრებზე თავდასხმისა და რამდენჯერმე დააზიანეს კიდეც ნახატები. "

მხატვრის სამშობლოს გარეთ გარდაცვალებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ინდოეთში ხელოვნების თავისუფლების თემა. ნეჰა კირპალი თვლის რომ:

"არა მარტო ცნობილი მხატვრის ხელოვნება, არამედ ზოგადად სახელმწიფო მოვალეა დაიცვას ნებსიმიერი სახის აზრის გადმოცემა. ეს ადამიანის ფუნდამენტალური უფლებაა, და თუ ადამიანის ეს ელემენტარული უფლება ირღვევა, და იგი იძულებულია სამშობლო დატოვოს, ეს ჯანსაღი საზოგადოებისთვის მიუღებელი უნდა იყოს."

ინდოეთის ხელოვანთა წრეებში თვლიან, რომ სიშიშვლე არ უნდა იყოს აღქმული როგორც უხამსობა, არამედ როგორც თანამედროვე თუ კლასიკური ინდური ხელოვნების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

XS
SM
MD
LG