ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულ-ოსური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი


ქართულ-ოსური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
ქართულ-ოსური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

ჟენევა ერთადერთი ადგილია, სადაც ქართველი და ოსი პოლიტიკოსები ერთმენეთს ხვდებიან და წინადადებებს უზიარებენ.

მოლაპარაკებების ციკლი ჟენევაში ოსურ მხარესთან გრძელდება. დღეს იქ მორიგი, მე–16 რაუნდი მიმდინარეობს. როცა ექსპერტების უმეტესობას მოლაპარაკებების ამ ფორმატის ეფექტურობისა და შედეგუნარიანობის შესახებ ვეკითხებით, ამბობენ, რომ შეხვედრების გამართვა აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს. ძირითად მიზეზად კი იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ქართველი და ოსი პოლიტიკოსები ერთმენეთს ხვდებიან და წინადადებებს უზიარებენ. შესაძლოა ამ ეტაპამდე მოლაპარაკებების მკაფიო შედეგი არც დამდგარა, თუმცა თავად ურთიერთობის შესაძლებლობა იმდენად მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომ მისი გაგრძელების სურვილს ყველა ამჟღავნებს.

დაახლოებით 10 დღის წინ, ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესი შედგა. მანამდეც იყო შემთხვევები, როდესაც დაკავებულ ადამიანებს ჯერ ერთი მხარე მიიყვანდა ადმინისტრაციულ საზღვართან და უკან დააბრუნებდა, მეორე დღეს კი იგივეს მეორე მხარე აკეთებდა, თუმცა ოფიციალურად „გადაცვლას“ ამას არავინ უწოდებდა. 10 დღის წინ შვიდ–შვიდი დაკავებული გაცვლას კი გაცვლა დაერქვა. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები ციხეებში ორივე მხარეს ჯერაც რჩებიან, რამდენად შეიძლება გადაცვლის შემდგარ ფაქტსა და ჟენევის მოლაპარაკებებს შორის კავშირი არსებობდეს? ამის შესახებ სტრატეგიული კვლევების კავკასიის ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ერთის მხრივ, შესაძლოა ტყვეთა გაცვლის ფაქტი განვიხილოთ, როგორც ჟენევის ფორმატის წარმატება, თუმცა ამაში დარწმუნებულები რომ ვიყოთ, ასეთი შეფასების საფუძველს სხვა ფაქტებიც უნდა ამყარებდეს და მხოლოდ ვარაუდის დონეზე არ უნდა ვრჩებოდეთ. საქმე ისაა, ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა შეთანხმებები მიიღება ჟენევაში, არავინ აქვეყნებს, რაც დანარჩენ საზოგადოებას მხოლოდ ვარაუდების დონეზე ამყოფებს. „ტყვეთა გაცვლა ჩემთვისაც დიდ მოულოდნელობას წარმოადგენდა. ამავეს აცხადებდნენ ცხინვალში მცხოვრები ადამიანებიც“.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ შეხვედრები ჟენევაში შესაძლებლობას იძლევა კონფლიქტის ესკალაცია თავიდან იქნას აცილებული. იგი ამ ყველაფერში დასავლელი პარტნიორების წვლილს ყველაზე ხაზგასმით აღნიშნავს:

„დღეს ყველაზე მეტად იმას ცდილობენ, შეინარჩუნონ ის, რაც აქამდეა მოპოვებული. ჩვენი ხელისუფლება, 2008 წლის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ესკალაციაზე ვერ წავა“.

ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდზე, რომელიც დღეს იმართება, ქართული მხარე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების საკითხს დააყენებს, აფხაზური მხარე კი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მდგომარეობის შესახებ ფოტომასალებს წარადგენს.

XS
SM
MD
LG