ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დისტანციური იურიდული დახმარება ქართველი ემიგრანტებისთვის


დისტანციური იურიდული დახმარება ქართველი ემიგრანტებისთვის
დისტანციური იურიდული დახმარება ქართველი ემიგრანტებისთვის

ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველო ათასობით მოქალაქემ დატოვა. ემიგრანტთა რიცხვი 1, 500 000-დან 1, 700 000 -მდე მერყეობს. უფრო ზუსტი სტატისტიკის დადგენას ართულებს ის, რომ ემიგრანტთა თითქმის 50%-ი საზღვარგარეთ არალეგალური სტატუსით იმყოფება.

თუ 90-ანი წლების დასაწყისში ემიგრაციას საქართველოდან პოლიტიკური მოტივაცია ახასიათებდა, ბოლო წლებში ემიგრირების მიზეზად უმუშევრობა, უცხოეთში განათლების მიღების სურვილი და ქორწინება სახელდება.

უცხოეთში გადახვეწილ ადამიანებს რიგი პრობლემების მოგვარება ესაჭიროებათ. სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში მათ საელჩოებთან ერთად დაეხმარება ახალი სოციალური პროგრამა, რომელიც საადვოკატო ბიუროს ბაზაზე აამოქმედა ბიუროს ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისივე თქმით ემიგრაციაში მყოფთათვის შესაძლებელი გახდება საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიღონ იურიდიული მომსახურეობა, რაც მათ დაეხმარება ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვის, განათლების მიღების, მოქალაქეობის საკითხის, მართვის მოწმობის, ქორწინების, საპენსიო საკითხების, გადაადგილების თავისუფლების და სხვა უფლებების გადაწყვეტაში.

პირველად საქართველოს ემიგრანტებისთვის შესაძლებელი გახდა იურიდიული მომსახურების მიღება დისტანციურად, ამბობს პროექტის წარმომადგენელი ნინო მელია :

”ემიგრანტს უკვე შეუძლია მოაწესრიგოს დოკუმენტები, მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტი საკონსულოს გვერდის ავლით, სახლიდან გაუსვლელად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენ ემიგრანტებს 5 ძირითად მომსახურეობას ვთავაზობთ: პირველი, ქორწინების შესახებ ცნობა, რომელსაც უფრო ზუსტად ჰქვია ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის ფლობის შესახებ ცნობა. ეს ცნობა მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ იქორწინონ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ადგილობრივი ქვეყნის კანონის შესაბამისად, რაც შემდგომში მათ ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლების მიღებაში დაეხმარება. ემიგრანტებს ასევე ხშირად უწევთ მუშაობისა და ცხოვრების ნებართვის მიღება, სჭირდებათ მართვის მოწმობა. ამისთვის მათ სჭირდებათ საქართველოდან მიიღონ ცნობა ნასამართლეობის შესახებ. ჩვენ ამ ცნობის მოპოვებაშიც ვეხმარებით და მივაწვდით ადგილზე. ემიგრანტებს შეუძლიათ ძალიან ოპერატიულად მიიღონ ჩვენგან ეს მომსახურებები სახლიდან გაუსვლელად. იქიდან გამომდინარე, რომ ემიგრანტებს საქართველოში უძრავი და მოძრავი ქონება აქვთ, სამოქალაქო და საოჯახო უფლებები და ვალდებულებები, რაც წარმოშობს სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობებს სახელმწიფო ორგანოებთან, სასამართლოებთან, ან მესამე პირთან, ჩვენ მათ ამ ორგანოებთან მიმართებაში ვთავაზობთ წარმომადგენლობას ”.

აღნიშნული სოციალური პროექტის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ აქვთ მუდმივი კავშირი ემიგრანტებთან : ელექტრონული ფოსტა, ფაქსი, სოციალური ქსელები და ტელეფონი. ყველა თანამედროვე კომუნიკაციის საშუალება შეიძლება იქნას გამოყენებული ჩვენთან დასაკავშირებლად. ჩვენ ვთავაზობთ ემიგრანტებს გამზადებულ დოკუმენტს რამდენიმეჯერ იაფად . ამიტომ დავარქვით მას სოციალური პროექტი, სოციალური პროექტი ნიშნავს რეალური მომსახურეობის ფასთან შედარებით 3-ჯერ - 4-ჯერ იაფ მომსახურეობას. 100-დან მაქსიმუმ 300 ევრო უჯდებათ ჩვენი მომსახურეობის მიღება. ამ 300 ევროში შედის გადასახადებიც , ჰონორარებიც , სახელმწიფო ბაჟებიც. აქ მკაცრად არის განსაზღვრული ვადები. ჩვენ გვაქვს ამ ვადების კონტროლის უფლება და იქედან გამომდინარე, რომ ცოტა უკეთესად ვიცით კანონები, ვიდრე ემიგრანტებმა, შეგვიძლია მოვიკითხოთ ვადებში ყველა მომსახურეობის შესრულება. ვადებში და ხარისხიანად”.

ზაქარია ქუცნაშვილმა ”ამერიკის ხმასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტი საკონსულოების საწინააღმდეგო არ არის. პირიქით, მისივე თქმით, ეს არის საკონსულოების მხარდამჭერი პროექტი იმ თვალსაზრისით, რომ ემიგრანტებს სერვისებს არა მხოლოდ ოფიციალური სტრუქტურები შესთავაზებენ , არამედ ასევე კერძო სტრუქტურები. ადამიანებს კი ამით, არჩევანის საშუალება მიეცემათ.

XS
SM
MD
LG