ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ის აქ არის: საქართველოში ლეოპარდი დაბრუნდა


წინააზიური/კავკასიური ლეოპარდი თუშეთში გამოჩნდა
წინააზიური/კავკასიური ლეოპარდი თუშეთში გამოჩნდა

თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც თითქმის 114 ათას ჰექტარს მოიცავს, ბიომრავალფეროვნების დაცვითი ფონდი „ნაკრესის“ კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა, ფოტოხაფანგის მეშვეობით, ისევ დააფიქსირა ლეოპარდი.

ფოტოხაფანგმა, სავარაუდოდ, ხვადი ლეოპარდი თუშეთში, 25 აგვისტოს, ღამის 2 საათზე გადაიღო, თუმცა „ნაკრესის“ მკვლევარებმა ხაფანგის ფოტომასალა მხოლოდ ახლა შეამოწმეს და გაშიფრეს.

ლეოპარდი თუშეთში ფოტოხაფანგმა აგვისტოში დააფიქსირა
ლეოპარდი თუშეთში ფოტოხაფანგმა აგვისტოში დააფიქსირა

არაჩვეულებრივი ამბავი დაგვიანებით სწორედ ამიტომ გავრცელდა. ეს ბოლო 12 წლის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, აღმოჩენილი პირველი ლეოპარდია.

ლეოპარდი თუშეთში „ნაკრესის“ მეორე დიდი აღმოჩენაა. 2003-04 წლებში, „ნაკრესის“ მკვლევარებმა ბეჟან ლორთქიფანიძემ და გიორგი დარჩიაშვილმა, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, ნოემბერში, ჯერ ლეოპარდის კვალი აღმოაჩინეს, შემდეგ კი პირველად კავკასიაში, ლეოპარდი, აპრილში ფოტოხაფანგით გადაიღეს.

ლეოპარდი "ნოე", რომელიც ვაშლოვანის ნაკრძალში 2003-2009 წლებში ცხოვრობდა
ლეოპარდი "ნოე", რომელიც ვაშლოვანის ნაკრძალში 2003-2009 წლებში ცხოვრობდა

ეს ნამდვილი სუპერ სენსაცია იყო, რადგან მიიჩნეოდა, რომ ლეოპარდი იგივე ჯიქი საქართველოს და მთლიანად კავკასიის ტერიტორიიდან გადაშენებული იყო. ვაშლოვანში აღმოჩენილ ახალგაზრდა ხვად ლეოპარდს, მაშინ სახელად „ნოე“ დაარქვეს.

„ნოე რო დავარქვით ამას რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა, ჯერ იმიტომ რომ ნოემბერში ვნახეთ ლეოპარდის პირველი კვალი, მეორე იმიტომ, რომ „ნაკრესს“ თავდაპირველად ერქვა - „ნოეს კიდობანი“.
ბეჟან ლორთქიფანიძე, ფონდი "ნაკრესის" კონსერვაციის პროგრამის დირექტორი

„ნოე რომ დავარქვით ამას რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა, ჯერ იმიტომ რომ ნოემბერში ვნახეთ ლეოპარდის პირველი კვალი, მეორე იმიტომ, რომ „ნაკრესს“ თავდაპირველად ერქვა სახეობათა კონსერვაციის ცენტრი - 'ნოეს კიდობანი'“- ამბობს ბეჟან ლორთქიფანიძე, ფონდი „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის დირექტორი.

ვაშლოვანის ნაკრძალში „ნოეზე“ დაკვირვება 2009 წლამდე გაგრძელდა, ამის შემდეგ „ნოეს“ კვალი მოულოდნელად გაქრა. არსებობს ორი ვერსია თუ რა მოხდა: ერთი ვერსიით, ლეოპარდი მონადირეებმა მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით დამარხეს; და, მეორე - ლეოპარდმა უბრალოდ ვაშლოვანი დატოვა და სხვა ქვეყანაში გადაინაცვლა. ამის შემდეგ ლეოპარდის კვალი მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩანდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში დატყვევებული ლეოპარდი, ლიხნი, 2017 წელი
ოკუპირებულ აფხაზეთში დატყვევებული ლეოპარდი, ლიხნი, 2017 წელი

2017 წლის ნოემბერში, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, ადგილობრივმა მცხოვრებმა ძუ ლეოპარდი ხაფანგით დაიჭირა, ცხოველი ერთი თვის მანძილზე ქათმებს პარავდა.

ეს იყო ერთ-ერთი, იმ ოთხი ლეოპარდიდან, რომლებიც რუსეთში ლეოპარდების პოპულაციის აღდგენის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის ნაკრძალში, ველურ ბუნებაში, 2016 წელს გაუშვეს. ლეოპარდი მაშინ ლიხნიდან ისევ რუსეთში დააბრუნეს და ნაკრძალში თავიდან გაუშვეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით მაინც დაიღუპა.

რუსეთის ფედერაციის კავკასიის ნაკრძალი ადიღეს, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და კრასნოდარის მხარის 280 ათასს ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და ოკუპირებულ აფხაზეთს უშუალოდ ესაზღვრება.

ოკუპირებულ კოდორის ხეობაში მოკლული ლეოპარდი, 2019 წელი
ოკუპირებულ კოდორის ხეობაში მოკლული ლეოპარდი, 2019 წელი

2019 წლის იანვარში, ხვადი ლეოპარდი მონადირეებმა უკვე ოკუპირებულ კოდორის ხეობაში, სოფელ აჟარასთან მოკლეს. ლეოპარდი აქაც ხაფანგში გაება, რის შემდეგაც მას რამდენჯერმე ესროლეს და ბოლოს ტყავიც გააძრეს. რუსეთის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ინფორმაციით, ეს მოკლული ლეოპარდიც 2016 წელს გაშვებული ოთხეულიდან იყო.

2018 წელს, რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, „ალანიის“ ნაკრძალში გაშვებული ორი ლეოპარდიდან, ერთი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა და 2019 წლის თებერვალში, ოკუპირებული ჯავის რაიონში, მწვერვალ ბრუტსაბრძელზე, სავარაუდოდ, ზვავში მოჰყვა და დაიღუპა.

2019-2020 წლებში, ლეოპარდი ასევე, ოკუპირებულ დაბა ყორნისთან ახლოს, სოფელ წორბისთან და ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხარასთან შენიშნეს. ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო წლებში, ველურ ბუნებაში გაშვებულ ყველა ლეოპარდს, დაკვირვების მიზნით, GPS ყელსაბამი ეკეთა.

რუსეთში, კავკასიის ნაკრძალში, ველურ ბუნებაში გაშვებული ლეოპარდი, რომელიც ოკუპირებულ ჯავის რაიონში ზვავმა მოკლა
რუსეთში, კავკასიის ნაკრძალში, ველურ ბუნებაში გაშვებული ლეოპარდი, რომელიც ოკუპირებულ ჯავის რაიონში ზვავმა მოკლა

2020 წლის მაისში, ლეოპარდი ასევე დააფიქსირეს, სომხეთში, თავუშის რაიონში, სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ახლოს. დღეის მდგომარეობით, როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში ლეოპარდების პოპულაცია გაზრდილია. სომხეთში ლეოპარდის მოკვლისთვის ჯარიმა 100 მილიონი დრამი ანუ 209 ათასი აშშ დოლარია.

მეცნიერთა აზრით, ისეთი „ვარსკვლავური“ სახეობის საქართველოში დაბრუნებას, როგორიც ლეოპარდია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მუდმივად ისმება კითხვა, ეს სახეობა ბინადრობდა აქამდე კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში? როდესაც ასეთი კითხვა ისმება, ჩვენ პირველ რიგში, გვახსენდება, ქართული ზეპირსიტყვიერების ძეგლი, ხევსურული ბალადა, „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“. რა თქმა უნდა, იგივე, უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“. „ვეფხს“ ძველად საქართველოში სინამდვილეში სწორედ ლეოპარდს ეძახდნენ
ბეჟან ლორთქიფანიძე, "ნაკრესი"

„ლეოპარდის აღმოჩენის შემდეგ, მუდმივად ისმება კითხვა, ეს სახეობა ბინადრობდა აქამდე კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში? როდესაც ასეთი კითხვა ისმება, ჩვენ პირველ რიგში, გვახსენდება, ქართული ზეპირსიტყვიერების ძეგლი, ხევსურული ბალადა, „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“.

და, რა თქმა უნდა, უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“. „ვეფხს“ ძველად საქართველოში სინამდვილეში სწორედ ლეოპარდს ეძახდნენ. ეს ნაწარმოებები გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი სახეობაა ლეოპარდი ქართველებისათვის. ვფიქრობ, რომ ამ სახეობის კონსერვაცია არის ყველაზე მაღალი დონე, რასაც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მომავალში“ - ამბობს ბეჟან ლორთქიფანიძე.

მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ლეოპარდი საქართველოში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. რუსი გეოგრაფის ნიკოლოზ დინიკის აღწერით, ლეოპარდის დიდი პოპულაცია იყო ბზიფის ხეობაში, მესხეთის ქედზე, ალაზნის ხეობაში.

ლეოპარდი ასევე გვხდებოდა ბორჯომის ხეობაში, შავიზღვისპირეთის მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ კავკასიონის ქედებზე.

1856 წელს მოკლული ლეოპარდის ფიტული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
1856 წელს მოკლული ლეოპარდის ფიტული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

ლეოპარდი იგივე ჯიქი, საქართველოს წითელ წიგნში 1982 წლიდან არის შეტანილი, როგორც კრიტიკულ საფრთხეში მყოფი სახეობა. Panthera pardus saxicolor ანუ წინაააზიური/კავკასიური ლეოპარდის/ჯიქის პოპულაცია საქართველოში კატასტროფულად, ძირითადად, ბრაკონიერობის გამო შემცირდა.

ცნობილია, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში, ათამდე ლეოპარდი მოკლეს საგურამოსთან, სოფელ ლარსთან, ყაზბეგის რაიონში და სოფელ განთიადთან, ზნაურის რაიონში, ცხინვალთან, სოფელ სტალინირთან და ბოლოს 1954 წელს, ზედაზნის ქედზე.

ერთ-ერთი ბოლო ლეოპარდი (ჯიქი) საქართველოს ტერიტორიაზე, 1954 წლის იანვარში, ზედაზნის ქედზე, საგურამოსთან, მონადირე შაქრო შამხალაშვილმა მოკლა
ერთ-ერთი ბოლო ლეოპარდი (ჯიქი) საქართველოს ტერიტორიაზე, 1954 წლის იანვარში, ზედაზნის ქედზე, საგურამოსთან, მონადირე შაქრო შამხალაშვილმა მოკლა

ამის შემდეგ, ლეოპარდის ფრაგმენტული კვალი გვხდებოდა ლაგოდეხის ნაკრძალსა და ბზიფის ხეობაში (1955-56 წლები), უკანაფშავში, სოფელ მათურასთან (ზვავში მოჰყვა 1970), კახეთის კავკასიონზე, სპეროზას ქედზე (1977) და პირიქითა ხევსურეთში, არხოტში (1979 და 1986). ბოლოს იყო ლამის 20 წლიანი წყვეტა, ვაშლოვანში, „ნოეს“ გამოჩენამდე.

"ნაკრესის" მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე ვაშლოვანის ნაკრძალში, 2011 წელი
"ნაკრესის" მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე ვაშლოვანის ნაკრძალში, 2011 წელი

საიდან მოხვდა ახლა ლეოპარდი თუშეთში? აქ ცხოვრობს თუ რომელიმე ქვეყნიდან გადმოვიდა? მარტოხელაა ეს ინდივიდი? რა ასაკისაა? - ამ კითხვებს „ნაკრესის“ მკვლევარებმა, ახლო მომავალში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მხარდაჭერით უნდა უპასუხონ.

საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ლეოპარდის აღმოჩენა „ნაკრესმა“, ცნობილი ქართველი ეკოლოგის ნუგზარ ზაზანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელმაც საქართველოში ლეოპარდის კონსერვაციის პროგრამის დანერგვაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა.

ლეოპარდი თბილისის ზოოპარკში
ლეოპარდი თბილისის ზოოპარკში

Facebook Forum

XS
SM
MD
LG