რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვში ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. ამის მიზეზად ხანძრების შედეგად გამოწვეული სქელი ბურუსი და რეკორდული ტემპერატურა სახელდება.
მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრეი სელცოვსკიმ განაცხადა, რომ „ჩვეულებრივ პირობებში“ მოსკოვში 360-380 ადამიანი კვდება. ხანძრების შემდეგ კი ეს რაოდენობა 700-მდე გაიზარდა.
მოსკოვის სამი ძირითადი აეროპორტიდან კვირას ქალაქი 104 ათასმა ადამიანმა დატოვა. ტურისტული სააგენტოების განცხადებით, მოსკოველებისთვის პოპულარული ტურისტული ტურების ბილეთები, მაგალითად თურქეთსა და ეგვიპტეში, მთლიანად არის გაყიდული.