ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალქვეშა რობოტების კონკურსი


წყალქვეშა რობოტების კონკურსი
წყალქვეშა რობოტების კონკურსი

მეცნიერები დაარწმუნდნენ,რომ დისტანციური მართვის რობოტი, რომელიც მაშინ მექსიკის ყურეში დაზიანებული ჭაბურღილის შესაკეთებლად გამოიყენეს, სასწრაფო დახვეწას საჭიროებს.

სტუდენტებმა რობოტებზე მუშაობას თვეები დa ხშირ შემთხვევაში, წლები მოანდომეს. დისტანციური მართვის აპარატურა წყალქვეშ მუშაობისთვის არის გათვალისწინებული. ჰიუსტონში მდებარე ნასას ლაბორატორიის აუზში ვიდეო კამერებია დაყენებული და სპეციალისტები 800-ზე მეტ რობოტზე დაკვირვებას აწარმოებენ.

საერთაშორისო კონკურსის წესები ასეთია: საავტორო გუნდებს წყალქვეშა რობოტების მუშაობაზე თვალყურის დევნება უშუალოდ არ შეუძლიათ. ისინი კომპიუტერულ ოთახებში სხედან და იძულებულნი არიან მხოლოდ იმ ინფორმაციას დაეყრდნონ, რომელსაც მათ ვიდეოკამერა უგზავნით. გუნდებს რამდენიმე დავალება აქვთ, მათ შორის ყველაზე მარტივი წყალქვეშ რაიმე ნივთის აღება და გადაადგილებაა. აუზის სიღრმე 12 მეტრია და მასში 23 მილიონი ლიტრი წყალი ასხია. ამ აუზს ნასა კოსმონავტების საწვრთნელად იყენებს და მასში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდელიც კი თავსდება.

15 წლის მაკენზი ჰიტსი, ელექტროინჟინერიითაა გატაცებული და მიაჩნია, რომ მალე რობოტები თვითონ მოვლენ კონკურსზე და თვითონ მოიპოვებენ გამარჯვებას.

ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტი 12 წლისაა. იუმი ტანგი ჩინეთიდან, ჰონკონგის საერთაშორისო სკოლიდან ჩამოვიდა. ის ამბობს, რომ სკოლაში ერთი წლის მანძილზე ყოველ შაბათ-კვირა 10-დან 5 საათამდე მუშაობდნენ.

გამარჯვებულ გუნდში მხოლოდ ბიჭები არიან, ეს არის კალიფორნიის ქალაქ -კარმაიკიდან- ჩამოსული კათოლიკური სკოლის გუნდი. ერთ-ერთი მათგანის მშობელი, რალფ კონსტადი, გუნდის ხელმძღვანელი და მწვრთნელია.

„საბედნიეროდ სკოლაში საცურაო აუზი გვაქვს და ყოველ შაბათს იქ ვიკრიბებით ხოლმე. ნოემბრიდან ინტენსიური მზადება დავიწყეთ, ასე რომ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ ამ პროექტს“- აღნიშნავს ბატონი რალფი.

საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორი და სპონსორი კალიფორნიაში დაფუძნებული საზღვაო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრია. ორგანიზაცია უკვე 10 წელია გამოფენებს და კონკურსებს აწყობს, რომელიც უმთავრესად მოწინავე წყალქვეშა ტექნოლოგიებს ცდის.

წლევანდელ შეჯიბრებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. შარშანდელმა კატასტროფამ, რომელიც „ბრითიშ პეტროლიუმის“ ჭაბურღილზე ნავთობის გაჟონვისას მოხდა, ნავთობმრეწველები, მეცნიერები და გარემოს დამცველები ერთი მიზნით გააერთიანა. ყველა დარწმუნდა, რომ დისტანციური მართვის რობოტი, რომელიც მაშინ მექსიკის ყურეში დაზიანებული ჭაბურღილის შესაკეთებლად გამოიყენეს, სასწრაფო დახვეწას საჭიროებს.

საზღვაო ტექნოლოგიების საზოგადოების წევრი, დრუ მიშელი, თითოეულ რობოტს წყალში ჩაშვებამდე ამოწმებს. ის ამბობს, რომ დისტანციური მართვის აპარატურის სრულყოფა აუცილებელია, რადგან ღრმა წყალში ადამიანების მუშაობა მიზანშეწონილი არ არის.

„ეს ელემენტარულად არაპრაქტიკულია. ადამიანი იქ დიდ ხანს ვერ ძლებს, ვერც ეფექტურად მუშაობს. თან ამის გაკეთება ძალიან საშიშია. რობოტი ბევრად უფრო ღრმად ჩადის წყალში, ვიდრე ადამიანებით დატვირთული ხომალდი, 6 000-მეტრზე“ - ამბობს ჟიურის წევრი.

წყალქვეშა დისტანციური აპარატების მთავარი მომხმარებელი ბუნებრივი აირების ინდუსტრიაა, შემდეგ მოდის ნავთობმრეწველობა და საკომუნიკაციო კომპანიები. ამიტომ კონკურსის სუბსიდირება ყოველთვის ამართლებს, ამბობენ ორგანიზატორები, რადგან დამკვეთები მათ მუდმივად ჰყავთ.

XS
SM
MD
LG