ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალი შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე


ცხინვალი შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე
ცხინვალი შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე

უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ცხინვალში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

ცხინვალში საზოგადოება ისევ ქუჩაშია შეკრებილი და დაშლას არ გეგმავს. ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულ კანდიდატს - ალა ჯიოევას უჭერენ მხარს. თოვლისა და ყინვის მიუხედავად, მოქალაქეები სახლებში წასვლას არ აპირებენ და გამოთქვამენ მზადყოფნას საკუთარი არჩევანი ბოლომდე დაიცვან. ვითარება არც ღამით იცვლება. სიცივის გამო ცეცხლს პირდაპირ ქუჩაში ანთებენ და საპროტესტო აქციას განაგრძობენ. იყო გამაფრთხილებელი სროლებიც ადგილობრივი სამართალდამცავების მხრიდან. ეს იმ დროს, როდესაც ჯიოევას მომხრეები შეეცადნენ ადმინისტრაციულ სახლში შესვლას.

დღეს დილით ალა ჯიოევამ პრეზიდენტ კოკოითის ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა შეეცვალა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 27 ნოემბრის არჩევნები ბათილად გამოცხადდა. ალა ჯიოევამ კონკრეტული ვადაც დაასახელა, დღევანდელი საღამოს 6 საათი, რა დრომდე გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაშიც იგი პასუხიმგებლობას იხსნიდა მოვლენების შესაძლო დრამატულ განვითარებაზე. ამავე დროს, მან მიმართა უზენაეს სასამართლოც და მოითხოვა საქმის ხელახალი განხილვა. გუშინ წინ უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომლის მიხედვით, 27 ნოემბრის არჩევნები ბათილად გამოცხადდა. იმავე დღეს პარლამენტის სხდომა გაიმართა ცხინვალში, რომელმაც მომავალი არჩევნების თარიღიც განსაზღვრა: 2012 წლის 25 მარტი. ალა ჯიოევა ამბობს, რომ მას ხელთ აქვს ყველა ოქმი, რაც კი არჩევნების დროს შედგა. მათზე დაფიქსირებულია როგორც მისი, ასევე პრეზიდენტობის მეორე კანიდატის, ანატოლი ბიბილოვის დამკვირვებლების ხელმოწერები იმის დამადასტურებლად, რომ არჩევნების დღეს ექსცესები არ ყოფილა.

კოკოითი დღესვე შეხვდა ჯიოევას. მათ ისაუბრეს, რის შემდეგაც კოკოითიმ გაანაცხადა, რომ ულტიმატუმის მიღებას არ აპირებს. იგი ასევე შეხვდა ოპოზიციას. „ჩვენი შეხვედრა კონსტრუქციული და სასარგებლო იყო. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია თავად ფაქტი, როცა ორივე მხარემ მოვახერხეთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. განვიხილეთ მთელი რიგი მნიშვნლოვანი საკითხები, მათ შორის ჯიოევას სარჩელიც, რომლითაც მან უზენაეს სასამართლოს მიმართა. ჩვენი შეთანხმების მიხედვით, მათ სარჩელით ერთ საათში უნდა მიემართათ, თუმცა 4 საათის შემდეგ მიმართეს. ამის მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ განაცხადის მიღებაზე უარი არ თქვა“ – აცხადებს კოკოითი „გაზეტა რუ“-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ჟურნალისტი მას შეახსენებს ჯიოევას ნათქვამს, რომ მას შესაძლოა გაუჭირდეს მომხრეთა გაკონტროლება, რაზეც კოკოითი პასუხობს, რომ ეს არ არის მისი პრობლემა და რომ თავად მშვენივრად ართმევს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გაკონტროლებას.

ჯიოევას მხარი მოსკოვშიც დაუჭირეს. იქ, სამხრეთ ოსეთის საელჩოს წინ გამართულ მიტინგზე განაცხადეს, რომ ცხინვალში განვითარებული მოვლენები კონსტიტუციურ ჩარჩოს სცილდება. „ჩვენ არ ვამბობთ, რომ მაინცდამაინც ჯიოევას მხარეს ვართ. ბიბილოვს რომ გაემარჯვა, შემდეგ კი შედეგები გაეუქმებინათ, მაშინაც ამგვარად დავიცავდით სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების არჩევანს“ – ამბობენ ახალგაზრდები, რომლებიც მოსკოვში გამართულ მიტინგს ესწრებოდნენ.

ახალგორის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური ამბობს, რომ ახალგორის გამშვებ პუნქტზე გზა გახსნილია და გადაადგილება თავისუფალია. ახალგორში კი სიმშვიდეა.

უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ცხინვალში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ჯიოევასთან შესახვედრად სპეციალურად ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი ვინოკუროვი, რომელმაც ჯიოევასთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ბორის ატოევი აცხადებს, რომ სიტუაცია შესაძლოა კონტროლს აღარ დაექვემდებაროს:

„ხალხის მასაში იმყოფებიან პირები, რომლებმაც შესაძლოა ძალოვანი დაპირისპირების პროვოცირება მოაწყონ. გვაქვს ცნობები, რომ მომიტინგეებს მუდმივად აქეზებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩასადენად. „ცხელი თავები“ მოუწოდებენ ადმინისტრაციული სახლის აღებისკენ. ყველას მოგიწოდებთ დაემორჩილოთ კანონს და იმოქმედოთ მხოლოდ მის ფარგლებში,“– ამბობს ატოევი.

სააგენტო „რესი“ კი იუწყება, რომ ძალოვანი უწყებების მიმართ გაცემულია განკარგულება ცეცხლის გაუხსნელობის თაობაზე ჯიოევას იმ მომხრეთა მიმართ, რომლებიც მიტინზე იმყოფებიან, იმ პირობით, თუ შექმნილი სიტუაცია არ გამოვა სამართლებრივი ჩარჩოდან.

XS
SM
MD
LG