ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნარინჯისფერი თუ ალისფერი რევოლუცია ცხინვალში


ნარინჯისფერი თუ ალისფერი რევოლუცია ცხინვალში

კოკოითი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ დატოვებს მანამ, სანამ ბოლო არ მოეღება ნარინჯისფერ რევოლუციას ცხინვალში.

ცხინვალში მიტინგები გრძელდება. საზოგადოება კვლავ მთავრობის სახლის წინაა შეკრებილი და სამართლიანობის აღდგენას ელოდება.

გუშინ დე–ფაქტო გენერალური პროკურორის თეიმურაზ ხუგაევის სახლში ყუმბარა აფეთქდა. ამ დროს ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის ბავშვებიც სახლში იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე გენერალურმა პროკურატურამ და მილიციამ ცხინვალში რამდენიმე სახლი გაჩხრიკა. დე–ფაქტო ადმინისტრაციის მილიციის განცხადებით, მათ ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს ორი ავტომატი „აკ–74“, სამი ცალი ხელყუმბარა და სხვადასხვა ყალიბის ვაზნები. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა ახორციელებს ერთობლივ მოკვლევას აღნიშნულ ფაქტზე.

ალა ჯიოევას შტაბი ავრცელებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ დაკავებულია მათი ორი მხარდამჭერი, ჯიოევი და ბასაევი იარაღის უკანონო შენახვის გამო. ამავე წყაროს ცნობით, ჯიოევას მომხრეები ჩრდილო ოსეთშიც დააკავეს. „არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ რეპრესიები არ გაგრძელდება და ჩვენც არ ჩაგვიდებენ ნარკოტიკს ან იარაღს“ – განაცხადა ჯიოევამ მიტინგზე. მან ასევე მოუწოდა კოკოითს, გამოვიდეს ხალხის წინაშე და გააკეთოს განცხადება გადადგომის შესახებ: „ჩვენ გატეხვას მაინც ვერავინ შეძლებს“ – განაცხადა მან.

ედუარდ კოკოითიმ გუშინ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ შექმნილი საზოგადოებრივ–პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მას სამსახურიდან განთავისუფლების თხოვნით მიმართეს მაღალჩინოსნებმა, მინისტრებმა და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებმა. საკუთარი განცხადების საფუძველზე დე–ფაქტო პრეზიდენტმა სამსახურიდან დაითხოვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრობის პოლიტიკის მინისტრი არიანა ჯიოევა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ოთარბეგ გასიევი, სახელმწიფო ინფორმაციის, კაშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციის კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი კაბისოვი, ასევე ცხინვალის მერი გერასიმა ხუგაევა, ზნაურის ადმინისტრაციის უფროსი ზაურ ცხოვრებოვი და კვაისის მერი ინალ ოსტაევა.

დე–ფაქტო პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მირა ცხოვრებოვამ კი 6 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე ედუარდ კოკოითის მოუწოდა თანამდებობის დატოვებისკენ. „მიტინგი ცხინვალში გადაიქცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ სპონტანური პროტესტის აქციად. ჩვენი მოქალაქეები დგანან აქ საკუთარი კანონიერი უფლებების დასაცავად, არ უშინდებიან არც ყინვას და არც ხელისუფლების მრისხანებას, რისკავენ ჯანმრთელობითა და თავისუფლებით,“– განაცხადა ვიცე–სპიკერმა და მას რვა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცხინვალის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანიდადტის ალა ჯიოევას სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამავე უწყების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით შეიტანეს. ჯიოევა ითხოვდა, მისი კონკურენტი პრეზიდენტობის კანიდატის, ანატოლი ბიბილოვის მიერ შეტანილი სარჩელის ბათილად ცნობას, რომლის მიხედვითაც, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად გამოცხადდა.

ბიბილოვისთვის სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ დე–ფაქტო პარლამენტი შეიკრიბა და საგანგებო რეჟიმში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2012 წლის 25 მარტი გამოაცხადა.

ცხინვალში შეკრებილი მომიტინგეები დე–ფაქტო ადმინისტრაციისა და სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აღნიშნული გადაწყვეტილები მიმღები აცამაზ ბიჩენოვი აცხადებს, რომ ყველაფერი კონსტიტუციის თანახმად უნდა გაკეთდეს და რომ დაუშვებელია კანონისადმი დაუმორჩილებლობა.

ჯიოევა გუშინ სასამართლოს ფოიეშიც კი არ შეუშვეს. შენობასთან მობილიზებულია ტექნიკა და გზებია გადაკეტილი. დე–ფაქტო ადმინისტრაციის ოფიციალური ვერგვერდი იუწყება, რომ დეკემბრის თვეში კონცერტის გამართვაა დაგეგმილი ცხინვალში და რომ საგადასახადო შემოსავლები გასულ წელთან შედარებით 10 პროცენტით გაიზარდა.

არის ასევე ცნობებიც იმის თაობაზე, რომ ჯიოევამ, შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს რუსეთში. ოპოზიციურ საიტზე გამოქვეყნებულია განცხადება, რომლის მიხედვითაც, „უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე მომხდარმა მოვლენებმა დაადასტურეს, რომ ბელორუსია და პრეზიდენტი ლუკაშენკო ერთადერთია, ვინც ყველაზე სწორად მოიქცა, როდესაც არ ცნო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. დღეს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთში არ შეუძლია არამარტო ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში, არამედ რუსეთის მოკავშირე ხალხების უფლებების ელმენტარული პატივისცემიც უნარიც არ გააჩნია.“

პარალელურად, გრძელდება მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს სერგეი ვინოკუროვსა და ჯიოევას შორის, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში წინსვლა შეინიშნება. ჯერ უცნობია მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შედეგები, რომელიც დღესაა დაგეგმილი.

კოკოითი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ დატოვებს მანამ, სანამ ბოლო არ მოეღება ნარინჯისფერ რევოლუციას ცხინვალში.

ამ დროისთვის ცხინვალში ძალოვანი უწყებები კვლავაც რჩებიან კაზარმულ რეჟიმზე.

XS
SM
MD
LG