ზეინაბ ნადირაძე მარტოხელა ქალბატონია, ცხინვალში დაბადებული და გაზრდილი. ახლა დროებით თბილისში ცხოვრობს, ბიძაშვილის, მწერლის მერაბ ელიოზიშვილის სახლში. ქალბატონ ზეინაბს საკუთარი ბინა ორი წელია აღარ აქვს. ის სოფელ ალიბარში დატოვა, ყოფილი ზნაურის რაიონის, ახლანდელი თიღვის თემის სოფელში. ეს 2008 წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც მას ძმა დაეღუპა და არჩევანის წინაშე დადგა: დარჩენილიყო სოფელში და სახლი შეენარჩუნებინა, თუ ერთი წლის უნახავი ძმის პანაშვიდზე წასულიყო და სახლი დაეკარგა. ქალბატონმა ზეინაბმა მაშინ არჩევანი ამ უკანასკელის სასარგებლოდ გააკეთა. წამოვიდა სოფლიდან, რომელსაც 2008 წლის ომამდეც ვერ აკონტროლებდა ქართული პოლიცია. მას შემდეგ იგი თავს მეგობრებთან და ნათესავებთან აფარებს. თავდაპირველად პოეტის, მზია ხეთაგურის ოჯახმა შესთავაზა მასპინძლობა, შემდეგ მწერალმა მერაბ ელიოზიშვილმა.
როდემდე გაგრძელდება კეთილი მასპინძლების ხარჯზე ცხოვრება, ზეინაბ ნადირაძემ არ იცის. იგი თავშესაფარს საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს. ერთხელ უკვე შეხვდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომელმაც განუცხადა, რომ მას ვერ განიხილავენ, როგორც დევნილის სტატუსის მაძიებელს, რადგან სოფელი ალიბარი 2008 წლის აგვისტომდეც არ კონტროლდებოდა ქართული სამართალდამცავების მიერ.
თიღვის თემის გამგებელი გონერი კაპანაძე ამბობს, რომ თავადაც არაერთხელ მიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოთხოვნით, უზრულველეყოთ თავშესაფრით დევნილი ადამიანები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, მაგრამ ამ დრომდე საქმე წინ ვერ მიდის. გონერი კაპანაძე ამბობს, რომ მისთვისაც იმდენი უპასუხო კითხვა დაგროვდა, გადაწყვიტა ისინი ჩამოეწერა და ამ კითხვებით ოფიციალურად მიმართა სამინისტროს, თუმცა პასუხი არც ამ შემთხვევაში მიუღია.
სახელმწიფო სტრატეგიის თანახმად, ისეთი კატეგორიის დევნილები, როგორიც ქალბატონი ზეინაბ ნადირაძეა, თავშესაფარს უკეთეს შემთხვევაში 1011 წელს მიიღებენ. როგორ უნდა მოიქცნენ მანამდე ფაქტობრივი დევნილები, სად და რა სახსრებით იცხოვრონ, ამის შესახებ სტრატეგია არაფერს ამბობს.