შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასაჯეს 1989 წელს პოლიციის ოფიცრის მკვლელობისთვის გასამართლებული ტროი დევისი.
დევისი ჯორჯიის შტატში დასაჯეს, მას შემდეგ, რაც უმაღლესმა სასამართლომ მას სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა.
ტროი დევისი საღამოს 11 საათზე სასიკვდილო ინექციით გარდაიცვალა, მაშინ როდესაც ასობით დემონსტრანტი, მათი აზრით, უდანაშაულო ადამიანი სიკვდილით დასჯის გამო აღშფოთებას ვერ მალავდა.
თავის საბოლოო სიტყვაში ტროი დევისმა დაღუპული ოფიცრის მარკ მაკფაილის ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მას ბრალი არ მიუძღვის მათი ახლობლის სიკვდილში და რომ არ ჰქონია იარაღი.
ამ საქმემ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, რადგან არ არსებობდა საკმარისი სამხილი ამ ადამიანის ბრალეულობის დასამტკიცებლად. ცხრა მოწმიდან შვიდმა კი უკან წაიღო დევისის წინააღმდეგ მიცემული თავისი პირვანდელი ჩვენება.
დევისის საქმეს რასობრივი დისკრიმინაციის ნიშნებიც ეტყობოდა, როდესაც შავკანიანი ამერიკელი თეთრი პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით დასაჯეს. დევისის ადვოკატმა თომას რუფინმა ეს ფაქტი ამერიკაში მონობის და ლინჩის წესით გასამართლების პერიოდს შეადარა.
ევროკავშირმა ამასთან დაკავშირებით, თავისი სინანული გამოხატა. საერთაშორისო ამნისტიამ კი დევისის საქმეს შეერთებული შტატების სასამართლო სისტემის კატასტროფა უწოდა.
ტროი დევისის ადვოკატებმა პტრეზიდენტ ობამასაც სთხოვეს სიკვდილით დასჯის შეჩერება, თუმცა თეთრმა სახლმა ეს მიუღებლად მიიჩნია.