ათასობით მხარდამჭერი შეუერთდა თურქეთის პრემიერ მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამარჯვებას კვირას ჩატარებულ რეფერენდუმში, რომლის შედეგადაც თურქეთში კონსტიტუციის რეფორმა უნდა განხორციელდეს.
"თქვენს ამ გადაწყვეტილებას მომავალი თაობები დააფასებენ. რეფერენდუმი თურქეთის ნათელი მომავლის დასაწყისია“- აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
ერდოღანის განცხადებით, 12 სექტემბერი ქვეყნის ისტორიაში თურქეთის დემოკრატიის უმიშვნელოვანეს თარიღად ჩაეწერება.
რეფერენდუმის კამპანიის დროს თურქეთის პრემიერ მინისტრი ხშირად აღნიშნავდა, რომ რეფორმის მიზანი იყო წარსულის გამოცდილება შეეცვალა, რის მიხედვითაც თურქეთს დღემდე სამხედრო ძალაუფლება მართავს. მოქმედი კონსტუტუცია 1982 წელს სამხედრო ხელისუფლების დროს შეიქმნა.
რეფერენდუმის თანახმად, კონსტიტუციაში 26 შესწორება შევა. ერთერთი მათგანის მიხედვით, სამხედრო ძალაუფლება სამოქალაქო სასამართლოების მიერ გაკონტროლდება, გაიზრდება ქალებისა და პროფესიული კავშირების ძალაუფლებაც.
თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს დადებითად გამოემხაურნენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები და საგარეო საქმეთა მინისტრები. რიჩარდ ჰოვიტი, რომელიც თურქეთში ევროპარლამენტის კომიტეტის წევრია აცხადებს:
„რეფერენდუმი უშედეგოდ რომ ჩატარებულიყო, ეს ევროკავშირში თურქეთის ოპონენტთა წისქვილზე დაასხამდა წყალს. ამით დამტკიცდებოდა, რომ ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ხედვა და მდგომარეობაა. გამარჯვებამ კი გამოავლინა თურქი მოსახლეობის კეთილი ნება ,რაც გზას უხსნის თურქეთს რეფორმებისა და ევროკავშირის წევრობისკენ“
თუმცა თურქეთის ორი ოპოზიციური პარტიის წინასწარმეტყველებით, ზემოხსენებული რეფორმებით, მთავრობა სასამართლოების გაკონტროლებას შეძლებს და ისლამისტური ფესვების მქონე მართველი პარტია ქვეყანაში რელიგიურ გავლენას გააძლიერებს.
სტამბოლში ისტიკლალის ქუჩა ყველაზე ხმაურიანი სავაჭრო ქუჩაა. თურქი მოქალაქეების უმეტესობა დარწმუნებულია,რომ რეფერენდუმი ქვეყანას ძალზე მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს. რიგითი თურქი მოქალაქისთვის ტაიპ ერდოღანი წესიერი და გულწრფელი ადამიანია. მან რეფერენდუმში პრემიერის მიერ შემოთავაზებულ რეფორმებს მისცა ხმა და დარწმუნებულია, რომ მომავალში ვერავინ შეძლებს მთავრობა გადააგდოს და ხელისუფლებაში ძალის გამოყენებით მოვიდეს.
აქვე შეხვდებით იმათაც, ვისაც თურქეთის რესპუბლიკის ისლამისტური სისტემის შეცვლა სურს:
„არავინ იცის თურქეთის რესპუბლიკა რელიგიური სისტემას რა ფორმას განავითარებს. ასე, რომ საკმაოდ რთული დღეები მოგველის“ - აღნიშნავს ერთერთი თურქი მოქალაქე.
ბაჰჩეშერის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების პროფესორის ჩენგიზ აქტარის აზრით :
„ შესწავლილი უნდა იქნას ქვეყნის რეალური მდგომარეობა და ეროვნული კონსენსუსის გათვალისწინებით, განისაზღვროს დემოკრატიის შესაფერისი ფორმა.“
თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი საშუალებას აძლევს თურქეთის მთავრობას მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოს. ამ გამარჯვებამ მოსახლეობის მხრიდან მართველი პარტიის მიმართ მხარდაჭერაც გამოავლინა. სავარაუდოდ კი, ეს მომავალი წლის არჩევნებზეც აისახება. თუმცა ანალიტიკოსების განცხადებით, თურქეთში მაინც აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა.