გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ კავკასიის გაერთიანებაზე მოსკოვში სერიოზული დებატები გამოიწვია.
დუმის დეპუტატი სემიონ ბაღდასაროვი თვლის, რომ სააკაშვილის იდეა ერთიანი კავკასიის შექმნაზე უტოპიურია.
"იცით, სააკაშვილის განცხადებას პროვოკაციული ხასიათი აქვს. კავასიის გაერთიანება შეუძლებელია. აქ ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. როგორ წარმოუდგენია ბატონ სააკაშვილს აზერბაიჯანის და სომხეთის გაერთიანება? ყარაბახის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, ასე რომ საეჭვოა ილჰამ ალიევმა მოინდომოს სომხეთის პრეზიდენტთან ერთიანი კავკასიის შექმნა. საქართელოში იმდენი მოუგვარებელი საკითხებია, რომ სააკაშვილს ვურჩევ ხმამაღალი განცხადებების მაგივრად საკუთარ ქვეყანას მიხედოს.ჩრდილოეთ კავკასიას როგორ მოიაზრებს ერთიან კავკასიაში? ეს რუსეთის კანონიური ტერიტორიაა. დღეს ჩვენთვის ნათელია, რომ არც აფხაზებს და არც ოსებს საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა არ სურთ. ასე რომ, მეეჭვება ვინმე წამოეგოს ბატონ სააკაშვილის უტოპიურ იდეას"
ფიოდორ ლუკიანოვი ცნობილი პოლიტოლოგია. ის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს:
"სააკაშვილი ყოველთვის ცდილობს მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევას. მას რატომღაც გონია, რომ მისი იდეები ვიღაცას სერიოზულად დააინტერესებს. ნორმალური ადამიანი ხვდება, რომ ერთიანი კავკასიის იდეა ისეთივე უტოპიურია,როგორც აფხაზეთის დაბრუნება. მსოფლიოს გადანაწილება უკვე დასრულდა. ვფიქრობ, ეს პოპულისტური განცხადებაა. დღეს ჩრდილოეთ კავკსიაში იმდენი მოუგვარებელი პრობლემებია. გაერთიანება კი არა, ომის პირას ვდგევართ. არ უნდა დაგვავიწყდეს მოსკოვის ფაქტორიც. სააკაშვილი თუ ფიქრობს, კრემლი თვალს დახუჭავს გაერთიანების მცდელობაზე, ძალიან ცდება. კავკასიის გაერთიანებას მოსკოვი არ დაუშვებს"
ვალერია ნოვოდვორსკაიას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის იდეას ერთიანი კავკასიის შექმნაზე ამერიკამ და ევროპამ მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს:
"სააკაშვილის იდეას აბსოლუტურად მართებულად ვუყურებ. საქართველოს პრეზიდენტი ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსია. დღეს გაერთიანება საკმაოდ სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.რუსეთმა კავკასიაში მარტო ცხვირი კი არ ჩაყო, ტანკებიც ჩააყენა. ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე ამ ბრწყინვალე იდეის განხორციელება რთულია"
მოსკოვში ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ კავკასია აუცილებლად უნდა გამოეყოს რუსეთს და დამოუკიდებელად უნდა განვითარდეს. მათი აზრით, კრემლი ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებს ვერასოდეს მოაგვარებს.