ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საშობაო ნაძვის ხე თუ სადღესასწაულო ხე?


საშობაო ნაძვის ხე თუ სადღესასწაულო ხე?
საშობაო ნაძვის ხე თუ სადღესასწაულო ხე?

შობის ნაძვი ხის ირგვლივ ატეხილი დებატები ეკლესიისა და სახელმწიფოს გათიშულობაზე მიუთითებს.

შეერთებულ შტატებში საშობაო მზადებაა. განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა, ამერიკელები საშობაო დღესასწაულს ზამთრის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად მიიჩნევენ.

ამიტომაც, ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატის როდ-აილენდის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შობის სიმბოლოს - ნაძვის ხეს სახელი შეუცვალოს და რელიგიური ატრიბუტიკის ნაცვლად, სადღესასწაულო რიტუალის გამომხატველი ფუნქცია დააკისროს. ამ ცვლილების შედეგად, საშობაო ნაძვის ხე როდ-აილენდის მაცხოვრებლებისთვის ამიერიდან დღესასწაულის ხედ იწოდება.

ლინკოლნ ჩაფე როდ-აილენდის შტატის გუბერნატორია:

„დრო იცვლება და ამას ვერავინ უარყოფს. მსოფლიო დაპატარავდა, ამიტომაც არ მგონია,რომ რელიგიური ნიშნით გასნხვავებული დღესასწაულები საზოგადოებას მოსწონდეს.“

გუბერნატორის არგუმენტის მიუხედავად, ამერიკელებს ეს გადაწყვეტილება აშფოთებთ. ამიტომაც როდ-ალინედის შტატის გუბერნატორის ოფისში ყოველ დღე ათასობით განაწყენებული მოქალაქის წერილი მიდის.

შეერთებული შტატების მოსახლეობის 80 პროცენტი ქრისტიანულ აღმსარებლობას მისდევს. ამიტომაც იქცა ქრისტეშობის დღესასწაული ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზეიმო დღედ.

ჯანის კროუსი ორგანიზაცია "ამერიკელ ქალთა პრობლემების" პრესცენტრიდანაა:

„ყველა ამერიკელი აღნიშნავს დღესასწაულს საკუთარი აღმსარებლობიდან გამომდინარე. რატომ უნდა უარვყოთ ქრისტეშობის დღესასწაული და მის გამომხატველ სიმბოლოს სახელი შევუცვალოთ. ეს მრავალფეროვნება გამოარჩევს ამერიკელებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებიდან.“

ერიკა სიმონსი ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში რელიგიის საკითხების მკვლევარია. მისი თქმით, შობის ნაძვის ხის ირგვლივ ატეხილი დებატები ეკლესიისა და სახელმწიფოს გათიშულობაზე მიუთითებს, რაც პირველ რიგში ამერიკის კანონმდებლობას მიესადაგება.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ამერიკულ საზოგადოებას რელიგიას ართმევს ან შობის დღესასწაულის აღნიშვნას უშლის. ამერიკაში საშობაო ხე და მისდამი დამოკიდებულება მთავრობასთან არ უნდა ასოცირდებოდეს.“

ქრისტეშობა შეერთებულ შტატებში ფედერალურ დღესასწაულად ითვლება. ამერიკის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ შობის ნაძვის ხე ქვეყანაში ზამთრის სეზონის სიმბოლოა და არა სპეციფიკური რელიგიის დღესასწაულის გამომხატველი ატრიბუტი. ამიტომაც, შეერთებული შტატების ნებისმიერ კუთხეში, ქალაქსა თუ სოფელში საჯაროდ ლამაზად მორთული ნაძვის ხის დადგმა კანონიერ ქმედებად ითვლება. თუმცა დებატები სადღესასწაულო ნაძვის ხისა და ქრისტეშობის გაიგივებასთან დაკავშირებით, ამერიკაში დღემდე მაინც არ წყდება.

ამასობაში კი, ამერიკაში საშობაო განწყობა მატულობს. ყველა მოედანს, ქუჩასა და მაღაზიას შობის განათებული ხეები ამშვენებს. ამერიკელები კი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის საშობაოდ საჩუქრებს იძენენ.

XS
SM
MD
LG