ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა


ცხინვალი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა

სამხრეთ ოსეთის ორასამდე მოქალაქემ განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა საპასპორტო–სავიზო სამსახურის უფროსს მარგიევს,

ცხინვალში კვლავ მღელვარებაა. ადგილობრივი საზოგადოება ორი ალტერნატივის წინაშეა: გაგრძელდება კოკოითის რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებს ბიბილოვი, თუ ჩანაცვლდება იგი ახალი რეჟიმით. პოლიტოლოგები საქართველოში ამბობენ, რომ კოკოითის ხელისუფლება ოპოზიციას არსებობის საშუალებას ცხინვალში ფიზიკურად არ აძლევს. ოპოზიციად ცხინვალში ითვლება ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც კოკითის ხელისუფლების მხარდამჭერად არ მოიაზრება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ვექტორებს, ამ კუთხით ცვლილება შეხედულებებში არ განიხილება. ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც პრეტენზიას განაცხადებს დე–ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაზე, ავტომატურად, უპირობოდ აღიარებს რუსეთის ფედერაციის დომინანტ და შეუცვლელ როლს ცხინვალისთვის. ამდენად, საქმე მხოლოდ შიდა, ლოკალურ ცვლილებებს ეხება.

რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი ჯამბოლათ თადეევი რამდენიმე დღეა სახლიდან ვერ გამოდის. ღია დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ცხინვალის ცეესკოში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება სცადა. „მე იქ ვიყავი ორ დელეგატთან ერთად, მოულოდნელად გამოცხადდა პროკურორი, რომელსაც სამი დღის წინ ვაჟი შეეძინა და ნასვამი იყო. მე ხელი მკრეს. ის ყვიროდა: არ მისცეთ დარეგისტრირების საშუალებაო. მე არ მეშინია იმის, რომ სახლიდან გამოსვლის შეთხვევაში დამაპატიმრებენ, მე ვიცი, რომ ეს კი არ მოხდება, არამედ, ცხინვალს დამატოვებინებენ საერთოდ,“– აცხადებს თედეევი ერთ–ერთი ინტერვიუში.

თედეევის მიერ ორგანიზებული მოძრაობის ვერგვერდზე დღეს გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ „ნაციონალური წინააღმდეგობის ფრონტს“ სამხრეთ ოსეთის კომუნისტური პარტია უერთდება. „ცოტა ხნის წინ დასრულდა თედეევის შეხვედრა სამხრეთ ოსეთის კომპარტიის ლიდერთან ასიათ კოკოევთან და ფრაქციის მდივანთან ვენერა გაგლოევასთან, სადაც მათ განაცხადეს „ეროვნული წინააღმდეგობის რიგებში გაწევრიანების შესახებ.

სამხრეთ ოსეთის ორასამდე მოქალაქემ კი განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა საპასპორტო–სავიზო სამსახურის უფროსს მარგიევს, სადაც მათ მოითხოვეს გარკვევა იმისა,თუ როგორ გაიცემა რუსეთის ფედერაციის პასპოტრები, ასევე როგორ იღებენ ჩრდილო ოსეთის მცხოვრებლები და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის განკუთვნილ პასპოტრებს. „ჩვენ, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, შეშფოთებულნი სამშობლოს ბედით, მხედველობაში ვიღებთ რა 13 ნოემბრის არჩევნების მნიშვნელობას და ვშიშობთ რა რომ მისი შედეგები შეიძლება ფალსიფიცირებული იყოს, მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში გვაცნობოთ პასუხი,“– აღნიშნულია განცხადებაში.

გავრცელდა ასევე განცხადებაც, რომლითაც დავით სანაკოევს, დე–ფაქტო ადამიანის უფლებათა დამცველს მიმართეს. „დღეს სამოქალაქო დაპირისპირების მერვე დღეა სამხრეთ ოსეთში. ადგილი აქვს მასიურ პატიმრობებს, იდევნებიან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები და ადგილი აქვს მუქარას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ხელისუფლებას აღარ შეუძლია სიტუაცია დაასტაბილუროს, ამ ყველაფერმა შეიძლება მიგვიყვანოს პოლიტიკურ კრიზისამდე და არჩევნების ჩაშლამდე... ირღვევა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა უფლებები და თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ რეაგირება. თქვენი უმოქმედობა შეიძლება შეფასდეს, როგორც არა მხოლოდ სიმხდალე, არამედ, დანაშაულიც. მოგიწოდებთ, სწორედ შეაფასოთ ხელისუფლების ქმედებები ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით,“– ნათქვამია მიმართვაში.

ჩრდილო ოსეთში გაიმართა თედეევის მხარდამჭერთა მიტინგიც. „სიტუაცია ძალიან რთულია. ადამიანები უბრალოდ არ მიდიან სახლში, ვინც თედეევს უჭერს მხარს. ისინი ძალინ ბევრი არიან. ცხინვალში არავის არ უშვებენ. მისი მხარდამჭერები უფრო და უფრო ბევრნი იქნებიან. გუშინ ომონმა შეტევაზე უარი განაცხადა, რადგან ვრცელდება ხმები, რომ ისინიც მხარს გვიჭერენ“.

„იჭერენ ხალხს, ქალებს, მოხუცებს. ამ აქციებს იმიტომ ვაწყობთ, რომ ყურადღება მივიქციოთ“.„

რაც იქ ხდება, უბრალოდ კატასტროფაა. კიდევ ერთხელ აჩვენა კოკოითმა, რომ იქ არანაირი დემოკრატია არ არსებობს. სინამდვილეში, ადამიანებს ჭირდებოდათ მხოლოდ ბიძგი იმისთვის, რომ საკუთარი აღშფოთება გამოეხატათ. მე ვიყავი ცხინვალში, ხალხს უბრალოდ წყალი არ ქონდა, როგორ შეიძლება ასე ცხოვრობა.“

„ მე თიბილოვი რობერტის მეუღლე ვარ. ჩემი ქმარიც დაჭერილია, არ ვიცი, რის გამო. ტელევიზიით თქვეს, რომ ადრე იყო ნასამართლევი, რაც ტყუილია.“

– ამბობდნენ მიტინგზე.

დღეს მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან უკვე აღდგენილია.

გაჩნდა მიმართვაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მისამართითაც, რომელსაც ხელს ვოლგოგრადის ოსური დიასპორის წამომადგენლები აწერენ. ისინი ხაზსგასმით აღნიშნავენ მედვედევის ღვაწლს 2008 წლის ომის დროს და სთხოვენ მას, არ დაუშვას სამოქალაქო ომი ცხინვალში და დასვას დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან. ამგვარი მიმართვა, რასაც „ნაციონალური წინააღმდეგობის“ საიტი აქვეყნებს ერთადერთი არაა პრეზიდენტ მედვიდევის მიმართ.

XS
SM
MD
LG