ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ერს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს


ბარაკ ობამა ერს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
ბარაკ ობამა ერს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

წარმომადგენელთა პალატაში შესულ ამერიკის პრეზიდენტს დარბაზში ბევრი ახალი სახე შეეგება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ყოველწლიურ მიმართვაში ამერიკელებს ინოვაციებისა და კონკურენტუნარიანობისკენ მოუწოდა.

წარმომადგენელთა პალატაში შესულ ამერიკის პრეზიდენტს დარბაზში ბევრი ახალი სახე შეეგება. ამის მიზეზი კი რესპუბლიკელთა არჩვენებში გამარჯვება გახდა რომელსაც პრეზიდენტმა თავის დროზე „სამარცხვინო წაგება“ უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელების უმრავლესობა აკონტროლებს, დარბაზში ორივე პარტიის წარმომადგენლები გვერდიგვერდ ისხდნენ. ეს სიმბოლური ჟესტი კანონმდებლებმა კონგრესის წევრზე გაბრიელ გიფორდზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ობამას შარშანდელი მიმართვის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდად არაფერი შეცვლილა. ერთადერთი უმნიშვნელო სხვაობა, რითაც გასული წელი წინამორბედისგან გამოირჩეოდა - უმუშევრობის ნული მთელი ექვსი მეათედი პროცენტით შემცირება გახლდათ. უკეთესი მომავლისკენ წახალისების მიზნით, ბარაკ ობამამ საკუთარ მიმართვაში ამერიკელი ხალხის თვალწინ ისტორიული მომენტების ხატოვანი პერეფრაზირება სცადა:

„ჩვენ დღევანდელი მდგომარეობა რუსული თანამგზავრის გაშვების მომენტს წააგავს“

ამით, პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს ათეული წლების წინ რუსების მიერ კოსმოსში თანამგზავრის გაშვება გაახსენა. მაშინ რუსები პირველები იყვნენ, ვინც კოსმოსში ადამიანი გაუშვა, თუმცა მალე ამერიკელებმა ეს პირველობა იმით დაჩრდილეს, რომ ამერიკელი ასტორნავტები მთვარეზე დასვეს.

დღეს პრეზიდენტი ობამას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ეპოქალური გამოწვევების წინაშე დგას. ამ გამოწვევებს კი ბიოსამედიცინო კვლევების განვითარება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დახვეწა და სუფთა ენერგიის მოპოვება წარმოადგენს:

„ ინოვაციებით, განათლებითა და გარდაქმნებით სხვა ქვეყნებს უნდა გავუსწროთ" - განაცხადა პრეზიდენტმა.

პირველი ნაბიჯები , რაც პრეზიდენტ ობამას აზრით ამერიკის მთავრობამ უნდა გადადგას, ნავთობის გიგანტური კომაპნიებისთვის სამთავრობო სუბსიდიების შეწყვეტაა :

„მინდა კონგრესს ვკითხო, რატომ უნდა მოხმარდეს გადასახადებიდან შემოსული მილიონობით დოლარი ნავთობკომპანიებს?"

ამიტომაც, პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს მოუწოდა არათავდაცვით სფეროებზე გათვლილი სახელმწიფო დახმარებები გაყინოს და ამით ბიუჯეტში 400 მილიარდი დოლარი დაზოგოს.

პრეზიდენტმა ობამამ საგარეო პოლიტიკის ერთერთ მთავარ ამოცანად, ერაყში ომის საბოლოო დასრულება და ამერიკელი ჯარისიკაცების ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნება დასახა. ტერორისტებს კი ობამამ რიტორიკული სიტყვებით მიმართა:

„ჩვენ არ დაგნებდებით, ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ აუცილებლად დაგამარცხებთ’’

პრეზიდენტი ობამა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ასევე შეეხო სუდანში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებს და ტუნისში მართველობის შეცვლაში სახალხო პროტესტის როლს:

„ტუნისში მოსახლეობა დიქტატორს წინ აღუდგა და საკუთარი ერთიანობით თავისუფლებისდამი სწრაფვა გამოხატა“

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტ ობამას ყოველწლიურ ანგარიშს დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები არაერთგვაროვნად აფასებენ:

„პრეზიდენტის გამოსვლა ამერიკელების აღშფოთებას იწვევს“ - აღნიშნავს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯიმ მაკდერმოტი.

რესპუბლიკელი სტივენ კინგისთვის პრეზიდენტის გამოსვლა აბსოულუტურად მიუღებელია:

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ეკონომიკური გამოცოცხლების მთავარ იარაღად თანხების შეკვეცას მიიჩნევს.“

პოლიტიკური ანალიტიკოსი ჯონ ფორტიერი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ობამა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თადარიგს იჭერს:

„პრეზიდენტი ცდილობს ორად გაყოფილ მართველ ძალებთან შუალედური პოზიცია დაიკავოს. შესაძლოა ეს მხარეებს დიდად არც აწყობთ, მაგრამ ამით პრეზიდენტი სამომავლო არჩევნებისთვის ემზადება“

გუშინ პრეზიდენტ ობამას გამოსვლის დროს, კონგრესის დარბაზში რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლებიერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ. შესაძლოა ამიტომაც, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიებს შორის დებატები დამაკმაყოფილებელია. მაგრამ ზუსტად არავინ იცის, შეძლებენ თუ არა დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები მომავალშიც ითანამშრომლონ.

XS
SM
MD
LG