ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრემიერ მინისტრი ისრაელს ადანაშაულებს


თურქეთის პრემიერ მინისტრი ისრაელს ადანაშაულებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა. ამავე დროს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ბატონი ერდოღანი და კვიპროსის პრეზიდენტი დემიტრის ქრისტოფიასი ხმელთაშუაზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვების გამო დაეჯახნენ ერთმანეთს.

იყო დრო როდესაც თურქეთ-ისრაელის მეგობრობას არაფერი ემუქრებიდა, სანამ ისრაელის კომანდოსებმა ღაზას ბლოკადის გასარღვევად მიმავალ თურქეთის ხომალდზე რეიდი არ მოაწყვეს.

განხეთქილებამ კიდევ ერთხელ იჩინა თავი გაეროში, როდესაც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ისრაელისგან ცხრა თურქის მკვლელობის გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვა და ნეთანიაჰუს მთავრობა პალესტინელთა დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

თურქეთის ლიდერმა ისრაელს გაეროს რეზოლუციების სისტემატიური დარღვევა დადო ბრალად და პალესტინის პრობლემის მოსაგვარებლად ამ ქვეყანაზე ზეწოლისკენ მოუწოდა მსოფლიოს, რათა მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ მოშუშდეს ეს სისხლიანი ჭრილობა. ბატონი ერდოღანის განცხადებით:

“თუ საერთაშორისო საზოგადოება მშვიდობას და უსაფრთხოებას გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებად აღიარებს, მაშინ აუცილებელია ისრაელზე ზეწოლა, რათა ამ ქვეყნის მმართველებმა იცოდნენ, რომ ისინი არ დგანან კანონზე მაღლა.“

რეჯებ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის მიერ განხორციელებულმა რეიდმა თურქეთის და ისრაელის მეგობრობას დიდი დარტყმა მიაყენა, ამიტომ საჭიროა ისრაელმა ბოდიში მოიხადოს, კომპენსაცია გადაუხადოს დაღუპულთა ოჯახებს და მოხსნას ღაზას სექტორის ბლოკადა.

თურქეთის პრემეირ-მინისტრმა ასევე გააფრთხილა კვიპროსის ხელისუფლება, დაანებოს თავი ხმელთაშუა ზღვის წყლებში ჭაბურღილების აშენებაზე ოცნებებს.

თურქეთი ნიქოსიაში მყოფ ბერძენი კიპრიოტების მთავრობას მოუწოდებს მხოლოდ კვიპროსის თურქულ ანკლავთან პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ იფიქროს ამგვარ გეგმებზე. ბატონი ერდოღანის განცხადებით:

“ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ბერძენი კიპრიოტების ადმინისტრაციამ შეაჩეროს ეს აქტიურობა, წინააღმდეგ შემთხევაში სიტუაცია დაიძაბება არა მარტო კვიპროსზე, არამედ მთელს რეგიონში და თურქეთი იძულებული გახდება მიიღოს შესაბამისი ზომები.“

თავის მხრივ გაეროში გამოსვლისას, კვიპროსის პრეზიდენტმა დემიტრის ქრისტოფიასმა განაცხადა, რომ მოპოვებული ბუნებრივი აირი თანაბრად განაწილდება კუნძულის ბერძენ და თურქ მოსახლეობას შორის, ამავე დროს გაგრძელდება მოლაპარაკებები კვიპროსის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.

ბატონი ქრისტოფიასის განცხადებით:

“ სამწუხაროდ კვიპროსის რესპუბლიკის სუვერენულმა უფლებამ ბუნებრივი წიაღისეულის ათვისების შესახებ თურქეთის მუქარა გამოიწვია. კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მანევრებმა მთელი რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხე შექმნა.“

კვიპროსის პრეზიდენტის განცხადების თანახმად, ნიქოსია კვლავაც გააგრძელებს გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებას კვირპოსის პრობლემის მოგვარების მიზნით.

XS
SM
MD
LG