ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარჯნის რიფებს საფრთხე აღარ ემუქრებათ


მარჯნის რიფებს საფრთხე აღარ ემუქრებათ

მეცნიერები მარჯნის რიფებს ოკეანის ჯუნგლებს უწოდებენ.

რამდენიმე ათეული წელია, რაც მარჯნის რიფები თანდათან უფერულდება და იღუპება. მეცნიერები ეროვნული ოკეანის და ატმოსფეროს სამმართველოდან ფიქრობენ, რომ წელს ეს პროცესი დროებით შეჩერდება.

ოკეანოლოგებს და გარემოს დამცველებს მიაჩნიათ, რომ ოკეანის წყლის შედარებით ცივი ტემპერატურის გამო წელს მარჯნის რიფების გაუფერულება მსოფლიოს ყველა კუთხეში შენელდება. გვესაუბრება მარკ იეკინი, რომელიც ოკეანის და ატმოსფეროს სამმართველოში მარჯნის რიფებზე დაკვირვებას ხელმძღვანელობს.

„რასაც ახლა უყურებთ კომპიუტერის ეკრანზე, არის დედამიწის ის რეგიონები, სადაც ამ ზაფხულს მთავარ თერმულ სტრესს ველოდებით. ის წელს ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე გასული რამდენიმე წლის განმავლობაში“ - ამბობს ის.

მარჯნის რიფების დაღუპვაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის მნიშვნელოვანია წყალში ისეთი ქიმიკატების მოჭარბება, როგორიცაა პესტიციდები და სხვა დამაბინძურებული აგენტები, რომლებიც ოკეანეში მიწიდან მდინარეების მეშვეობით ჩაირეცხება. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც კლიმატური ცვლილებები და ოკეანის წყლის ტემპერატურის მატებაა, რომელიც უშუალოდ მოქმედებს მარჯნის რიფებზე. მეცნიერების აზრით ოკეანეში ტემპერატურის ზრდას ატმოსფეროში თბილი აირების და მათ შორის კარბონის დიოქსიდის კონცენტრირება იწვევს.

მარკ იეკინი მარჯნის რიფების დაღუპვის პროცესს ასე გვიხსნის: რიფები კარგავენ მიკროსკოპული ზომის ელემენტებს, რომლებიც მათში ცხოვრობს და პრაქტიკულად მათ ფერს აძლევს. დაღუპვის პირველი ეტაპი გაუფერულებაა, შემდეგ კი დაღუპვა და წყალმცენარეებით დაფარვა.

მარჯნის რიფები მსოფლიოს მთელ რიგ რეგიონებში თანდათან გათეთრდა. ძალიან იშვიათად რამდენიმე მონაკვეთში მათ ფერი დაუბრუნდა და ისინი გადარჩნენ. ეს გათეთრება ჯერ ტაილანდში, შემდეგ კი მასიურად მთელს მსოფლიოში დაფიქსირდა. 2005 წელს კარიბის ზღვის აუზში მარჯნის რიფების 90 პროცენტი გაუფერულდა და შემდეგ მათი 60 პროცენტი დაიღუპა.

შარშან რამდენიმე ათეული გარემოს დაცვის ორგანიზაციის ინიციატივით გამოიცა სპეციალური სამეცნიერო კვლევა „რიფები რისკის ქვეშ“, რომელშიც ეს პროცესი დეტალურად არის აღწერილი. გამოცემაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს მარჯნის რიფების 75 პროცენტი დაღუპვის რისკის ქვეშაა. თუკი საერთაშორისო საზოგადოება არაფერს იღონებს, 2030 წლისთვის ეს ციფრი 90 პროცენტამდე ავა და 40 წელიწადში რიფები სრულად განადგურდება.

მეცნიერები მარჯნის რიფებს ოკეანის ჯუნგლებს უწოდებენ. წყლის ეს მგრძნობიარე ეკოსისტემა სილამაზის გარდა სანაპიროების დაცვის ფუნქციასაც ასრულებდა. თევზებისთვის საბინადრო და ეკოტურიზმისთვის მნიშვნელოვანი სანახაობა თუ მართლა გადაშენდა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად 375 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალში აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG